in

დავით გოგიჩაიშვილი – #პირველისამსახური

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც ერთდროულად, ორ ადგილას დავიწყე მუშაობა. ერთი იყო ჩემი სპეციალობით (საბანკო-საფინანსო), ბანკ “კრწანისში”, სადაც მოვხვდი უნივერსიტეტიდან, ჯერ ერთთვიან სტაჟირებაზე, შემდეგ საერთაშორისო განყოფილების სპეციალისტი გავხდი. ამ დროს უკვე ეროვნულ ბანკში მიწევდა სიარული და ვალუტით ვაჭრობა. მახსოვს, საფონდო ბირჟაზე რომ ვიყავი პირველად, ბანკის სახელით, დოლარი უნდა შემეძინა. კურსი ვიცოდით წინასწარ და განაცხადიც გვქონდა გაკეთებული, რამდენი უნდა გვეყიდა. მოულოდნელად, გამოაცხადეს, რომ დოლარის კურსი შეიცვალა. ეს ძალიან ფორმალური საკითხი იყო, თუმცა, ახალბედა ვიყავი და რაკი მაშინ არ იყო სწრაფი კომუნიკაციის საშუალება, ვაჭრობაზე უარი ვთქვი იმის შიშით, რომ რამე არ გამეფუჭებინა. ეს ნიშნავდა, რომ იმ დღეს ბანკი ვალუტის შეძენის გარეშე დარჩებოდა, თუმცა, თანამშრომლების კეთილგანწყობითა და დახმარებით, ეს სირთულეც გადაილახა.

ბანკის პარალელურად, მუშაობა დავიწყე რადიო 105-ში. ვაკანსიის განცხადება რადიოშივე მოვისმინე, ზურა მაჭარაძემ და შალვა რამიშვილმა დამიბარეს , ვისაუბრეთ და ამიყვანეს. პარალელურად ვუთავსებდი სწავლასაც. ბანკში, დაახლოებით, ერთი წელი გავატარე, შემდეგ არჩევანის გაკეთება მომიწია. რადიო ავირჩიე. ეს გადაწყვეტილება ყველას გაუკვირდა, რადგან ბანკი უფრო სოლიდურ სამსახურად ითვლებოდა და მეტსაც მიხდიდნენ. რადიო 105 კი დღემდე საამაყო გამოცდილებაა ჩემთვის. რამდენი წელი გავიდა და დღესაც იხსენებენ ხოლმე იმ პერიოდს. ამას წინათ, ჩემს მეგობართან და კოლეგასთან მქონდა შეხვედრა რედისონში. როდესაც წასვლა დავაპირეთ, ოფიციანტს დავუძახე ანგარიშისთვის. წავიდა, რამდენიმე წუთში დაბრუნდა და მეუბნება, ბ-ნო დავით, მე მახსოვს, თქვენ რომ რადიო 105-ში მუშაობდით, რა დრო იყო, შუქი არ იყო, წყალი არ იყო. დასატენი რადიო კაკლის ხეზე მქონდა ჩამოკიდებული და სულ თქვენ გისმენდით, ახლა მადლიერების გამოხატვის საშუალება მომეცა და ფულს როგორ გადაგახდევინებთ, დაპატიჟებული ხართო. ძალიან ემოციური მომენტი იყო. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ბანკი ფინანსურად უფრო გამართლებული სამსახური იყო იმ დროისთვის, 105-მა ინტელექტუალური საზრდო მომცა.

დავით გოგიჩაიშვილი – სატრენინგო კურსის “ადამიანების მენეჯმენტი” ავტორი და კონსულტანტი ორგანიზაციული კულტურის ფორმირებისა და მოტივაციის მიმართულებით.

Wingo.ge – ინტელექტუალური გათამაშებების ქართული პლატფორმა და მარკეტინგული არხი კომპანიებისთვის

ტექნო მუსიკის ინოვატორი Derrick May თბილისში – რა ხდებოდა VEON-ის ღონისძიებაზე?