კომერცია, მარკეტინგი, გაყიდვები, ბრენდინგი და ბრენდის განვითარება, კომუნიკაციები, — დავით გოგინაშვილის 25-წლიანი საქმიანობა სხვადასხვა სექტორს და მრავალფეროვან გამოცდილებას აერთიანებს. ამბობს, რომ გამოწვევებთან გამკლავების გარეშე პროფესიული ზრდა წარმოუდგენელია, სიახლეებისკენ სწრაფვა კი განვითარებას უწყვეტ პროცესად აქცევს. სწორედ დაგროვილი ცოდნა და საქმისადმი დამოკიდებულება გახდა მიზეზი, საკუთარი საკონსულტაციო კომპანია შეექმნა. გამბედაობისათვის ზურგს მეოთხედი საუკუნის გამოცდილება უმყარებდა.
კომპანია Consult Hub ქართულ ბაზარზე სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და მომხმარებელს მარკეტინგული თუ საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება, გეგმავს ღონისძიებებს, უწევს კონსულტაციას ბიზნესის განსავითარებლად. თუმცა როგორც დამფუძნებელი ამბობს, Consult Hub მხოლოდ სერვისი არ არის, ეს მისი პროფესიული ისტორიის გაგრძელებაა, რომელიც სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება:
- ბრენდი არა ლოგოთი, არამედ უწყვეტი, თანმიმდევრული პროცესებით იქმნება.
- სტრატეგია არ არის მხოლოდ დოკუმენტი, არამედ მოქმედებაა.
- წარმატება ყოველთვის სწორი კითხვების დასმით იწყება.
კითხვაზე, რატომ Consult Hub, დავით გოგინაშვილის პასუხი ასეთია: „25 წელზე მეტი სხვადასხვა პოზიციაზე გავატარე და არაერთი მიმართულებით დავაგროვე ცოდნა. დადგა დრო და, ვფიქრობ, უკვე შემიძლია ეს გამოცდილება სხვა ბიზნესებსაც გავუზიარო. განვლილი გზა უფრო მეტის გაკეთების საშუალებას მაძლევდა, ვიდრე ერთ კომპანიაში საქმიანობა ან თუნდაც პოზიციური ცვლილებაა.
მინდოდა, დამეარსებინა კომპანია, რომელიც ბაზარზე, არა მორიგი სააგენტო, არამედ პარტნიორია, რომელიც მომხმარებელთან თანამშომლობას გრძელვადიანად განიხილავს და საერთო ღირებულებებს ეყრდნობა. სამუშაო პროცესი კი მარტივია, — პროფესიონალიზმი, მაღალი სტანდარტები და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ერთ მთლიან სისტემად იქცევა“.

კომპანია დღეისათვის ოთხ ძირითად მიმართულებას ფარავს:
მარკეტინგული სტრატეგიები — ბრენდის პოზიციონირება, კონკურენტული უპირატესობები, კომუნიკაციის არქიტექტურა. არამარტო კრეატივი, არამედ რეალური გეგმა, რომელიც მუშაობს.
სტრატეგიული კომუნიკაცია — PR, რეპუტაციული მართვა, კრიზისების კომუნიკაცია.
ივენთ მენეჯმენტი — კონცეფციიდან სრულ ორგანიზებამდე – ისეთი მიდგომით, სადაც თითოეული დეტალი ბრენდის სტრატეგიაზეა მორგებული და არა, უბრალოდ ღონისძიების ჩატარებაზე.
ბიზნესგანვითარება — ახალი შესაძლებლობების მოძიება, გაყიდვებისთვის წინაპირობების შექმნა, პარტნიორობები, ბაზრის გაფართოება.
„ხარისხი დეტალებშია“ — ეს ფრაზა ჩემთვის უბრალოდ სლოგანი არ არის. ეს არის ჩემი სამუშაო პრინციპი, გამოცდილება და შედეგების მიღწევის გზა, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში თან დამყვებოდა. ჩემმა გამოცდილებამაც ნათლად მაჩვენა და დამარწმუნა, რომ მაღალი სტანდარტის შეთავაზება მხოლოდ იმ ბიზნესს შეუძლია, რომელიც დეტალებს სერიოზულად უყურებს.
სწორედ ამიტომ, არასოდეს ვყოფილვარ მხოლოდ „მარკეტინგის კაცი“ ან „მხოლოდ კომუნიკაციების „ექსპერტი“. საქმეს ფართო ჭრილში ვუყურებდი, დიდ სურათში, სადაც თითოეული ნიუანსი თანაბრად მნიშვნელოვანია — სტრატეგიიდან ოპერაციამდე, მომხმარებლიდან პროდუქტამდე“, — ამბობს დავით გოგინაშვილი.
მომხმარებელთან კავშირზე გასვლა კომპანიამ მალევე შეძლო. ამჟამად Consult Hub 10-მდე კომპანიასთან თანამშრომლობს, სხვადასხვა ტიპის მომსახურებას უწევს და ახალი კავშირების დამყარებას ცდილობს.
გუნდი ჯერ პატარაა, თუმცა ენთუზიაზმია დიდი. თითოეულმა წევრმა კარგად იცის, რომ ყოველი ბიზნესი განსხვავებულია, საკუთარი ისტორია აქვს და მიდგომაც სწორედ ასეთი უნდა იყოს — ინდივიდუალური, კონკრეტულ საქმიანობაზე კონცენტრირებული და მასზე მორგებული.
„შედეგს არ ქმნის მხოლოდ გამოცდილება, მთავარი დამოკიდებულებაა, რომელიც ამ გამოცდილებას მართავს. დღეს ჩვენი მთავარი მიზანია, ვიმუშაოთ ისე, რომ თითოეულ პროექტში იგრძნობოდეს მაღალი პასუხისმგებლობა, დეტალების სიზუსტე და დისციპლინა, რომელიც სტრატეგიას ქმედებად აქცევს. სწორედ ამ ფასეულობების გამო მივედი კონსულტაციებამდე და ამავე პრინციპებით ვიზიარებ ყველაფერს, რასაც მე და ჩემი გუნდი ჩვენს მომხმარებელთან ერთად ვქნით“, — კომპანია Consult Hub-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი — დავით გოგინაშვილი.
[R]












