in

“ბოლო ორ წელში ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.. – შეიცვალა უკეთესობისკენ!” – აფხაზეთიდან ჩამოსული ბიჭის ამბავი

დავით გურგენიძე 19 წლის სტუდენტია, რომელიც აფხაზეთიდან თბილისში 2 წლის წინ ჩამოვიდა – მაშინ, როცა სწავლა სან დიეგოს უნივერსიტეტში დაიწყო. ეს არის ბიჭი, რომელსაც ოცნებებით სავსე ბავშვობა ჰქონდა და რომელიც თითქმის უხალხო სოფელში გაიზარდა. მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე აფხაზეთში ცხოვრებამ ძალიან დიდი გავლენა იქონია. დაწყებითი კლასები მან კოხორის მეორე საშუალო სკოლაში ისწავლა, შემდეგ კი სწავლა გალის საშუალო სკოლაში გააგრძელა. სასკოლო განათლების მიღების პირველ წლებში სკოლაში სიარული სახლიდან 5 კილომეტრის დაშორებით უწევდა, თითქმის ორ საათს ან სამ საათს მხოლოდ გზაში ატარებდა – ეს ერთ-ერთი ყველაზე პირველი და დიდი სირთულე იყო მისი ცხოვრების გზაზე.

“ღრმა ბავშვობაში რთული იყო არ გეფიქრა ნათელ , მშვიდ და ხალისიან მომავალზე, რადგან ირვლივ სულ ნანგრევები და ნასახლარებიღა იყო. არც მეგობრები მყავდა სოფელში, რადგან იქ უბრალოდ ბავშვები არ იყვნენ. ერთადერთი მეგობარი, რომელთანაც შემეძლო, დრო გამეტარებინა და მეთამაშა, ჩემი ძაღლი იყო. შემდგომში ბავშვობის სურვილი, მეცხოვრა უკეთეს მომავალში, თანდათანობით გახდა ჩემი მიზანი, და ამ მიზნის მისაღწევად გარდაუვალი იყო ცვლილებები. მეც ასე მოვიქეცი, ცვლილებების განხორციელება საკუთარი თავიდან დავიწყე. ვცდილობ და სულ ვცდილობდი, ყველაფერში მომესინჯა საკუთარი თავი – ამისათვის ძალებს არ ვიშურებდი, იქნებოდა ეს სწავლა, სპორტი, ფიზიკური მუშაობა თუ სხვა. ამ ყველაფერს იმისათვის ვაკეთებდი, რომ ჩემს თავში ძალა მეპოვა, ძალა, რომელიც მომცემდა საშუალებას, ჩემ გარშემო არსებული რეალობა შემეცვალა და ამ ცვლილებებს ჩემთვის ბედნიერება უნდა მოეტანა.”

M: როგორი იყო ადაპტირების პროცესი, როცა აფხაზეთიდან თბილისში ჩამოხვედი?

თბილისთან ადაპტირება არ გამჭირვებია, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვი უნივერსიტეტზე. მე დავამთავრე რუსული სკოლა, და ამერიკული უნივერსიტეტისთვის და ამერიკული სისტემისთვის ფეხის აწყობა ძალიან გამიჭირდა. იქ თუ წელიწადში ვაბარებდი ოთხ გამოცდას, აქ ყოველთვიურად მიწევდა ხუთი გამოცდის ჩაბარება და ამის გამო თავიდან საკმაოდ დიდი სტრესიც მივიღე, რადგან ძალიან დიდი იყო იმის შანსი, რომ ვერ გადამელახა საგამოცდო ბარიერები. ამ ვერგადალახული ბარიერის მიღმა რჩებოდა ჩემი და ჩემი ოჯახის მთელი შრომა, რაც ჩემს აქამდე მოსასვლელად გავწიეთ. დარჩებოდა უამრავი იმედგაცრუება, დახარჯული დრო, და კიდევ ბევრი სხვა რამ.. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, შევძელი, ყველა ბარიერი გადამელახა, თან საკმაოდ წარმატებით, და პირველივე კურსზე გავხდი სტიპენდიატი.

M: რა მიმართულებით გააგრძელე სწავლა და რატომ ეს მიმართულება?

როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის მივისწრაფოდი ცვლილებებისკენ. აღმოვაჩინე პროფესია, რომელიც მომცემდა საშუალებას, შემეცვალა ის, რაც არ მომწონდა ჩემ ირგვლივ (ვგულისხმობ ნანგრევებს და ნასახლარებს) უმოკლეს ვადაში – ეს იყო ინჟინერია.

M: აღმოჩნდა, რომ შენი სწავლის საფასური სრულად დააფინანსა ერთმა ადამიანმა.. როცა ეს ამბავი გაიგე, რა შეგრძნება დაგეუფლა?

პირველი შეგრძნება, რომელიც დამეუფლა, იყო დიდი სიხარული, რადგან დაფინანსების გარეშე, მე სან დიეგოს უნივერსიტეტში ვერ ვისწავლიდი. მანამდე შევიტყე, რომ იყო დაფინანსების საშუალება, თუმცა – მხოლოდ ორი ბავშვის. ეს ჩემს შანსებს საკმაოდ ამცირებდა, რადგან კონკურენცია დიდი იყო. მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მე შევძელი ყველა ბარიერის გადალახვა და დაფინანსების მოპოვება. მოგვიანებით შევიტყე, რომ არა რომელიმე ორგანიზაცია იყო ჩემი დამფინანსებელი, არამედ კერძო პირი, ბატონი არჩილ გაჩეჩილაძე. ამ ფაქტმა ცოტათი დაამძიმა ჩემი სიტუაცია, რადგან ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი.

M: რა როლი ითამაშა ამ ამბავმა შენს ცხოვრებაში? 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ჩემს ცხოვრებაში. რომ არა ბატონი არჩილი, მე ვერ შევძლებდი სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლას. ეს კი გაართულებდა და გააჭიანურებდა ჩემი მიზნებს მიღწევას. შედეგად, უფრო დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა და ამან საბოლოოდ გამიუქმა უკან დახევის საშუალება.

M: საბოლოო ჯამში, როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება ამ ორ წელში? 

ამ ორ წელიწადში ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და შეიცვალა უკეთესობისკენ. ბევრი ახალი რამ ვისწავლე, თუმცა კი, სულ, უფრო და უფრო, ვრწმუნდები, რომ ჯერ არაფერი არ ვიცი და შესაბამისად სულ, უფრო და უფრო, მიძლიერდება მეტის სწავლის სურვილი. მიზნებს ნელ-ნელა ვუახლოვდები და ვუყურებ ყველაფერს ოპტიმისტურად, თუნდაც იმასაც კი, რაც იმედის მომცემად არ ჩანს. მჯერა, რომ სწორ გზაზე ვარ და მჯერა, რომ ჩემს მიზნებს მივაღწევ.

ჩემი სოფელი: ადგილობრივი ავეჯის წარმოების დანერგვა ხულოში

რატომ სჭირდებათ ჰობი დაკავებულ ადამიანებს ყველაზე მეტად?