10
Sep
2018

საქმესთან ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ჰგავს – დავით მეზვრიშვილის #აზრები

10 Sep 2018

M2
M2


ადამიანი, ზოგჯერ, ადრეულ ბავშვობაშივე აღმოაჩენს საყვარელ საქმიანობას. ზოგს პატარაობიდანვე პიანინო უყვარს და მალევე „კარნეგი ჰოლის“ სცენაზე კონცერტს მართავს , ზოგს – მათემატიკა და მათ მიერ ახალგაზრდობაში აწყობილი შატლი ატმოსფეროს ცდება.

დავით მეზვრიშვილი – სააგენტო McCann Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი

დრო ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქონებაა და როდესაც 9 წლის ასაკში უკვე იპოვე შენი მისწრაფება, ეს ნიშნავს რომ საშუალო სტატისტიკურ, წარმატებულ ადამიანზე, მინიმუმ, 10-15 წლით მეტი დრო გაქვს იმისთვის, რომ შენს საქმეში საუკეთესო გახდე და მაქსიმალური სიამოვნება მიიღო ამისგან.

თუმცა, ადამიანების უმეტეს ნაწილს ასე არ უმართლებს. საყვარელი საქმის პოვნას ზოგი ათეულობით წელს ანდომებს.

ძიების პროცესი ბავშვობიდანვე იწყება და მისწრაფების აღმოჩენა, ალბათ, ბევრ, ჩვენგან დამოუკიდებელ მიზეზზეა დამოკიდებული. ცხოვრების ყველა მომენტს, თავისი გავლენა აქვს ადამიანის აზროვნების, გემოვნების და ინტერესების ჩამოყალიბების პროცესზე და ეს მომენტები წყვეტს იმას, თუ რას გავაკეთებთ ცხოვრებაში დიდი ენთუზიაზმით.

მაგალითად შეგვიძლია ძმები ვრაითების შემთხვევა მოვიყვანოთ, მათი ფრენისადმი გატაცება 8 წლის ასაკში, მამის მიერ საჩუქრად მოტანილი სათამაშო ვერტმფრენის პროტოტიპით დაიწყო და მალევე ძმებმა მსოფლიოში პირველი თვითმფრინავი ააგეს.

თანამედროვე სამყაროს რომ დავუბრუნდეთ და პროფესიის აღმოჩენის მეტნაკლებად სტანდარტული სიტუაცია განვიხილოთ, აკადემიური განათლების მიღების ნორმების მიხედვით ადამიანმა, 16-დან 18 წლამდე ასაკში უნდა აირჩიო პროფესია, რომლის შესასწავლად, მინიმუმ, 4 წელი უნდა გაატარო უნივერსიტეტში და როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა, შეიძლება კავშირგაბმულობის ფაკულტეტის პირველ კურსზე აღმოაჩინო, რომ ვთქვათ, რეკლამა უფრო გიზიდავს, ვიდრე ინჟინერია და უცებ, უნივერსიტეტი, რომელში მოსახვედრადაც ამდენი იწვალე, მეორე ხარისხოვანი ხდება. შემდეგ კი ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენთვის საინტერესო საქმეში მოხვდე.

სტუდენტობის დროს ასეთი ცვლილება ნაკლებად მტკივნეულია და გამართლებაა, ალბათ.

ხშირად, ადამიანები 10-15 ან მეტი წლის განმავლობაში ერთ სფეროში გულმოდგინედ შრომის შემდეგ იცვლიან თინეიჯერობის დროს არჩეულ პროფესიას. მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. მაგალითად, ისეთ მარტივი შემთხვევა როგორც გადაღლაა, ფიზიკური და მენტალური გადაღლა, რაც საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა სფეროში სხვა და სხვა დოზით მოქმედებს ადამიანზე.

როდესაც ასეთი შემთხვევა დგება, ადამიანი ყურადღებას არ აქცევ და მაინც ცდილობ ჩვეულ რიტმში გააკეთო საქმე, ნელ-ნელა უფრო მეტად იღლები და საქმეზეც გიცრუვდება გული. თუ ვერ აცნობიერებ რა ზემოქმედებს შენზე ნეგატიურად და რა მიზეზები იწვევენ შენს კონკრეტულ განწყობას თუ მდგომარეობას, მარტივია მოტყუვდე, ყველაფერი შენს არასწორ არჩევანს დააბრალო და გადაწყვიტო, რომ შენი პროფესია აღარ გიყვარს.

მგონია, რომ ხშირად ასეთ შემთხვევებში ადამიანებს ძალიან ცოტა აკლდებათ ცხოვრების და კარიერის შემდეგ, უკეთეს ეტაპზე გადასასვლელად.

ასე რომ არ დაგემართოს კარგად უნდა იცნობდე საკუთარ თავს და ასევე, საქმეს, რომელსაც აკეთებ. იცოდე, რა როგორ გავლენას ახდენს შენს პროდუქტიულობაზე, თუ ენთუზიაზმის დონეზე.

საქმესთან ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ჰგავს. ყველა საქმეს, როგორც ადამიანს, თავისი ხასიათი აქვს, მასაც სჭირდება გაცნობა. როგორც შენ, მასაც აქვს მოთხოვნები და რამდენადაც უნდა გიყვარდეს, ხანდახან უთანხმოება გამორიცხულია.

როდესაც საქმესთან მოგდის უთანხმოება, თუ გიყვარს, ისევე როგორც ადამიანთან, პირველივე პრობლემაზე არ უნდა გაწყვიტო ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, რომ არა ერთი ადამიანი, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, საქმისგან ისე დასტრესილა, რომ ლოგინიდან გადმოსვლა დაზარებია, ბევრს კი საქმიანობის სფერო რადიკალურად შეუცვლია ამ დაღლილობისგან.

მგონია, რომ სწორედ ის ადამიანები, ვინც ასეთ პრობლემურ პერიოდებს სწორად აანალიზებენ და უძლებენ, აღწევენ სიმაღლეებს თავიანთ მიმართულებაში, რადგან მჯერა, რომ არ არსებობს საქმე, გატაცება, რომელსაც თავს მიუძღვნი და რაღაც მომენტში შენგან მაქსიმუმს არ აიღებს, არ დაგღლის.

ეს ყველას შეიძლება დაემართოს. როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს. ასევე ისეთ ლეგენდას როგორიც, მაგალითად რემბრანტია, რომელზეც მსოფლიოს უმეტესობა თანხმდება, რომ „პროფესია“ სწორად აირჩია, თუმცა მენტალური თუ ფიზიკური გადაღლის შედეგად, ახალგაზრდობაშივე დიდი შემოქმედებითი კრიზისის წინაშე დადგა და ხატვას შეეშვა. თუმცა, შემდეგ მოახერხა და გადალახა ეს პერიოდი.

წარმატებას აღწევენ ადამიანები, რომლებიც ასეთ კრიტიკულ მომენტებს აბიჯებენ და იქიდან უფრო ძლიერები გამოდიან.

საყვარელი საქმეც, ალბათ, განსაკუთრებული ადამიანივითაა ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც შეიძლება, რაღაც მომენტში, გამოჩნდეს და ათეულობით წელი ან, თუნდაც, მთელი ცხოვრება შენთან ერთად გაატაროს.

განხილვა