Marketer-ის არქივი სავსეა წარმატებული ადამიანების ისტორიებით. ასევე, ჩვენ ხშირად გიყვებით საინტერესო ადამიანებზეც – უნიკალური იდეებით, ინოვაციური ხედვებითა და ცხოვრების სტილით…თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც არა მხოლოდ წარმატებულ კარიერას იქმნიან, არამედ მუდმივად იკვლევენ, ახალ გზებს ეძებენ, რთულ სიტუაციებში მოქნილი გადაწყვეტის მოფიქრებას ცდილობენ და თავიანთი წვლილი შეაქვთ ინდუსტრიის განვითარებაში. დღეს სწორედ ასეთი ადამიანის ისტორია მოგიმზადეთ და გვსურს, გაგაცნოთ ქართველი ექიმი-ნევროლოგი, დავით მრელაშვილი.
ცოტა რამ დავითის ბიოგრაფიაზე
დავით მრელაშვილი კახეთში, ქალაქ თელავში დაიბადა და გაიზარდა. სამედიცინო განათლების მიღება 2003 წელს დაასრულა. მოგეხსენებათ, ამ პერიოდის საქართველოში კარიერული წინსვლა მარტივ საქმეს არ წარმოადგენდა, ამიტომ დავითმა საზღვარგარეთ, კერძოდ, აშშ-ში წასვლა გადაწყვიტა. მართალია, უკვე მრავალი წელია, ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული ექიმია ამერიკაში, მაგრამ თავისი ქართული ფესვები არასოდეს ავიწყდება, საქართველოს ხშირად სტუმრობს და თავის გამოცდილებას აქაც აზიარებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა უკვე ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა, ძალიან ვამაყობ იმით, რომ საქართველოში დავიბადე და გავიზარდე. ვფიქრობ, ამან დიდი როლი ითამაშა ჩემს ადამიანად ჩამოყალიბებაში, ხოლო აშშ-მ გამომძერწა, როგორც პროფესიონალი”, – დავით მრელაშვილი.
გატაცება ტელემედიცინით
აშშ-ში რეზიდენტურის გავლის შემდეგ დავითი სამხრეთ კაროლინის საშტატო უნივერსიტეტში ასწავლიდა სტუდენტებს, სადაც პირველად დაინტერესდა ტელემედიცინით, როგორც მომავლის ტექნოლოგიით.
„ვფიქრობ, ზოგადად, ტერმინი „მომავლის ტექნოლოგია” გადაჭარბებულია და იმითაა გამოწვეული, რომ ახალი ტექნოლოგიების მასობრივ გავრცელებას უფრო დიდი დრო სჭირდება, ვიდრე მის შექმნას. ამჟამად ეს პროცესი შედარებით აჩქარებულია, თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისში ყველა ასეთი გამოგონება მომავლის პერსპექტივად მიიჩნეოდა”.
შეიძლება ბევრისთვის ტელემედიცინა ჯერაც რჩება მომავლის ტექნოლოგიად, მაგრამ ის, რაც სხვებისთვის მომავალია, დავითმა აწმყო დროში გადმოიტანა და უკვე რამდენიმე წელია, რაც აქტიურად იღებს პაციენტებს ონლაინ. ამ ფორმატით იგი 210 საავადმყოფოს ემსახურება და ამბობს, რომ ტელემედიცინა ეხმარება მისი ცხოვრების მთავარი მიზნის განხორციელებაში – დაეხმაროს რაც შეიძლება მეტ ადამიანს – რაც შეიძლება ეფექტურად.
ელექტროენერგიის პრობლემა სოფელში და Huawei-ს Energy storage
დავითი ონლაინკონსულტაციებს საქართველოში ყოფნის დროსაც აქტიურად განაგრძობს, თუმცა სოფელ თეთრწყლებში, სადაც ის ხშირად რჩება, ელექტროენერგიის პრობლემაა და შუა ჩართვისას ექიმს არაერთხელ გასთიშვია დენი, რის გამოც პაციენტთან კავშირი წყდებოდა. ეს კი შეიძლება სერიოზული პრობლემაც კი გამხდარიყო. „წარმოიდგინეთ, რა რთულია, როცა შენს აზრს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები, ექიმები, ექთნები ელოდებიან და შენ ამ დროს ქრები”, – გვიყვება დავითი.
ამ პრობლემით შეწუხებულმა ექიმმა გამოსავლის ძებნა დაიწყო და მოიძია მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიის მეშვეობით ელექტროენერგიის უწყვეტად მიღება. მოკვლევის პროცესში მან Huawei-ს Energy storage დანადგარის შესახებ შეიტყო და გადაწყვიტა, სახლში დაემონტაჟებინა ისინი, რათა ნებისმიერ სიტუაციაში ჰქონოდა დენის წყარო. ეს დაეხმარა დავითს, პაციენტებთან უწყვეტი კავშირი დაემყარებინა, რადგან Huawei-ს ეს სისტემა სრულად ავტომატიზებულია – როდესაც ელექტროენერგია ითიშება, ის ავტომატურად იწყებს მუშაობას და არ არის საჭირო მისი მექანიკურად ჩართვა. შესაბამისად, დავითმა უზრუნველყო მთავარი რესურსი, რაც მას დედამიწის ნებისმიერ წერტილში პაციენტებთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად სჭირდებოდა.
„გამოსავლის ძიების პროცესში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დიდი გამოცდილების მქონე, საერთაშორისო ტექნოლოგიურ ბრენდზე აქცენტის გაკეთება, რადგან ცხოვრებისეული გამოცდილებით მივედი იქამდე, რომ ყოველთვის უმჯობესია, მსგავსი პრობლემების მოგვარება ისეთ ბრენდს ანდო, რომელსაც მოპოვებული აქვს ნდობა, ორიენტირებულია ხარისხზე და გააჩნია ბრენდული ღირებულება”, – ამბობს დავითი.
ICT გადაწყვეტების როლი სამედიცინო სფეროში
თანამედროვე სამყარო სწრაფად ვითარდება და ტექნოლოგიებზე წვდომაც სულ უფრო მარტივი ხდება ნებისმიერი სფეროსთვის, მათ შორის, მედიცინისთვის. დავითის რეკომენდაციაა, ნებისმიერმა კლინიკამ თუ სამედიცინო ორგანიზაციამ უფრო მეტი დრო დაუთმოს მსგავსი ტექნოლოგიების შესწავლას, გამოკვეთოს ის ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის ეფექტურ მუშაობაში და იპოვოს მათი მოგვარების ტექნოლოგიური ხელსაწყოები, რომლებიც მინიმალური დანახარჯითა და მაქსიმალური მხარდაჭერით, ნებისმიერ პრობლემას მოაგვარებს და დაეხმარება ინდუსტრიას, რომ არ ჩამორჩეს დროს.
„ICT გადაწყვეტების როლი როგორც სხვა სფეროსთვის, თანამედროვე მედიცინისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. იქ, სადაც ციფრული ტექნოლოგია ერთვება, პროცესები ასეულობით და ათასეულობით ჩქარდება. მაგალითისთვის რომ ავიღოთ პაციენტის ვიზიტი კლინიკაში და დავაკვირდეთ, რამდენ ასპექტში გვეხმარება ტელემედიცინა როგორც ექიმებს, ისე პაციენტებს დროის მოგებასა და მანძილის შემცირებაში, საკმარისი იქნება, რომ კარგად გავიაზროთ ICT გადაწყვეტების მნიშვნელობა.
მოხარული ვიქნები, თუ ჩემი ინდუსტრიის მეტი წარმომადგენელი ჩაერთვება ამ პროცესში და დაინახავს თანამედროვე ტექნოლოგიების სარგებელს თავისი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდაში”.
[R]