„ცოდნის ელჩები“ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ წარმატებას მხოლოდ პირად მიღწევად არ აღიქვამენ და მას სხვებისთვის შესაძლებლობად გარდაქმნიან. ისინი ახალგაზრდებს აძლევენ განათლების მიღების შანსს, უხსნიან პროფესიულ გზას, რათა წლების შემდეგ თავად ამ ახალგაზრდებმა შექმნან სხვებისთვის შესაძლებლობები.
სწორედ ამ იდეას ეფუძნება კავკასიის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კარიერული განვითარების პროგრამა „ცოდნის ელჩები“, რომელსაც IT კომპანია SPRIBE-ის თანადამფუძნებელი დავით ნატროშვილი შეუერთდა. მისი მხარდაჭერით 10 ახალგაზრდის განათლებაში გრძელვადიანი ინვესტიცია განხორციელდება.
პროგრამის პირველ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აფხაზეთში სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც განათლებამდე მისასვლელად ხშირად არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ ახალ აკადემიურ და პროფესიულ გარემოში ადაპტაცია, სწორი მიმართულების არჩევა და გამოცდილ ადამიანებთან კავშირი სჭირდებათ.
კავკასიის უნივერსიტეტს მიაჩნია, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია არის ინვესტიცია ადამიანებში, მათ მომავალსა და იმ საზოგადოებაში, რომელსაც ისინი ხვალ შექმნიან.
„ჩვენ გვინდა, განათლებაში ინვესტირება ბუნებრივ კულტურად იქცეს საქართველოში. როდესაც წარმატებული ადამიანები და კომპანიები ახალგაზრდების განვითარებაში ერთვებიან, ისინი ადამიანის მომავალს ქმნიან და ქვეყნის განვითარებაში დებენ ინვესტიციას.
გვჯერა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც დღეს „ცოდნის ელჩების“ დახმარებით მიიღებენ განათლებასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მომავალში თავადაც გახდებიან სხვებისთვის ცოდნის ელჩები, გაუზიარებენ გამოცდილებას, შექმნიან ახალ შესაძლებლობებს და გააგრძელებენ მხარდაჭერის ამ ჯაჭვს.
სწორედ ამ იდეას ეფუძნება ჩვენი პროგრამა და სწორედ ასეთი პარტნიორების ჩართულობით ვაშენებთ გრძელვადიან საგანმანათლებლო ეკოსისტემას”, – აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.
[პარტნიორის კონტენტი]











