in

დავით ნოზაძე – როგორ მივიდა ქართველი ინჟინერი Cisco-ს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ პოზიციამდე

როდესაც „სილიკონ ველის” წარმატებულ ქართველებზე ვსაუბრობთ, ხშირად მხოლოდ საბოლოო შედეგს ვხედავთ – საერთაშორისო კომპანიას, მაღალ პოზიციას და მნიშვნელოვან მიღწევებს. თუმცა ამ ყველაფრის უკან, როგორც წესი, ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, კვლევა და მუდმივი განვითარება დგას.

დავით ნოზაძისთვის ეს გზა თბილისისა და ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლებიდან დაიწყო, შემდეგ იტალიაში, ამერიკაში, აკადემიურ კვლევებსა და საბოლოოდ Cisco-მდე მიიყვანა, სადაც დღეს Technical Director (Principal Engineer)-ის პოზიციას იკავებს. მის სახელზე უკვე 46 პატენტია, ხელმძღვანელობს მომავალი AI-ინფრასტრუქტურისთვის შექმნილ საინჟინრო მიმართულებებს და რამდენიმე თვის წინ DesignCon-ის საერთაშორისო კონფერენციაზე საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისთვის ჯილდოც მიიღო. პარალელურად კი წლებია, ქართველ ინჟინრებს სილიკონის ველიზე კარიერის დაწყებაში ეხმარება.

M: Cisco-ში თქვენი კარიერა სტაჟიორის პოზიციიდან დაიწყო, დღეს კი კომპანიის Technical Director (Principal Engineer) ხართ. რა იყო ის მთავარი ეტაპები, რომლებმაც ამ გზამდე მოგიყვანათ?

Cisco-ში ჩემი პროფესიული გზა 2016 წელს სტაჟიორის პოზიციით დაიწყო, ხოლო 2018 წელს კომპანიის გუნდს Hardware Engineer-ის სტატუსით შევუერთდი. კარიერის საწყის ეტაპზევე ვცდილობდი, მხოლოდ კონკრეტულ პროექტებზე არ მემუშავა და ისეთი საინჟინრო მეთოდოლოგიები შემექმნა, რომლებიც მრავალ პროდუქტში იქნებოდა გამოყენებული.

წლების განმავლობაში გავიარე რამდენიმე საფეხური: Senior Hardware Engineer, Technical Leader, Senior Technical Leader და, საბოლოოდ, Technical Director (Principal Engineer). პარალელურად ვმუშაობდი Cisco-ს ახალი თაობის ქსელური სისტემებისა და მაღალსიჩქარიანი ტექნოლოგიების განვითარებაზე.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო SILD/FOM_SILD მეთოდოლოგიის შექმნა, რომელმაც DesignCon 2026-ის Best Paper Award მიიღო. ეს ჯილდო ჩემთვის არა მხოლოდ პირადი წარმატებაა, არამედ იმის დასტურიც, რომ ჩვენი კვლევა საერთაშორისო ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

M: დღეს თქვენი საქმიანობა მოიცავს AI-ს, მაღალსიჩქარიან ქსელებსა და პატენტებს. რას ნიშნავს თქვენი როლი პრაქტიკაში?

დღეს ჩემი საქმიანობა მომავალი თაობის ქსელური ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება. ძირითადად, ვმუშაობ 200 და 400 გბიტ/წმ მაღალსიჩქარიან ინტერფეისებზე, რომლებიც AI-სისტემებისა და მონაცემთა ცენტრების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

ჩემი როლი მოიცავს როგორც ახალი საინჟინრო მეთოდოლოგიების შექმნას, ისე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას საინჟინრო პროცესების დასაჩქარებლად. პარალელურად, აქტიურად ვმუშაობ პატენტებზე, სამეცნიერო პუბლიკაციებსა და ინდუსტრიულ სტანდარტებზე. დღეს ჩემს სახელზე უკვე 46 პატენტია.

ჩემთვის პატენტი მხოლოდ იდეის იურიდიული დაცვა არ არის, მისი რეალური ღირებულება მაშინ ჩნდება, როდესაც ის რეალურ პროდუქტად ან მრავალჯერადად გამოყენებად ტექნოლოგიურ გადაწყვეტად იქცევა.

M: თქვენი გამოცდილებით, რა უნარები სჭირდება ადამიანს, რომ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში არა მხოლოდ წარმატებას მიაღწიოს, არამედ ლიდერიც გახდეს?

ყველაზე მნიშვნელოვანი ძლიერი ტექნიკური საფუძვლებია: ფიზიკა, მათემატიკა, ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის სწორად დანახვის უნარი. ამას აუცილებლად უნდა დაემატოს მუდმივი სწავლა, რადგან ტექნოლოგიური სფერო ძალიან სწრაფად იცვლება.

ასევე მნიშვნელოვანია შეუპოვრობა. ინჟინერიაში ხშირად პირველი მცდელობა არ მუშაობს, მაგრამ სწორედ ამ პროცესში ჩნდება ახალი იდეები და უკეთესი გადაწყვეტილებები.

ლიდერის პოზიციაზე გადასასვლელად მხოლოდ ძლიერი ტექნიკური ცოდნა საკმარისი არ არის. აუცილებელია რთული პრობლემების სტრუქტურირება, მიმართულების განსაზღვრა, გუნდების გაერთიანება და საკუთარი იდეების როგორც ტექნიკურ, ისე არატექნიკურ აუდიტორიასთან მკაფიოდ კომუნიკაცია.

M: წლებია, ქართველ სპეციალისტებსაც ეხმარებით სილიკონის ველიზე კარიერის დაწყებაში. როგორ გაჩნდა ეს ინიციატივა?

საქართველოში ბევრი ნიჭიერი ინჟინერია, თუმცა მათ ხშირად აკლიათ საერთაშორისო გამოცდილებასა და მენტორობაზე წვდომა. სწორედ ამიტომ თავდაპირველად რამდენიმე ადამიანთან ინდივიდუალური მუშაობა დავიწყე, შემდეგ კი ეს ინიციატივა უფრო სისტემურ პროექტად გადაიქცა.

დღეს საქართველოში 25-ზე მეტი ინჟინრისგან შემდგარი გუნდი მუშაობს იმ ტექნოლოგიებზე, რომლებიც მომავალი თაობის ქსელურ სისტემებში გამოიყენება.

ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ მათგან ბევრი უკვე თავად ხელმძღვანელობს რთულ პროექტებს და მომავალ თაობასაც ეხმარება განვითარებაში.

M: თქვენი დაკვირვებით, რა უპირატესობები აქვთ ქართველ სპეციალისტებს საერთაშორისო ბაზარზე და რაზე გვჭირდება მეტი მუშაობა?

ქართველ სპეციალისტებს ძლიერი ანალიტიკური აზროვნება, მათემატიკური საფუძველი და რთული პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი აქვთ. ეს საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

მეორე მხრივ, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ კომუნიკაციას, გუნდურ მუშაობასა და საკუთარი მიღწევების სწორად წარმოჩენას. დღეს მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ არის საკმარისი – აუცილებელია მისი რეალურ პროექტებად, კვლევებად და პროდუქტებად გარდაქმნა.

ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებებში აქტიური ჩართულობა, რადგან ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ზრდის ქართველების ხილვადობას გლობალურ ინდუსტრიაში.

M: რას ურჩევდით ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარ მომავალს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში ხედავენ?

ჩემი მთავარი რჩევაა – ნუ ეცდებით მხოლოდ სამსახურისთვის საჭირო უნარების შეძენას. ეცადეთ, კონკრეტულ სფეროში რეალურად ძლიერ სპეციალისტებად ჩამოყალიბდეთ.

საერთაშორისო კომპანიაში მოხვედრა შეიძლება პირველი მიზანი იყოს, მაგრამ გრძელვადიან წარმატებას განსაზღვრავს ის, რამდენად ღრმად გესმით თქვენი სფერო და რამდენად რთული პრობლემების გადაჭრა შეგიძლიათ.

არ დაელოდოთ იდეალურ შესაძლებლობას. დაიწყეთ საკუთარი პროექტები, იკვლიეთ, ისწავლეთ და ყოველდღიურად შექმენით მცირე, მაგრამ რეალური შედეგი. ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობები სწორედ მაშინ გაჩნდა, როცა იმაზე მეტს ვაკეთებდი, ვიდრე ჩემი პოზიცია მოითხოვდა.

დღეს წარმატება ნიჭზე მეტად მუდმივ სწავლას, დისციპლინასა და მიზანმიმართულ მუშაობას ეყრდნობა. სწორედ ეს ქმნის გრძელვადიან პროფესიულ შედეგს.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

oneday.gallery პირველ გამოფენას წარმოადგენს

როგორ ზრდიან სამოსს ბაქტერიების დახმარებით