თუშეთში 2 კვირიანი ჯადოსნური მოგზაურობის შემდეგ, გადავწყვიტე სხვებისთვისაც მეჩვენებინა, რასაც მხოლოდ ფოტოებით ვერ გადმოვცემდი. მფარველი სულების, დემონების, ღმერთების და უბრალოდ, ფანტასტიკური არსებების შესახებ ისტორიების შეთხზვის შემდეგ, საკუთარ ფოტოებშივე ჩავამონტაჟე საკუთარი ნახატები და გამოვიდა თანამედროვე თუშეთის თანამედროვე მითოლოგია. იგეგმება, რომ ეს კონცეფცია მხოლოდ შერეული ტექნიკით შესრულებულ ვიზუალად არ დარჩეს და იქცეს ერთგვარ მითოლოგიურ ტურად, რომლის ფარგლებშიც ხალხი კონკრეტულ ლოკაციებს დაინახავს უაღრესად სუბიექტური, მაგრამ თან ფანტასტიკური ჭრილიდან. იმედი მაქვს, რომელიმე იქაურ სოფელში, ღია ცის ქვეშ გამოფენას გავაკეთებ და ყველა არსებას საკუთარ სახლში დავაბრუნებ.
ისტორიები:
ამბობენ, თუშეთის გზის ასავლელად, კატის მოქნილობაა საჭირო. იმასაც ამბობენ, ვინც ამ გზას შეუდგება, ისეთივე გრძელი და დაკლაკნილი სულები მფარველობენ, როგორც თავად გზააო. თუ ყურადღებით დააკვირდებით, ნისლის ნაფლეთებში თქვენც დალანდავთ მგზავრების მფარველს, დინჯ და მუდმივად ფხიზელ თურსიხას.
მსმენია, თითქოს თუშეთში გაფანტულ ყველა ლოდს თავისი პატრონი ჰყოლია. კოკლაც ერთ–ერთი ლოდის მფარველია და მთელი დღის განმავლობაში აგროვებს მზის სხივებს, რომლითაც საღამოს საკუთარ ლოდს ათბობს.
ომში წასული თუში ვაჟების სატრფოები, ღამღამობით ჩუმად ასველებდნენ ხოლმე ცრემლებით თავიანთ ხელმანდილებს. ვიღაც ყოფილა, ამ ნაჭრებს აგროვებს და მათგან სამოსს იკერავს თურმე. ვერავინ გაიგო, ამას რისთვის აკეთებს – სატრფოების მწუხარებას აგროვებს, მათ სიყვარულს თუ თავისი დიდებული მოსასხამით იმის ჩვენება უნდა, ეგ ორი რამ, ერთად შეკერილიც რომ ლამაზია.
თუშური საფლავის ქვებთან ილურები თუ დალანდეთ, სევდიანი სახეების ნუ შეგეშინდებათ. ამბობენ, მათი ერთადერთი საქმე ქვებზე წარწერილი ლექსების კითხვაა და ეს ლექსები ისეთი ცოცხლები არიან, საზრდოდ მათაც ჰყოფნითო.
გველეშაპებზე რა გსმენიათ? მე გამიგია, ზოგი კეთილია, ზოგი არც ისე, ზოგი განძს დარაჯობს, ზოგი კიდე – ხალხის კეთილდღეობასო. ნაკუდას განძი, მის სოფელში მოტანტალე ბალღების მშვიდობაა და ამიტომაც, გულმოდგინედ დარაჯობს, დოჭუს ციცაბო ბილიკებზე რომელიმეს ფეხი არ დაუცდეს.
თუშურ კოშკებს თავზე თეთრი ქვები რომ ადგათ, შეგიმჩნევიათ? გარდა იმისა, ეს ქვები ავ სულებს რომ აფრთხობენ, მათში მფარველი სულებიც ცხოვრობენ. ოკალა ერთ–ერთი ეგეთი სულია და თავის კოშკს დღემდე ბზარებს უამებს ხოლმე.
ავტორი: დავით სიმონია