in

დამწყებიდან საერთაშორისო დამკვეთების მომსახურებამდე – დავით წულუკიძის გზა „სტარკომ საქართველოს“ გუნდში

უნივერსიტეტი მარკეტინგისა და საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით დავასრულე. შესაბამისად, მედიასთან და კომუნიკაციებთან, როგორც მარკეტინგის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილთან, აქტიური შეხება მქონდა. ძალიან მიზიდავდა პროცესი, რომელიც მომხმარებლისთვის პროდუქტის ღირებულების კომუნიკაციის შექმნას გულისხმობდა. მიხარია, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სწორ დროს სწორ ადგილას დავიწყე საქმიანობა, ზუსტად იმ სფეროში, რომელიც მე ძალიან მომწონდა.

პროფესიული საქმიანობა საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში დავიწყე. როდესაც ახალგაზრდა უცხოეთიდან ბრუნდება სწავლის დასრულების შემდეგ, ყოველთვის აქვს მოლოდინი რომ იმედები გაუცრუვდება და ვერ იპოვის შესაბამის სამსახურს, თავისი ინტერესის სფეროს მიხედვით, რისი შემთხვევაც უამრავია ჩვენს ქვეყანაში. საბედნიეროდ, ჩემ შემთხვევაში, მოვლენები სწორად განვითარდა. საქმიანობა უმცროსი თანამშრომლის როლით დავიწყე და ჩემი სამუშაო ეთიკის დამსახურებით, მალევე გადავინაცვლე მოწინავე პოზიციაზე. ეს გზა მარტივი არ ყოფილა, იმის გათვალისწინებით, რომ უმეტეს შემთხვევაში, საერთაშორისო კლიენტებთან მქონდა (და მაქვს) ურთიერთობა. ეს კი მუშაობის მათივე სტანდარტების შესაბამისად წარმართვას გულისხმობს. თუმცა, როცა ზურგს გიმაგრებს გუნდი, რომელიც გამუდმებით მზად არის დაგეხმაროს და გაგამხნევოს, ყველანაირი ბარიერის გადალახვა გიმარტივდება.

„სტარკომ საქართველოსთან“ ურთიერთობაც გლობალური ქსელის საშუალებით დაიწყო. კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობასთან რეკომენდაცია გამიწია ჩემმა უცხოელმა მეგობარმა, რომელიც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლობაში იყო დასაქმებული. რეკომენდაციის გაწევის შემდეგ „სტარკომ საქართველოს“ დირექტორი დამიკავშირდა და გასაუბრების შედეგად, კომპანიის გუნდში აღმოვჩნდი. საინტერესო გახლდათ თავად გასაუბრების პროცესიც. აქ მნიშვნელოვანი იყო მეჩვენებინა ჩემი მოტივაცია და განზრახვა, რომ კომპანიისთვის ღირებული თანამშრომელი ვიქნებოდი. ასევე, „მომხიბვლელ“ რეზიუმეზე მეტად, მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენება, თუ რა სარგებელს მოუტანდა კომპანიას ჩემში ჩადებული ინვესტიცია. სამთვიანი გამოსაცდელი პერიოდი წარმატებით გავიარე და კომპანიასთან გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულება გავაფორმე.

თავდაპირველად, როგორც უმცროს თანამშრომელს, უფრო მეტად მარტივი ტექნიკური დავალებების შესრულება მევალებოდა. დროთა განმავლობაში, ეს დავალებები გართულდა, პასუხისმგებლობაც გაიზარდა და დღეს, ერთ-ერთი გავლენიანი საერთაშორისო დამკვეთის, „პროქტერ ენდ გემბლის“ მედია დაგეგმარებისა და მედია შესყიდვის პროცესს სრულად ვუძღვები. არ დავმალავ, თავიდან რაღაც დოზით მეშინოდა, რადგან „პროქტერ ენდ გემბლისთვის“ მომსახურების გაწევა მთელ რიგ პასუხისმგებლობებს მოიცავს. ეს ყველაფერი კი იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაო გამოცდილება არ მქონდა. საბედნიეროდ, ეს შიში დავძლიე და დღეს ვარ იქ, სადაც  ვარ. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, არ გამოვიდოდა „სტარკომ საქართველოს“ გუნდის მხარდაჭერის გარეშე.

ვფიქრობ, კომპანიაში საქმიანობა მომხიბვლელი რომ იყოს, ის პროფესიული განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობებს უნდა გთავაზობდეს. „სტარკომი“ არის საერთაშორისო კომპანია და ჰყავს საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც გლობალური სტარდარტების მიხედვით ოპერირებენ და ამ სტანდარტებთან წვდომის უფლებას გაძლევენ. სწორედ ამ ფაქტის გააზრების შემდეგ დავინახე კომპანიის ღირებულება ჩემი პროფესიული განვითარების კუთხით. გავიაზრე ის მნიშვნელობაც, რომელსაც კომპანია შემძენდა შრომით ბაზარზე გრძელვადიან პერსპექტივაში.

ჩემი მიმდინარე პოზიცია „სტარკომში“ კიდევ უფრო საპასუხიმგებლოა, რადგან მე წარმოვადგენ დამაკავშირებელ რგოლს კომპანიასა და ჩვენს პარტნიორებს შორის. შესაბამისად, უნდა გავუფრთხილდე ამ თანამშრომლობას, მოვუტანო სარგებელი ორივე მხარეს და შევქმნა ჩემი წილი ღირებულება ამ პროცესებში.

„სტარკომში“ თვითონ გუნდია მოტივაცია. ეს გახლავთ გუნდი, რომლის იმედიც მაქვს ნებისმიერ დროს. ამ ადამიანებს ჩემს ოჯახის წევრებად მივიჩნევ. ისინი ხედავენ და აფასებენ გაკეთებულ საქმეს. აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის როლი. ის გახლავთ შესანიშნავი პიროვნება, რომელიც მზად არის ნებისმიერ დროს დაგიჭიროს მხარი და იყოს შენი მრჩეველი. კორპორაციული კულტურის ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია მოტივაციისათვის. „სტარკომის“ გუნდი ყოველთვის ცდილობს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას და ქვეყანაში ახალი სტანდარტების დაწესებას. ეს კიდევ ერთი მამოტივირებელი ფაქტორია, რის შესახებაც ეტაპობრივად შეიტყობთ როგორც თქვენ, ასევე, თქვენი ერთგული გამომწერები.

დავით წულუკიძე – Starcom Georgia-ს უფროსი მედია მენეჯერი

ეროვნული ბანკის ინიციატივით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე ვიდეოკონკურსი ტარდება

8000 მოსავალს ვოლტი მოგიტანს