in

როგორი იყო პირველი დღე Ad Black Sea 2017-ზე!

7:40-ზე უკვე პირველ ბაქანზე ვიდექით და ბათუმის მრავალგვირაბგამოვლილ მატარებელში ველოდით ჩასხდომას, ჩვენთან ერთად კი, ქართული კრეატიული ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელი. მაგ დროს ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ მეორე სართულზე, თოლიებთან ერთად მოვხვდებოდით და მალე ვაგონს “ბოდიში” და გამაყრუებელი ჟრიამული მოიცავდა, იმდენად, რომ აზრი არც დაძინებას ექნებოდა და არც რენე დეკარტის “ვნების რაღაცის” კითხვას (არ ვიცი, საიდან მოუვიდა ხატიას მაინცა და მაინც ამ წიგნის წამოღება აზრად). გამცილებელმა ძველი საკლასო ჟურნალივით ამოიკითხა ჩვენი სახელები, ვინც სპეციალურად Ad Black Sea 2017-ისთვის გამოყოფილ უფასო რეისზე დავრეგისტრირდით და მალევე დავიძარით.

BOG
BOG

რეგისტრაცია 2-ზე იწყებოდა. ბათუმის სასტუმრო შერატონის საკონფერენციო დარბაზის ჰოლში გრძელ რიგში დავიკავეთ ადგილი და სანამ ჩვენი ჯერი მოვიდოდა, იქაურობა კარგად დავათვალიერეთ. Ad Black Sea ალბათ, ზუსტად ამიტომაც ვითარდება ასე სწრაფად, რომ ყოველწლიურად ცვლის ბევრ დეტალს და ამასთან, ღონისძიების სტრუქტურას ინარჩუნებს. შარშანდელი, ჰილტონის ივენთთან შედარებით, ლოკაცია უკეთ იყო ათვისებული და უფრო კომფორტულად განაწილებული, დამატებული იყო კომფორტული სივრცე მოსასვენებლად და “ალტერსოქსის” წინდების შეძენა იყო შესაძლებელი, ფესტივალის დიზაინით.


დღის პროგრამაში, ხუთი სპიკერი იყო. ყოველ მათგანს აქტუალური თემა ჰქონდა განსხვავებული რაკურსით წარმოდგენილი: პოლიტიკური ბრენდინგი, დონალდ ტრამპის მაგალითზე, ბრენდინგ სტრატეგიაში მომხმარებლისთვის ახალი ჩვევის გამომუშავება, კრეატიულ ინდუსტრიაში გენდერული ბალანსის მნიშვნელობა… მაგრამ თუ გაინტერესებთ, დღევანდელი სემინარებიდან, ყველაზე დაუვიწყარი რა იყო, გიპასუხებთ, რომ – სცენაზე მდგომი გიორგი ავალიანი ვარდისფერი ჩოხით, ცისფერი ახალუხით, ცხენთევზას ფორმის ხანჯლითა და გამოსვლის მთავარი ატრიბუტით –  ცისფერი ყანწით.

ხოლო თუ გაინტერესებთ, რა დაგაკლდათ ყველაზე მეტად, გეტყვით, რომ უსათუოდ, რავიდ კუპენბერგის გამოსვლის მოსმენა. მისი თემა “ჯადოქრობის ლოგიკა” უკვე სათაურიდანვე მიმზიდველი ჩანდა. იმის მიუხედავად, რომ მისი გამოსვლა დღის ბოლოს დაემთხვა, როდესაც დაღლილებს და მშივრებს აჭარული ხაჭაპურის უკვდავი სული გველანდებოდა, მან მიკროფონის გარეშე, ქარიზმატული საუბრით, ძალიან საინტერესო თემით და ალბათ, კიდევ რაღაც ჯადოქრობით, ყველა ისევ დარბაზში მიგვიზიდა და სააგენტოებისა და კლიენტების ეფექტურ თანამშრომლობაზე, კრეატივის გონივრულ გამოყენებაზე ისაუბრა.

დღე ლაუნჯ-ბარ ბოტანიკას სასიამოვნო გარემოში დავასრულეთ. ჯერ Friendly Mosquito-ს ვუსმინეთ, შემდეგ კი, DJ Durkin-ს და Sarajishvili Rouge-ს ალუბლის არომატით გაბრუებულები შევთანხმდით, რომ ფესტივალი ძალიან კარგად დაიწყო.

აქვე, საღამოს ფოტოებსაც გთავაზობთ.

Ad Black მეკობრეები

ერთი ადამიანის აკრედიტაციით, ღონისძიებაზე ორნი შემოვიდნენ

ავალიანმა – ლიმონათიც ვარდისფერიო

P.S. აქ უნდა ყოფილიყო ნიკა კუმბარის ფოტოც, მაგრამ გადაღების მომენტში ციფრულს ძალა გამოელია. გვაპატიე, კუმბარ!

BMW-ს შავ-თეთრი ლოგო ბრენდის ელიტარული მოდელებისთვის

Donna – აპლიკაცია, კვების ობიექტებში Drive-Thru სერვისით სარგებლობისთვის