წუხანდელი წვეულების შემდეგ, მაღვიძარასაც დაენანა ჩვენი გაღვიძება. თვალების გახელის მომენტიდან, მთავარ გამოწვევად მთელი დღის მანძილზე ფხიზლად ყოფნა დავისახეთ და საკუთარ თავებს დავპირდით, რომ ხვალ იქამდე ვიძინებდით, სანამ სასტუმროს რესეფშენიდან არ მოიკითხავდნენ, ცოცხლები თუ ვიყავით. 23 სექტემბერს Ad Black Sea-ს სემინარების ბოლო სერია, ხოლო საღამოს დაჯილდოება უნდა ყოფილიყო. ვიცოდით, რომ წინ ბევრი სამუშაო და კიდევ უფრო მეტი თავგადასავალი გველოდა. ისიც ვიცოდით, რომ დღევანდელი ღონისძიებების ფორმატიდან გამომდინარე, ცუდი განათების გამო, პროფესიონალების დახმარება დაგვჭირდებოდა, ამიტომ გიო დანელიას მივმართეთ და დღევანდელი პოსტის თითქმის ყველა ფოტოს Copter.ge-ს ლოცვა-კურთხევით ვაქვეყნებთ.
შერატონის საკონფერენციო ტოტალურ ნაბახუსევს მოეცვა. გვეძინებოდა ყველას და გვეძინებოდა ყველგან. ცივი “ბორჯომის” ერთი ქილა შუბლზე გვედო, მეორეს – ვსვამდით. არ ვიცი, ძალა და ნებისყოფა “რა მანქანებით” მოვიკრიბეთ და დარბაზში შევედით მორიგი სპიკერის მოსასმენად.

სცენაზე გამოსასვლელად ახალგაზრდა ბიჭს, ვლადიმირ ლიფანოვს უხმეს. პატარას შესახედაობა ჰქონდა. სცენაზე ჩამოჯდა ბავშვურად და ძალიან უშუალოდ დაიწყო საუბარი. ვოვა Supermatika-ს კრეატიული დირექტორი აღმოჩნდა. საკუთარ ისტორიაზე იმდენად უბრალოდ და იუმორით საუბრობდა, განსაკუთრებით, საკუთარ შეცდომებზე ყვებოდა დეტალურად. ჯერ კიდევ საშინლად მეძინებოდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, კარგა ხანს მემახსოვრება მისი გამოსვლა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ საღამოს, დაჯილდოებაზე, სამ ოქროსა და საუკეთესო ნამუშევრის ტიტულს მოიპოვებდა.

სემინარების სერია, შარშანდელის მსგავსად, ფოლკერ ვრაგემ დახურა. წუხანდელი ხმაურიანი წვეულების შემდეგ, სადაც DJ იყო, სცენაზე დგომა როგორ შეძლო, თვითონაც უკვირდა, თუმცა მისმა გამოსვლამ, რომელიც ყოველთვის ენერგიით, იუმორითა და სასარგებლო, მარტივად აღქმადი ინფორმაციითაა გაჯერებული, ინფლუენსერ მარკეტინგის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია.

ვრაგეს შემდეგ, 1 საათიან შესვენებაზე, “თიბისი დაზღვევას” თამაშის დეტალებში გავერკვიეთ. ფესტივალზე ყველას გვაჩუქეს სხვადასხვა ფორმის, ზღვასთან დაკავშირებული პატარა ფიგურა (მაგალითად, გემი, მეზღვაური, თუთიყუში, მეკობრე), რომელიც Ad Black Sea-ზე ჩვენი ყოველდღიური თავგადასავლების ნაწილი უნდა გამხდარიყო, ეს ფოტოზე აგვესახა და ხოლო შემდეგ Instagram-ზე დაგვეპოსტა, შესაბამისი ჰეშთეგით. ყოველივე ეს პრიზების გათამაშების ნაწილი იყო. მეც ავირჩიე ერთ-ერთი ფიგურა (გემი) და ფოტოს გადაღება გადავწყვიტე, თან კადრში გემი ისე მინდოდა ჩამესვა, რომ ჩემი ხელი არ გამოჩენილიყო. დიდხანს ვეწვალე და მგონი, გამომივიდა, თანაც ფოტორედაქტორის გარეშე.
იყო სხვა სახალისო თამაშიც. Ad Black Sea-ს ყველა მონაწილე, წელს, მეკობრეებად და მეზღვაურებად დაგვყვეს და შეჯიბრიც ჩვენ შორის მიდიოდა. “თიბისი დაზღვევას” ლურჯ მაგიდებზე საფოსტო ბარათებსა და მარკერებს ნახავდით უხვად. დახატული ნამუშევრები კედელზე უნდა მიგვემაგრებინა, ხოლო წითელი გულების საშუალებით, ჩვენი გულშემატკივრების ხმებს შევაგროვებდით. მონაწილეობა ჩვენც მივიღეთ და მარკეტერის ფესტივალზე ყოფნა სიამაყით შევახსენეთ ყველას.
კონკურსის ბოლოს, დაითვალეს ხმები და სიხარულით გამცნობთ, რომ მეზღვაურებმა გავიმარჯვეთ (ძირს, კაპიტანი ჯეკ ბეღურა!).
სემინარების სერია, ფოლკერ ვრაგეს ხელმძღვანელობით, პანელური დისკუსიით დასრულდა. სცენას თოლიების “თლა უფროსი” ლევან ლეფსვერიძე განსაკუთრებით ამშვენებდა.

Ad Black Sea-ზე მუდმივად ენაცვლება გართობა და სემინარები. არის დრო სამხიარულოდაც, ფიქრისა და მსჯელობისთვისაც, ახალი კონტაქტების შესაძენადაც (ნეთვორქინგს რომ ვეძახით დროდადრო), ჩემი და ხატიას შემთხვევაში კი, მუშაობისთვისაც (შეიძლება გაგიკვირდათ, ჩემი გამხდარი გოგო აქამდე რომ არ ვახსენე, ასე ისურვა, თუმცა, უმისობაც როგორ იქნებოდა?!).

დაჯილდოებამდე დარჩენილ ორიოდე საათში ფერზე მოსვლა მოვახერხეთ და საღამოს აღარავის გვეტყობოდა დაღლილობა, განსაკუთრებით, ენერგიულ საორგანიზაციო ჯგუფს. ყველა ინტერესით ველოდით დამაგვირგვინებელი ღონისძიების დაწყებას. დაჯილდოება დათქმულზე 1 საათით გვიან დაიწყო. საღამო Ad Black Sea-ს თანადამფუძნებელმა ვატო ქავთარაძემ გახსნა.

ფესტივალისადმი მხარდაჭერა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემაც გამოხატა.

ამის შემდეგ, პოპკორნი მოვიმარაგეთ და დიდ ეკრანზე ფესტივალზე მონაწილე საუკეთესო ნამუშევრების ხილვის საშუალება მოგვეცა. ნანახი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გადავწყვიტეთ, ეს ვიდეოები ცალკე პოსტად შემოგთავაზოთ უახლოეს დღეებში (პარასკევს არ გადავაცილებთ).
არ დაგვავიწყდეს, პარალელურად, გამარჯვებულების დაჯილდოება მიმდინარეობდა. საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის სახელით, დირექტორმა ნოდარ ლობჟანიძემ წლის საუკეთესო საკომუნიკაციო სააგენტოდ Windfor’s-ი დაასახელა.

ხოლო წლის საუკეთესო დიზაინ სააგენტოდ, ABK.

ფესტივალის საუკეთესო ქართულ სააგენტოდ Leavingstone აკურთხეს.

დაჯილდოების დასრულება ღონისძიების არაფორმალურმა ნაწილმა (დესერტაცია) შეცვალა, ხოლო after party-ზე კლუბ The Gates-ში გადავინაცვლეთ. კლუბის დაბალი განათების გამო, ვერ შევძელით უფრო დეტალურად გადმოგვეცა ჩვენი სამდღიანი დღესასწაულის დამაგვირგვინებელი ნაწილი, თუმცა, სიტყვაზე გვენდეთ, ძალიან კარგი იყო!
დასრულდა სარეკლამო ინდუსტრიის სამდღიანი ექსკურსია ზღვისპირეთში. Ad Black Sea-ს 1 წლით დავემშვიდობეთ. რა მოითმენს ამდენ ხანს?!