in

რა გამოწვევები დგას დღეს სადაზღვევო სფეროში და არის თუ არა საჭირო ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით?

„დაზღვევით ხომ არ სარგებლობთ?” – ამ კითხვას ხშირად გვისვამენ კლინიკაში ვიზიტისას, აფთიაქში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მოგზაურობისას და სხვა. ბევრი ჩვენგანი თანამშრომლობს სადაზღვევო კომპანიებთან, ბევრიც დიდად არ არის დაინტერესებული მსგავსი შემოთავაზებებით, ამიტომ როდესაც სარეკლამო შეტყობინებას ხედავს დაზღვევის ახალი პაკეტის შესახებ, გულგრილად არიდებს თვალს და ფიქრობს, რომ ეს მისთვის არაა. 

დაზღვევა რისკებისგან თავდაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ გარკვეულ სიტუაციებში შევიმციროთ ფინანსური ზარალი. მაგალითად, თუ გაქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა და მოულოდნელად სამედიცინო დახმარება დაგჭირდათ, თქვენს ხარჯებს ნაწილობრივ ან მთლიანად ის კომპანია დაფარავს, რომელთანაც სადაზღვევო თანამშრომლობა გაკავშირებთ. როგორც თავად ამ სფეროს წარმომადგენლები გვეუბნებიან, ეს სექტორი ცოტა კონსერვატიულია და საჭიროა მომხმარებელში ცნობიერების მეტად ამაღლება. 

თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს დაზღვევის სფერო საქართველოში, რამდენად ერკვევა და დაინტერესებულია ქართველი მომხმარებელი სადაზღვევო სერვისებით, ჩვენი რესპონდენტი, გიორგი ჟურავლოვი გვეტყვის – „ალდაგის” მომხმარებელთა ურთიერთობის, ეკოსისტემის მართვისა და მონაცემთა ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი.

M: რა გამოწვევები დგას დღესდღეობით დაზღვევის სფეროში, რას უნდა მიაქციოს ყურადღება ყველაზე მეტად სადაზღვევო კომპანიამ?

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მთავარი გამოწვევა სადაზღვევო პროდუქტების მოხმარების მხრივ ბაზარზე არსებული დაბალი პენეტრაციაა, მაგალითისთვის, ავტოდაზღვევით დღეს საქართველოში არსებული ავტომობილების 8%-ია დაზღვეული. ყველაზე გავრცელებული სადაზღვევო პროდუქტი ჯანმრთელობის დაზღვევაა (17%), თუმცა ეს მონაცემები მნიშვნელოვნად დაბალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. ასეთ სურათს, ერთი მხრივ, განაპირობებს დაბალი ცნობიერება დაზღვევის მიმართ და მეორე მხრივ, დაზღვევის სავალდებულო სახეობების არარსებობა. სავალდებულო სახეობების შემოღება, რაზეც მუშაობა საკანონმდებლო დონეზე უკვე დაწყებულია, მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება დაზღვევის სფეროს განვითარებისთვის. თავისთავად გაიზრდება დაზღვევის შესახებ ცნობადობა, მოქალაქეები მეტად იგრძნობენ დაზღვევის სარგებელს საკუთარ ცხოვრებაზე. 

M: რა მოთხოვნები აქვთ მომხმარებლებს, რა კითხვებს სვამენ და როგორია თქვენი აზრით, ზოგადად მომხმარებლის ცოდნა დაზღვევის სფეროზე?

ავტომფლობელების დაზღვევაზე თუ ვისაუბრებთ, მომხმარებელთა მოლოდინები წლიდან წლამდე იზრდება სადაზღვევო კომპანიის მიმართ. დაგროვდა საბაზისო ცოდნა სადაზღვევო პროდუქტებთან მიმართებაშიც, მომხმარებლებმა იციან, პირობითად, რას ნიშნავს ფრანშიზა, როგორ უნდა მოიქცნენ სადაზღვევო შემთხვევის დროს. ვფიქრობ, დღეს მომხმარებელი ორიენტირებულია არა მხოლოდ ფინანსური დანაკარგის ანაზღაურებაზე, არამედ სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობისას მიღებულ გამოცდილებაზე, რომლის სრულყოფაზეც ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს. ყურადღებით ისმენს უკუკავშირს და თარგმნის მას მომსახურების ახალ მიდგომებსა და სტანდარტებში. ვცდილობთ, მომხმარებლებთან ურთიერთობისას ვიყოთ მაქსიმალურად პროაქტიულები და მათი გამოცდილება გავაუმჯობესოთ ყოველდღე თუნდაც მცირე დეტალით.

M: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რა ინფორმაციაც დაზღვევის შესახებ უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს?

პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს მეტად ჰქონდეთ გაცნობიერებული, რა ღირებულების შექმნა შეუძლია დაზღვევას, როგორც ფინანსურ ინსტრუმენტს სტაბილური ცხოვრებისა და მდგრადობისთვის. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევის მომხმარებელმა, რომელიც უკვე სარგებლობს ამა თუ იმ სადაზღვევო პროდუქტით, ზუსტად იცოდეს, რას გულისხმობს კონკრეტულად მისი სადაზღვევო პოლისი და რა რისკებისგან შეუძლია თავის დაცვა და სარგებლის მიღება. 

M: ყველაზე გავრცელებული, რომელი ტიპის დაზღვევაა ჩვენთან? მაგალითად, ჯანმრთელობის, ავტოდაზღვევა თუ სხვა… 

როგორც აღვნიშნე, ყველაზე გავრცელებული პროდუქტი ჯანმრთელობის დაზღვევაა, თუმცა ბოლო წლებში პოზიტიური ტენდენციაა დაზღვევის რამდენიმე სახეობაში, ესაა ავტოდაზღვევა, ქონების დაზღვევა, სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა. პანდემიის მიუხედავად ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით მაინც არის ზრდა და წლიდან წლამდე მძღოლები მეტად გრძნობენ დაზღვევისგან მიღებულ სარგებელს, თუმცა ბაზრის განვითარებას უფრო მაღალი ტემპი სჭირდება. 

M: რა თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობს, რომლითაც დაზღვევის პროცედურები უფრო მარტივია?

არსებული სერვისების გაციფრულება და ახალი ციფრული შეხების წერტილების შექმნა გვაძლევს შესაძლებლობას, გავუმარტივოთ ჩვენს მომხმარებლებს მიღებული გამოცდილება. 2020 წლის დასაწყისში განვითარებულმა მოვლენებმა მოგვცა შესაძლებლობა, უმოკლეს დროში განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ცვლილებები და მომსახურების პროცესი გადაგვეტანა სრულიად დისტანციურ სივრცეში ისე, რომ არცერთი სერვისის მიწოდება წუთით არ შეფერხებულიყო. ჯერ კიდევ პანდემიისას შევქმენით და ექსპერიმენტის სახით გავუშვით ინოვაციური პროდუქტი, რომლის ანალოგი რეგიონში ჯერ არ არსებობს, BackApp –  ეს არის პირველი ციფრული დაზღვევა საქართველოში, რომელიც ქმნის სრულიად ახალ გამოცდილებას დაზღვევის სფეროში – აპლიკაციის საშუალებით ავტოდაზღვევის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული და მომხმარებლისთვის კომფორტულია, მომხმარებელს ვთავაზობთ უშუალოდ მისი გადაადგილების ქცევაზე მორგებულ ტარიფს, რომელიც საშუალოდ ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე სტანდარტული ტარიფი. ამ პროდუქტით გვინდა გაიზარდოს ერთი მხრივ დაზღვევის ხელმისაწვდომობა და მეორე მხრივ შეიქმნას მანამდე არარსებული ციფრული გამოცდილება, რომელიც მომხმარებელს უამრავ დროს და ძალისხმევას უზოგავს. 

M: რა არის ის ახალი მიდგომები და მიგნებები თანამედროვე სადაზღვევო ბიზნესში, რაც თუნდაც წლების წინ არ იყო?

ზოგადად, სადაზღვევო სფერო მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საკმაოდ კონსერვატიულია. გამონაკლისი არც საქართველოა. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს დიჯიტალიზაციის მიმართულებით. დისტანციური მომსახურების მიღმა, დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მონაცემების ანალიზი, ამ მონაცემებზე დაყრდნობით ავტომატიზირებული სიტემების შექმნა და ამით მომსახურების პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესება.  ავტომატიზირებული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები, ბლოქჩეინ ტექნოლოგია, ციფრული ხელმოწერა – ეს ის საკითხებია რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და მომავალშიც ვიმუშავებთ. 

M: თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს სადაზღვევო ეკოსისტემა? რა უნდა გააკეთონ ამისთვის კომპანიებმა? 

ისევ და ისევ, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ ცნობიერების ამაღლებაზე, ხელმისაწვდომი და მოქნილი პროდუქტების შექმნასა და პოპულარიზაციაზე, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე, რათა სულ უფრო მეტმა ადამიანმა იგრძნოს დაზღვევის სარგებელი საკუთარ თავზე. მეორე მხრივ, დაზღვევის ინდუსტრია პირდაპირ დაკავშირებულია მოსახლეობის კეთილდღეობასთან და ეკონომიკურ ზრდასთან, ამიტომ ინდუსტრიის ძალისხმევა უნდა იყოს გაერთიანებული. 

 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

მიკროაგრესიების ამოცნობა და მათზე რეაგირება სამსახურში

5 სარეკლამო არხი, რომელზეც მომავლის მარკეტერებმა უნდა იფიქრონ