
დაზღვევის ონლიან ანაზღაურება „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მომხმარებლებისთვის შექმნილი ინოვაციური სერვისია, რომელიც საშულებას გაძლევთ ნებისმიერ დროს, სერვის ცენტრში მიუსვლელად, თქვენთვის სასურველი ადგილიდან შეავსოთ ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურების განაცხადი და მომდევნო დღეს მიიღოთ თანხა ანგარიშზე. ასევე, ონლაინ მოითხოვოთ ჰოსპიტალური მკურნალობის დაფინანსება და მიიღოთ საგარანტიო წერილი. პროექტის შესახებ უფრო დეტალურად „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორმა, სანდრო კიკნაძემ ისაუბრა მარკეტერთან.
M: რა არის პროექტის მიზანი?
პროექტის მთავარი მიზანია, დაზღვევა გავხადოთ მაქსიმალურად მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტული. ჩვენ მიზნად დავისახეთ არა მხოლოდ ერთი პლატფორმის შექმნა, ან კონკრეტული ერთი სერვისის ციფრული სახით წარმოდგენა, არამედ კომპანიისა და მისი სერვისების ციფრულ ფორმატში სრულად გადატანა. პირველ ეტაპზე, ჩვენ დავაფუძნეთ ონლაინ მომსახურების სივრცე -www.mygpi.ge, ონლაინ ოფისი, სადაც ნებისმიერ მსურველს ძალიან სწრაფად და მარტივად შეუძლია შეიძინოს მისთვის სასურველი ნებისმიერი სადაზღვევო პროდუქტი, განახორციელოს გადახდები და ახლა უკვე მიიღოს ანაზღაურებაც, როგორც სამედიცინო, ისე ავტოდაზღვევის მიმართულებით. ეს არის ჩვენი სტრატეგიის მხოლოდ პირველი ეტაპი და უახლოეს მომავალში ბევრ სხვა სიახლესაც შევთავაზებთ მომხმარებლებს.
M: როგორ ფიქრობთ, რა დადებით ცვლილებებს მოიტანს აპლიკაცია?
მოგეხსენებათ, რომ ციფრული განვითარება, თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და ეს პროცესი ყველა სფეროში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ბიზნესის დიჯიტალიზაცია სრულად ცვლის კონკრეტულ ბაზარზე დამკვიდრებულ სამომხმარებლო წესებსა და კულტურას. მთავარი სიკეთე და შედეგი, რაც ამ პროცესს მოყვება, სწორად წარმართვის შემთხვევაში, ესაა სამომხმარებლო გამოცდილების მკვეთრი გაუმჯობესება, სიახლოვის ზრდა კლიენტსა და კომპანიას შორის, რაც საერთო ჯამში, ასტიმულირებს მთლიანი ბაზრის ზრდასაც.
M: რამდენად გაუმარტივდება მომხმარებელს ახალ სერვისთან ადაპტაცია და დაზღვევის მიღება?
პირველი ციფრული სერვისი შარშან, წლის ბოლოს, დავნერგეთ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველოში დაზღვევის მომხმარებლები ძალიან პროგრესულები არიან და საკმაოდ სწრაფად ითვისებენ სიახლეებს. ეს ტენდენცია მზარდია, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში და ჩვენი კვლევების მიხედვით, ქართველ მომხმარებელთა 40% მზადაა გამოიყენოს ონლაინ სერვისები დაზღვევის შესაძენად.
ონლაინ ანაზღაურების მიღება მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც ვებ გვერდის, ისე აპლიკაციის საშუალებით. აპლიკაციით სარგებლობისთვის საჭიროა საკუთარ სმარტფონებში ჩამოტვირთონ GPI Mobile (ამჟამად, აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Android-ის მომხმარებლებისათვის, თუმცა, უახლოეს პერიოდში, IOS-იდანაც იქნება სარგებლობა შესაძლებელი).
M: ვინ შეძლებს GPI Mobile-ის მოხმარებას და რამდენად მარტივია აპლიკაციის გამოყენება?
მობილური აპლიკაციის, ისევე როგორც საიტის mygpi.ge გამოყენება შეუძლია ნებისმიერი ასაკის პირს; ჩვენი გამოცდილებით, ამ მიმართულებით ყველაზე აქტიურები 45 წლამდე ასაკის მომხმარებლები არიან. ონლაინ ოფისით სარგებლობა ძალიან მარტივია: ნებისმიერი ტრანზაქციისთვის საკმარისია 2 წუთი და თითოეული სერვისის მიღება სულ რამდენიმე საფეხურის გავლას მოიცავს.
M: აპლიკაციით დაზღვევის მიღების შემთხვევაში, რამდენად დაცული იქნება მომხმარებელი სხვადასხვა ტექნიკური საკითხებისა თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით?
ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დაზღვევის დიჯიტალიზაციის დროს. რისკების მართვისა და უსაფრთხოების სწორი მექანიზმების შემუშავებაზე საკმაოდ დიდ ძალისხმევას ვხარჯავთ, იმისათვის, რომ მომხმარებელი მაქსიმალურად დაცული იყოს და არ დავუშვათ რაიმე ტიპის თაღლითობა ან სხვა არამართებული პროცესი, რომელიც საზიანო იქნება ჩვენი კლიენტებისთვის.
M: არსებობს ამ პროექტის ანალოგი?
პროექტს საქართველოში ანალოგი არ აქვს. ზოგადად მსოფლიოშიც, დაზღვევის ციფრულ ფორმატში გადატანის პროცესი შედარებით ახალი დაწყებულია. ჩვენი სერვისების განვითარებისას, რა თქმა უნდა, მსოფლიოში უკვე არსებული გამოცდილების საუკეთესო მაგალითებს ვიყენებთ, რაშიც ჩვენი დამფუძნებლის, “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” კომპანიების ფართო და მრავალმხრივი გამოცდილება გვეხმარება. გვიხარია, რომ როგორც პროგრესზე ორიენტირებული კომპანია, ამ შემთხვევაშიც პირველები ვთავაზობთ მომხმარებელს მნიშვნელოვან სიახლეს და ვიწყებთ ახალ ეტაპს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარებაში.