2 მაისს, პირველად საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება. ფინანსური განათლების პორტალმა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა, ამ დღესთან დაკავშირებით, კონკურსი გამოაცხადა, სახელწოდებით „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი“. მისი მიზანია, მოსახლეობაში დაზღვევის საკითხების შესახებ აამაღლოს ცნობიერება, სათანადოდ მიიტანოს აუდიტორიამდე დაზღვევის პროდუქტების მნიშვნელობა და საჭიროება. ამისათვის კი, იწვევს მონაწილეებს, რომლებიც საინტერესო თხრობითა და ვიზუალით შეძლებენ საკითხისადმი იტერესის გაღრმავებას.
კონკურსი ცხადდება ორ კატეგორიაში:
„პოსტერი და სლოგანი“, რომლის ფარგლებში კონკურსანტს მოეთხოვება, შექმნას ვიზუალური მასალა – პოსტერი/ბანერი და მოიფიქროს შესაბამისი სლოგანი;
„ბლოგი“, რომლის ფარგლებში კონკურსანტს მოეთხოვება შექმნას წერილობითი ნამუშევარი – სტატია/თხზულება/ესსე;
რა სახის ნამუშევრები უნდა წარმოადგინოთ?
კონკურსის ფარგლებში კატეგორიაში „პოსტერი და სლოგანი“ ნამუშევარი შესაძლოა შესრულებული იყოს ნებისმიერ პროგრამაში (მაგალითად: Ai, Ae, Id, Ps, Blender, Ms PowerPoint და სხვა). ასევე, ნამუშევარს ვიზუალურ მასალასთან ერთად უნდა ერთვოდეს თემატური, შთამაგონებელი სლოგანი. ნამუშევარი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და მოწოდებული უნდა იყოს PND, PSD, JPEG ან სხვა მაღალი გარჩევადობის (HD) მქონე ფორმატით.
კონკურსის ფარგლებში კატეგორიაში „ბლოგი“ წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა შედგებოდეს 300-800 სიტყვისგან. გაითვალისწინეთ – თუ ნაშრომში გამოყენებულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც კონკურსანტის პირად მოსაზრებას არ წარმოადგენს, უნდა მიეთითოს ამ ინფორმაციის წყარო და, ამასთან, ავტორმა უნდა დაიცვას ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და შესაბამისი ციტირების სტანდარტები. ნაშრომი წარმოადგინეთ Microsoft Word-ის ფორმატით.
კონკურსში მონაწილეობა ყველას შეუძლია. ნამუშევრების მიღება უკვე დაწყებულია და 2022 წლის 27 აპრილის 09:00 სთ-მდე გაგრძელდება. გაითვალისწინეთ, რომ ერთი კონკურსანტის მხრიდან წარმოსადგენი ნამუშევრების რაოდენობა არ იზღუდება, თუმცა, გამარჯვებულად კონკურსანტი მხოლოდ ერთხელ შეიძლება დასახელდეს.
როგორ გაგზავნოთ ნამუშევარი?
საკონკურსო ნამუშევარი გაგზავნეთ ელ.ფოსტაზე [email protected] წერილის სათაურად აუცილებლად მიუთითეთ კონკურსის დასახელება „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი“, ხოლო უშუალოდ წერილის ტექსტში კონკურსანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ფსევდონიმი, თუკი როგორც ავტორს, ნამუშევრის ანონიმურად გამოქვეყნება გსურთ.
როგორია საპრიზო ფონდი?
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 4 გამარჯვებული – თითოეულ კატეგორიაში 2 გამარჯვებული. გამარჯვებულებისათვის სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების მიერ, ერთობლივი მონაწილეობით, დაწესებულია შემდეგი ფულადი პრიზები:
I ადგილი კატეგორიაში „პოსტერი და სლოგანი“ – 2 000 ლარი,
II ადგილი კატეგორიაში „პოსტერი და სლოგანი“ – 1 000 ლარი,
I ადგილი კატეგორიაში „ბლოგი“ – 2 000 ლარი,
II ადგილი კატეგორიაში „ბლოგი“ – 1 000 ლარი;
ნამუშევრებს შეაფასებს „ფინედუს“, „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური.
რას მიექცევა ყურადღება ნამუშევრების შეფასებისას?
„პოსტერი და სლოგანი“ – ვიზუალის კრეატიულობა, ორიგინალურობა, ნამუშევრის შინაარსის აღქმის სიმარტივე, სლოგანის საინტერესო შინაარსი. ნამუშევარმა მომხმარებელს დაზღვევის/სადაზღვევო პროდუქტით სარგებლობის სურვილი უნდა აღუძრას.
„ბლოგი“ – თემის ორიგინალურობა/გადმოცემის ორიგინალური სტილი, ნამუშევრის შინაარსის აღქმის სიმარტივე, საუკეთესო პრაქტიკული რჩევები.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2022 წლის 30 აპრილს, ხოლო საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიალი, 2 მაისს გაიმართება.
კონკურსის დეტალების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.
[R]