Dazz Dazz ქართული ბრენდია, რომლის ინსპირაციის წყაროც ბერლინი და ამ ქალაქის ჩაცმის სტილი გახდა: „რომ შევხედეთ, როგორ განსხვავებულად იცვამდნენ, მივხვდით, რომ ჩვენც რაღაც ამდაგვარი უნდა გაგვეკეთებინა“. შედეგად, ქართველმა მეგობრებმა იპოვნეს დამფინანსებელი, იყიდეს საკერავი მანქანები, ნაჭრებიც თავადვე შეიძინეს თურქეთში, 200 მკერავიდან 5 საუკეთესო შეარჩიეს, მოკლედ, მიდაზეს მოდაზე და თბილისში, შანიძის #2-ში მაღაზიაც გახსნეს. უფრო დეტალურად, ბრენდთან დაკავშირებით, მარკეტერის შეკითხვებს Dazz Dazz-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზუკა ყალიჩავამ უპასუხა:
[fbvideo link=”https://www.facebook.com/DazzDazzOfficial/videos/vl.427916584316814/926222547559963/?type=1″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
M: როგორი იყო იდეის პროდუქტად ქცევის პროცესი?
ყველაფერი რთული იყო თავიდან, ბევრ საკითხში გაგვიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვევით ამ დაბრკოლებებს. სანამ საქმეს წამოვიწყებდით, ბაზარი შევისწავლეთ, გავერკვიეთ, რას ვაკეთებდით და რისთვის ვქმნიდით ბრენდს და ზუსტად ვიცოდით, რომ გაგვიმართლებდა. დღეს, საქართველოში ტრენდულია, რომ ქართული გეცვას და ადრე თუ ჩვენთან წარმოებულ პროდუქტზე არ იყო მოთხოვნა, ახლა პირიქით, ქართული რომაა, ზუსტად ეგ ხდება მომხმარებლებისთვის საინტერესო. მოკლედ, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდით.M: რა გამოარჩევს Dazz Dazz-ს ბაზარზე?
ჩვენ ვიცით, რა მოსწონთ ახალგაზრდებს. ძალიან განსხვავებულ მოდელებს ვქმნით, ისეთ რაღაცებს, რაც დეფიციტურია და ჩვენამდე, მხოლოდ გამოწერით იყო შეძენა შესაძლებელი. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, მაგალითად, 50 მაისური გადაგვიყრია იმიტომ, რომ არ მოგვწონებია. ხარისხი, უპირველეს ყოვლისა და კომფორტი. ნაჭრებს რომ ვყიდულობდით, სახეზე ვისვამდით, რომ დისკომფორტი არ შეექმნა, ყველა ასე ავარჩიეთ.
M: როგორია ბრენდის განვითარების პერსპექტივები?
ჩვენთვის ახლა პრიორიტეტულია, რაც შეიძლება მეტ ხალხს გავაცნოთ ჩვენი ბრენდი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვინდა, თბილისში ბევრი მაღაზია გავხსნათ. მერე ამერიკაში, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი ამერიკელია, ასევე, ბერლინშიც. ორი მიზანი გვაქვს: გავაფართოვოთ ჩვენი ბრენდი და დღეს თუ 6 ადამიანი გვყავს დასაქმებული, სამომავლოდ, გვყავდეს – 500. ესეც ხომ რაღაცას ნიშნავს ქვეყნისთვის?!
Special Thanks To:
Music: Hamatsuki
Video: Alexander Iakøbashvili