De-influencing — ეს არის ტენდენცია, რომელმაც ბოლო ორი თვეა, მთელი TikTok მოიცვა. მაშინ, როცა ინფლუენსერები შთაგვაგონებენ, რატომ გვჭირდება კონკრეტული პროდუქტი, დე-ინფლუენსერები საპირისპიროს აკეთებენ — გვეუბნებიან, რა არ უნდა ვიყიდოთ… ალბათ, ეს ლოგიკურიცაა, რადგან მუდმივი გაყიდვა დამღლელია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ძირითადად ერთი და იმავე კომპანიები დომინირებენ ინფლუენსერ მარკეტინგში.
თავის მხრივ, მოსალოდნელმა გლობალურმა რეცესიამაც იქონია გავლენა იმაზე, თუ როგორ აპიარებენ ინფლუენსერები გარკვეულ პროდუქტებს თუ სერვისებს. როგორც ბოლოდროინდელმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ აუდიტორია მეტად მგრძნობიარე ხდება „მოჩვენებითი აღფრთოვანების“ მიმართ, ცხოვრებისეული ხარჯების ზრდის ფონზე. თუმცა De-influencing მხოლოდ ეკონომიკით არ ყოფილა გამოწვეული, არამედ თავად ტიკტოკის შეცვლამაც განაპირობა.
„რამდენიმე წლის წინ TikTok ავთენტურ სოციალურ ქსელად მიიჩნეოდა. ბრენდები დიდ ინვესტიციას არ დებდნენ ინფლუენსერებში… ამის ნაცვლად, ეს იყო სახალისო სივრცე, ნაკლები ზეწოლით. ახლა კი კონტენტი მოჩვენებითი პიარით გადაიტვირთა“, — ამბობს შარლოტა პალერმინო, ბრუკლინის ერთ-ერთი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. ამას ადასტურებს აპლიკაციის ახალი ფუნქციაც, რომელიც გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მესამე მხარის მაღაზიებში პირდაპირ ტიკტოკიდან იყიდონ სასურველი ნივთი. ინფლუენსერები კი საკომისიოს იღებენ, პროდუქტების ბმულების ვიდეოებში განთავსების სანაცვლოდ.
ვინაიდან ინფლუენსერები ფულს შესყიდვების რეკომენდაციით შოულობენ, ვარაუდობენ, რომ მათ დე-ინფლუენსერების მატების უნდა ეშინოდეთ. თუმცა ეს ბოლომდე სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან, ყველას თავისი მომხმარებელი ჰყავს. ამასთან, პალერმინოს თქმით, შესაძლოა, „დე-ინფლუენსინგი“ ინფლუენსერ მარკეტინგად გადაიქცეს.
ამასთან, მოსალოდნელია, რომ მთელი ეს ტრენდი უბრალო „გაელვება“ იყოს, მაგრამ #deinfluencing ჰეშთეგის გაქრობა ავთენტურობის სურვილის დაკარგვას არ გულისხმობს. თუმცა იმისათვის, რომ ეს ახალი ტენდენცია მეტად გააქტიურდეს, მნიშვნელოვანია, რეალური შედეგები მივიღოთ სოციალურ ქსელში — თუნდაც, ობიექტურ მიმოხილვებზე დაფუძნებული კრიტიკა.
წყარო: Wired










