რემბრანდტის „მეორე სიცოცხლე“ – ხელოვნების მცოდნეთა ნაწილი ასე უწოდებს კამპანიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ჰოლანდიელი მხატვრის 350-ე იუბილეს აღსანიშნავად წამოიწყეს. კამპანიის ავტორები ჰოლანდიის მულტინაციონალური ბანკინგისა და ფინანსური სერვისების კორპორაცია ING და სარეკლამო სააგენტო JWT Amsterdam არიან. მათ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეძლეს რემბრანდტის ხმის აღდგენა, შეისწავლეს მისი პიროვნული ნიშნები და გამოუშვეს რემბრანდტის ვიდეოგაკვეთილების სერია.
კამპანიის ავტორებმა ითანამშრომლეს Rijksmuseum-თან, იმისათვის, რომ ნახატების მიხედვით, შესძლებოდათ რემბრანდტის პიროვნების ანალიზი, შეესწავლათ ხატვის ტექნიკა და შეექმნათ ვიდეოგაკვეთილები.
Dutch Language Institute-თან თანამშრომლობით, ავტორებმა შეძლეს მე-17 საუკუნის ჰოლანდიური აქცენტისა და საუბრის მანერის აღდგენა. Pittsburgh’s Carnegie Mellon-ის მეცნიერებთან ერთად კი აღადგინეს რემბრანდტის ხმა, მისი თავის ფიზიკური სტრუქტურის, ყელის მოყვანილობის ანალიზისა და სპეციალური ალგორითმის გამოყენებით.
აღნიშნული კამპანია The Next Rembrandt-ის ერთგვარი გაგრძელებაა. ეს იყო პროექტი, რომელმაც 2016 წელს, კანის ლომების ფესტივალის ორი გრან-პრი Creative Data-სა და Cyber-ის კატეგორიებში მოიგო. The Next Rembrandt-ის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტისა და 3D პრინტერის გამოყენებით, ახლიდან დახატეს რემბრანდტის ნამუშევარი, ზუსტად ისე, როგორც მხატვარი დახატავდა.
რემბრანდტის ვიდეოგაკვეთილების ნახვა ING-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი. ING არ არის პირველი ბრენდი, რომელმაც ისტორიული ფიგურის ხმა გააცოცხლა. აქამდე, ფრანგულმა მაუწყებელმა Canal+ გამოიყენა მონაცემთა ანალიზი და ხელოვნური ინტელექტი, იმისათვის, რომ გაეგოთ, როგორ საუბრობდა ლუი მეთოთხმეტე. საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი მმართველის ხმა ტელეარხმა ისტორიული სერიალის – Versailles-ის ბოლო სერიების რეკლამისთვის გამოიყენა.
წყარო: Adage