„დედლაინები” – ეს სიტყვა ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია. კალენდარში მონიშნული დრო, თუ როდის უნდა დავასრულოთ ესა თუ ის სამუშაო, ზოგჯერ ძალიან სტრესულიც კი ხდება, მაგრამ როცა ყველა საქმეს განსაზღვრულ ვადაში ვატევთ და მორიგი გამოწვევისთვის ვემზადებით, ეს ნამდვილად სასიამოვნო მომენტია.
ციფრული პროფესიები ყოველთვის დედლაინების პრინციპით მუშაობს. პროექტები, რომლებიც ამ ინდუსტრიაში კეთდება, რამდენიმე ეტაპად იშლება და ყოველთვის აქვს A და B დროის მონაკვეთი, ანუ როცა იწყება და როდის უნდა დასრულდეს. ვებგვერდი იქნება ეს, ქოფის შექმნა თუ ლოგო, ყოველი მათგანი ცალკე აღებული პროექტია და ამ პროფესიის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რა დრო სჭირდებათ თითო პროექტის დასასრულებლად. შესაბამისად, დედლაინსაც ამ პრინციპით ადგენენ.
ამ სტატიაში ციფრული ინდუსტრიის სამი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტი გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას და გვეტყვის, როგორია მისი დედლაინი.
ანა გვენცაძე, გრაფიკოსი დიზაინერი:
„ჩემს სფეროში დროის განსაზღვრა დამოკიდებულია ვიზუალის სირთულეზე, ანუ რამდენად კომპლექსურია პროექტი. გასათვალისწინებელია ორი მნიშვნელოვანი ნაწილი: მოსამზადებელი პერიოდი და ტექნიკური.
უფრო დეტალურად რომ გავშალოთ, ნაბიჯები ასე გამოიყურება:
1. მარკეტინგული კვლევა 2. ინფორმაციის მიღება დამკვეთისგან 3.საკითხის განსაზღვრა, მიზნის გარკვევა 4. დედლაინის განსაზღვრა და დროზე შეთანხმების პროცესი 5. mood board-ის შექმნა 6 კონცეფციის შექმნა და გაცნობა 7 უკუკავშირის მიღება დამკვეთისგან 8.უშუალოდ დიზაინის შექმნის პროცესი 9. დამკვეთისთვის დიზაინის ჩვენება კომენტარებისთვის და რედაქტირების პროცესი 10. დასრულებული პროექტის გაგზავნა.
ეს ის ეტაპებია, რომლებსაც სტანდარტულად გავდივართ. მცდარია წარმოდგენა, რომ ვიზუალის გაკეთება მხოლოდ პროგრამებში მუშაობითა და დიზაინის აგებით ხდება, ყველა ეტაპია გასავლელი, რათა დამკვეთთან ერთად სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ეს საკმაოდ კომპლექსურია და შესაბამის დროს მოითხოვს.
არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც დრო საქმის შეუსაბამოდ არის განსაზღვრული, რაც უშუალოდ პროექტზე მუშაობისას იჩენს თავს და ამ დროს ხდება დედლაინის გადაწევა. ისეც ხდება, რომ დამკვეთს ზოგჯერ ეჩქარება. ეს რთული პროცესია, რადგან გიწევს არსებული პროექტების გადახედვა და პრიორიტეტებად დალაგება. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც საქმესთან მიმართებით დროის რაოდენობა შეუსაბამო ყოფილა და რამდენჯერმე ამის გამო უარიც მითქვამს.
პრაქტიკასთან ერთად მოდის გამოცდილებაც და იმ საქმეს, რასაც ადრე მთელ დღეს ანდომებდი, გაცილებით მცირე დროში ართმევ თავს. დროის განსაზღვრა აუცილებლად უნდა მოხდეს გრაფიკოს დიზაინერთან ერთად უნდა. მაინც მგონია, რომ ხარისხი და დრო ერთმანეთის პირდაპირ პროპორციულია.
თორნიკე რამაზაშვილი, ფრონტ-ენდ დეველოპერი, “TBC & USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის” რეაქტის კურსის მენტორი, ლექტორი სმარტ აკადემიაში კურსზე „ვებდეველოპმენტის საწყისები ბავშვებისთვის”:
„ვებდეველოპმენტში ციფრული პროდუქტის შექმნის დრო რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ორ ძირითადს გამოვყოფ: რამდენად მასშტაბურია პროექტი, რომლის შესაქმნელადაც რამდენიმე დღე, კვირა, თვეები ან შეიძლება წელიც იყოს საჭირო და დამკვეთის მოთხოვნები, მისგან გამომდინარე ის ახალი დამატებითი ცვლილებები, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას მუშაობის პროცესში, რაც რასაკვირველია დედლაინის ვადებს ცვლის.
დედლაინის შეცვლა რამდენიმე შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ვერ ესწრება ტექნიკურად აპლიკაციის დასრულება. დროის ცვლილებაზე ზოგჯერ არასწორი კომუნიკაციაც მოქმედებს, რომელიც მხარეებს შორის გაუგებრობას იწვევს. შემცირებული დრო ნამდვილად გამოწვევაა და თუკი ეს შეიძლება დადგეს, ამ შემთხვევაში დამკვეთთან მკაფიო კომუნიკაციიდან, სწორი მოლოდინებიდან და ორმხრივი შეთანხმებიდან გამომდინარე განვსაზღვრავ პრიორიტეტებს, რაც თავის თავში მოიცავს ციფრული პროდუქტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მინიმალური სიცოცხლისუნარიანი მახასიათებლების შექმნას, ამავდროულად დამატებითი ტექნოლოგიების გამოყენებაც სამუშაო პროცესის გამარტივებისთვის და დროითი რესურსის დაზოგვისთვის.
მარიამ ბარბაქაძე, სოციალური მედიის მენეჯერი და ქოფირაითერი:
„სოციალური მედიის მართვის მიმართულებით ციფრული პროდუქტის შექმნის დრო რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული. უპირველეს ყოვლისა, პროექტის კომპლექსურობა და მასშტაბი – რაც უფრო კომპლექსური და მასშტაბურია პროექტი, მით უფრო დიდი დროა საჭირო. მაგალითად, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნიუანსია, სოციალური მედია არხის ტიპი, შესაქმნელი გვერდების თუ ანგარიშების რაოდენობა და ასევე, გასათვალისწინებელია ის თუ, რა ფუნქციონალი სურს დამკვეთს, რომ გააქტიურდეს და გაიმართოს ამ არხებზე.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი – რესურსები და მასალებია. ანგარიშის მხოლოდ შექმნას, სხვადასხვა სოციალურ არხზე შეიძლება წუთები ან მაქსიმუმ საათები დასჭირდეს, თუმცა მის გასამართად საჭიროა შესაბამისი მასალების (კონტენტის) არსებობა და მისი ფორმატისა თუ ზომების შესაბამისობა თითოეული პლატფორმის მოთხოვნასთან.
ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსი, რა გამოცდილების ან ცოდნის ადამიანების მუშაობენ კონკრეტულ დავალებაზე.
ბოლოს, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი – კლიენტის მოლოდინები და შემოთავაზებული ვადებია. ასევე, ის თუ რამდენად სწრაფად შეუძლია უკუკავშირის დაბრუნება, ცვლილებების დადასტურება და ა.შ.
მჭიდრო ან შეცვლილ დედლაინთან გამკლავება დიდი გამოწვევაა, რომლის გადასალახადაც ხშირად კომპლექსური სტრატეგიის გამოყენებაა საჭირო. ყოველთვის ვცდილობთ, რომ შემჭიდროებული ვადების მიუხედავად, შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ დავარდეს, რისთვისაც ხდება თითოეული ეტაპის, ნაბიჯისა და პროდუქტის პრიორიტეტულობის შეფასება. საკვანძო და კრიტიკულად საჭირო მასალები, არხები, რომლებიც კლიენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პრიორიტეტული ხდება.
შესაძლოა დავალებები გუნდის სხვა წევრებისთვისაც გადანაწილდეს ან კონკრეტული სერვისი მივიღოთ ე.წ. აუთსორსინგის მეშვეობით. ხშირად, მცირე დროში საქმის ეფექტურად შესრულებაში – ავტომატიზაციის სხვადასხვა ინსტრუმენტები, შაბლონები, კონტენტის მართვის პლატფორმები გვეხმარება.
ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ კლიენტებთან კომუნიკაციისას, მათ მაქსიმალურად კარგად და დეტალურად მივაწოდოთ ციფრული პროდუქტის შექმნისა და გამართვისთვის საჭირო ეტაპები და მივანიშნოთ იმ დროით რესურსზე, რაც აუცილებელია, რომ ამ დავალებებზე დაიხარჯოს. აუცილებელია, რომ მათ რეალისტური მოლოდინები შევუქმნათ და დავანახოთ ის შედეგებიც, რაც დროის შემცირებასთან ერთად, ხარისხზეც აისახება”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი