17
Oct
2019

როგორ გავუმკლავდეთ მუდმივ გადაღლილობას?

17 Oct 2019

ჩვენი ყოველდღიური სამუშაო ცხოვრება სულ უფრო რთულდება. სულ ახალ-ახალი რთული გამოწვევების წინაშე გვაყენებს და ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს. ამას რომ დავუმატოთ ჩვენი პირადი და ოჯახური საჭიროებები, ადვილად ავხსნით, რატომ ვგრძნობთ თავს მუდმივად გადაღლილად. ჰარვარდის პროფესორები, რობერტ კეგანი და ლიზა ლაჰეი, თავიანთ წიგნში “ცვლილებების იმუნიტეტი”, განიხილავენ თანამედროვე ცხოვრებისეული სირთულეების ზემოქმედებას ჩვენს მენტალურ მდგომარეობასა და ჩვენს ეფექტიანობაზე. რასაკვირველია, ამას არაფერი აქვს საერთო ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებთან, არამედ იმასთან, როგორ აღვიქვამთ სამყაროს, რომელშიც ვმოქმედებთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მუდმივად მზარდი სამუშაო დატვირთვის საპასუხოდ, ჩვენ უკან დახევისა და გაცნობიერების ნაცვლად ნაცვლად, უფრო მეტი შრომითა და ხანგრძლივი სამუშაო საათებით ვპასუხობთ. მაგალითად, თუ საქმეს ვერ ასწრებს ადამიანი, უფრო ადრე ადგება და ამგვარად, უფრო ხანგრძლივადაც ეფლობა სამუშაოში.

მუდმივი დაღლილობა კი გავლენა პოვებს ჩვენს კოგნიტურ უნარებზე – ნელდება ფსიქიკური აზროვნება, უფრო მეტად გვავიწყდება რაღაცები, ვიბნევით, ვერ ვკონცენტრირდებით, გვიჭირს ლოგიკურად ფიქრი, ყველა აზრი ერთად გვიტრიალებს თავში და ბევრად გვიძნელდება პრობლემის გადაჭრა. როდესაც ზედმეტად ბევრი მიზნები გვაქვს, რასაც ჩვენი ფიქრები ეთმობა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ჩნდება კოგნიტური დაღლილობა. საბოლოო ჯამში, ეს იწვევს ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის დაქვეითებას და ადამიანი მუდმივად გადაღლილ მდგომარეობაშია. თუკი ამ ყველაფერში საკუთარი თავი ამოიცანით, ამ საკვანძო სტრატეგიას მიყევით.

განსაზღვრეთ დაღლილობის მთავარი მიზეზი. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა არის ის ორი რამ, რისი მოშორებითაც თქვენი სტრესის 80%-ს გაანეიტრალებდით? შესაძლოა იმ საკითხებზე პასუხისმგებლობა უკვე გქონდეთ აღებული და ასე მარტივად მოცილება შეუძლებელი იყოს, მაგრამ თავად კითხვის დასმაც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია – თქვენ იცით სტრესის მიზეზი. თუკი სტრესის მიზეზი დიდი პროექტია, რომელიც ბოლომდე გაქვთ მისაყვანი, დაასრულეთ. ან, თუკი ის მეტისმეტად დიდია, დაყავით ნაწილებად, რათა მათთან გამკლავება გაგიმარტივდეთ. მოითხოვეთ დამატებითი რესურსები ან გადაავადეთ დედლაინი, თუკი ეს შესაძლებელია.

დააწესეთ თქვენი დროისა და დატვირთვის საზღვრები. ეს შეიძლება მოიცავდეს დროს, რომელსაც დახარჯავთ კონკრეტულ პროექტზე, ან ოფისიდან კონკრეტულ დროზე გასვლას, ან სპეციფიკური ტიპის სამუშაოზე უარის თქმას. თუკი გააცნობიერებთ, რამდენ დროს კარგავთ იმის გამო, რომ არ გაქვთ კონკრეტული კრიტერიუმი დროის განაწილებაზე, ბევრად მარტივად დაინახავთ მთლიან სურათს. ზედმეტი მოლოდინებისთვის უარის თქმით, გაითავისუფლებთ დროსაც და სუნთქვასაც, ამასთან, ფოკუსირდებით უფრო მნიშვნელოვანზე.

გამოიწვიეთ საკუთარი პერფექციონიზმი. პერფექციონიზმს შეუძლია მიგვიყვანოს ისეთ ამოცანებთან და პროექტებთან, რომლებსაც პროკრესტინაციისა და ფსიქოლოგიური წნეხის მეტი სარგებელი ნაკლებად მოაქვთ. საქმის მატებასთან ერთად, იზრდება გადაღლილობის შეგრძნება, ამას კი კარგი არაფერი მოაქვს. ერთხელ, შერილ სენდბერგმა თქვა “უბრალოდ, გაკეთება იდეალურზე უკეთესია. იცოდეთ, როდისაა “კარგი” “საკმარისად კარგი”. ამის გასაგებად კი, ჰკითხეთ საკუთარ თავს: “რას მაძლევს ამ ამოცანაზე უფრო მეტი დროის ხარჯვა?”. თუკი პასუხი ნათლად მიგითითებთ, რომ დიდ სხვაობას ვერ ნახავდით, მაშინ შეჩერდით და დაანებეთ თავი დეტალების სრულიად არააუცილებელ დახვეწას. გვესმის, რომ ეს პერფექციონისტებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია, მაგრამ უარესი იქნებოდა, საკუთარი რესურსი ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე რომ დაგეხარჯათ.

აუთსორსინგი ან დელეგირება. ჰკითხეთ საკუთარ თავს, “როგორ შეიძლება ჩემი დროის საუკეთესოდ გამოყენება?”. აქტივობები, რომლებიც პასუხის გაცემისას არ გაგახსენდებათ, სჯობს, სხვებს გადაულოცოთ. ეს შეიძლება მოიცავდეს რომელიმე პროექტის მართვას, კონკრეტული შეხვედრების ჩატარებას, გასაუბრებაზე კანდიდატების გამოკითხვას ან სულაც, სახლში სადილის მომზადებას. გვესმის, რომ გაქვთ სურვილი, გაწვდეთ ყველაფერს, შეძლოთ ყველა საქმე, გააკეთოთ იდეალურად, მაგრამ დაფიქრდით, იქნებ, გეშინიათ, საქმე მიანდოთ სხვას და ამგვარად, კონტროლი დაკარგოთ?

გამოიწვიეთ საკუთარი წინასწარგანწყობა. თუკი გადაღლილობა ერთგვარ განგრძობით ბრძოლაშია გადასული, დიდი ალბათობით, თქვენს არაპროდუქტიულ ჩვევებს თქვენივე წინასწარგანწყობა და შფოთვა იწვევს. რამდენჯერ ფიქრობთ და შიშობთ, რომ რაღაც ისე არ წავა და მარცხს განიცდით? ეს აზრები გულს გიღრღნით? ასეთი ეჭვები უამრავი ხელმძღვანელისთვისაა დამახასიათებელი და როგორც წესი, სიმართლეს არ შეესაბამება. სამაგიეროდ, მშვენივრად გამოსდის თქვენი გონებაში გამოკეტვა და დათრგუნვა. ასეთი აზრების იდენტიფიცირება დაგეხმარებათ მათთან გამკლავებაში.

გირჩევთ, გამოიყენოთ ეს მიდგომები და ვიმედოვნებთ, მალე მიიღებთ სასურველ შედეგს, მუდმივ გადაღლილობასთან ბრძოლაში.

 

წყარო: HBR



განხილვა