დღეისათვის გარემოს დაბინძურება და ნარჩენების დაგროვება მზარდ პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც ბევრი კომპანია ებრძვის. მათ შორისაა მაკდონალდსი — ახალი კამპანიით სწრაფი კვების ქსელი ამ გამოწვევას უპირისპირდება.
ჯერ კიდევ გასულ წელს შვედეთში ბრენდის აპლიკაციას დაემატა ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს მაკდონალდსის შეფუთვის ნაგვის ყუთებში მოთავსების სანაცვლოდ აჯილდოებდა. უფრო კონკრეტულად, ნარჩენების გადაყრისას ისინი უნდა დაესკანერებინათ, თავად კი სპეციალურ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს იღებდნენ. ხოლო უახლეს კამპანიაში სწრაფი კვების ქსელის ძალისხმევა მეტად ფართოვდება — თუკი აქამდე მხოლოდ მაკდონალდსის პროდუქციას ეხებოდა ინიციატივა, ახლა Burger King-ისა და Max Burgers-ის ნარჩენებზეც ვრცელდება.
მსგავსი მიდგომით, მაკდონალდსი ხაზს უსვამს იმას, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაა, ნაცვლად თავისი ბრენდისთვის უპირატესობის მინიჭებისა. ამის ვიზუალიზაციისთვის კი ვიდეორგოლი Deal with Trash-იც გამოუშვა.
„ვიმედოვნებთ, რომ მეტ ადამიანს ექნება მოტივაცია, ნარჩენები სწორად გადაყარონ. თავის მხრივ, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია გარემოს დაბინძურების დონის შესამცირებლად“, — აღნიშნავს მიქაელა ბოგნასი, მაკდონალდს შვედეთის მარკეტინგის ხელმძღვანელი.