როგორც მენეჯერს, ბუნებრივია, გსურთ, რომ თქვენი თანამშრომლები სწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ასევე, გსურთ, დატვირთულ სამუშაო პირობებში, ისინი გადაწვისგან დაიცვათ. თუმცა, ეს არც ისე მარტივია, როცა თავადაც გადაღლილი ხართ. როგორ შეიძლება მოუაროთ საკუთარ თავს და თან გქონდეთ დრო და ენერგია თქვენი გუნდის გასამხნევებლად? რა ნაბიჯები უნდა გადადგათ სტრესის დონის შესამცირებლად? რა უნდა მოიმოქმედოთ გუნდის წევრების კეთილდღეობისთვის?
ექსპერტების აზრი
რთულია სხვების დახმარება, როდესაც ენერგია გეწურება. “გადაწვა დაკავშირებულია სრული გამოფიტვის შეგრძნებასთან” – ამბობს ჰარვარდისა და მაკლინის ქოუჩინგის ინსტიტუტის დამფუძნებელი და წიგნის “ემოციური მოქნილობა” ავტორი სიუზან დევიდი. მისი აზრით, გამოფიტვას შეუძლია შეაღწიოს ყველაფერში, რაც ჩვენს ცხოვრებას ეხება. თქვენ გადაღლილი ხართ, გაკლიათ ვარჯიში, არ აქცევთ ყურადღებას კვებას, მოწყვეტილი ხართ ურთიერთობებს. თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ თქვენ არ გეხებათ. ამას გრძნობს თქვენი გუნდიც. ამიტომ, თქვენი და თქვენი გუნდის ჯანმრთელობისთვის, უნდა მოიკრიბოთ ყველა რესურსი და ყველაფერი გამოასწოროთ. ჩვენ გიამბობთ, როგორ შეძლოთ ეს.
აქციეთ ჯანმრთელობა პრიორიტეტულად
სანამ თქვენი გუნდის წევრებს თავიანთ სტრესთან გამკლავებას ასწავლით, ჯერ საკუთარს მიხედეთ. კონცენტრირდით საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. მიირთვით ჯანსაღი საკვები. რეგულარულად დაკავდით სპორტით. გამოიძინეთ. საკუთარ თავზე ზრუნვა არ არის ფუფუნება, ეს აუცილებელია გადარჩენისთვის.
გაუმკლავდით პრობლემას გუნდურად
იმ შემთხვევაშიც, თუკი სტრესს ჯერ კიდევ ვერ მოერიეთ ბოლომდე, კარგი იქნება, თუ აჩვენებთ, რომ ამას სერიოზულად ეკიდებით. შეგიძლიათ გუნდურად დაკავდეთ მედიტაციით, გაუზიაროთ ერთმანეთს რჩევები, ვინ როგორ უმკლავდებით სტრესს. ეს გუნდისთვისაც სასარგებლოა და თქვენც “გაიძულებთ”, აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე. არავის დააძალოთ. თავისუფალი ნების მიცემით, დაეხმარებით კიდეც თანამშრომლებს გადაღლილობასთან გამკლავებაში.
გამოიჩინეთ თანაგრძნობა
ნუ იქნებით მეტისმეტად მკაცრი საკუთარი თავის ან გუნდის მიმართ. გადაღლილობა ხშირად აღიქმება როგორც პირადი ნაკლი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არასრულყოფილ სამყაროში მაშინ, როცა ვესწრაფვით სრულყოფილებას. ბევრი ორგანიზაცია თავად თესავს სტრესს. გამუდმებული აქტიურობა და ტექნოლოგიებთან ურთიერთობა ექსტრემალური დაძაბულობის განცდას გვიქმნის. იყავით გამგები. გააცნობიერეთ, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, არსებული რესურსების გამოყენებით. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ზარმაცია ან წყობიდან გამოდის. ეს უფრო იმის ნიშანია, რომ უნდა შექმნათ ფსიქოლოგიურად უსაფრთხო ადგილი საკუთარი თავისა და სხვებისთვისაც. ექსპერტების რეკომენდაციაა, სტრესულ პერიოდებში, გულახდილად და ოპტიმისტურად დაელაპარაკოთ გუნდის წევრებს. დიახ, დატვირთვა ინტენსიურია. ბევრი საქმე, მაღალი მოლოდინი, დიდი პროექტები შიშისმომგვრელია. უთხარით თქვენს გუნდს, რომ თქვენ ერთად ყველაფერს შეძლებთ.
იყავით მაგალითი
სიუზან დევიდის თქმით, უნდა დაფიქრდეთ, რა ქცევითი მოდელი გახასიათებთ. თუკი შეხვედრიდან შეხვედრაზე გარბიხართ და სუნთქვისთვისაც კი არ გყოფნით დრო, რა ნიშანს აძლევთ ამით? აჩვენეთ გუნდს, რომ ყოველთვის სრული დატვირთვით არ მუშაობთ – “დააბრუნეთ ოფისში ჰუმანურობა”. როდესაც თქვენი გუნდის წევრები გადატვირთულები არიან, წაახალისეთ, რომ მოიწყონ რეგულარული მცირე შესვენებები. მათ სჭირდებათ დასვენება, ენერგიის აღდგენა და სამუშაოსგან მოწყვეტა. ასევე, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ სამუშაოს მოცულობა. თანამშრომელს არასამუშაო საათებსა და დასვენების დღეებში სამუშაო არ უნდა ჰქონდეს. არასდროს მისწეროთ გუნდის წევრებს საღამოს და ღამის საათებში. დიახ, თქვენ ფიქრობთ, რომ კონკრეტული საკითხი გასარკვევია, თუმცა, ამავდროულად, თანამშრომლების სიმშვიდეს ყუმბარას ესვრით.
კონცენტრირდით კითხვაზე “რატომ?”
ექსპერტების აზრით, გადაწვის გავრცელებული სიმპტომი დაკავშირებულია იმ საქმესთანაც, რომელიც ადამიანის პირად ღირებულებებთან მოდის წინააღმდეგობაში. თქვენ გრძნობთ დაღლილობას, სტრესს, მაგრამ მაინც განაგრძობთ მუშაობას და გავიწყდებათ, რატომ დაიწყეთ ამ საქმის კეთება. ამიტომ, როგორც ლიდერს, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ პასუხი კითხვაზე “რატომ?”. თქვენი ფუნქციაა, წაახალისოთ თქვენი გუნდი. შეახსენეთ მათ მიზნები და ის, თუ რატომაა ეს მიზნები მნიშვნელოვანი. ეს დადებითად იმოქმედებს გუნდის კეთილგანწყობაზე.
დაიცავით თქვენი გუნდი
თუკი თქვენ და თქვენი გუნდი გადატვირთული ხართ, ხომ არ არის დრო, რომ ხელმძღვანელს საქმის გადავადებაზე დაელაპარაკოთ? დაიცავით თქვენი გუნდი და განმარტეთ, რომ ეს მნიშვნელოვანია ორგანიზაციული მიზნებიდან გამომდინარე. აუხსენით, რა გავლენა აქვს სტრესს ადამიანის მენტალურ მდგომარეობასა და საქმის შესრულების უნარზე. უთხარით, რომ გუნდი დაინტერესებულია საქმით, თუმცა დაიღალა და ეს, სამომავლოდ, ისევ შედეგზე აისახება. დაანახეთ ხელმძღვანელს, რომ ღელავთ და ამან შესაძლოა ორგანიზაციისთვის ღირებული ადამიანები დაგაკარგინოთ. შემდეგ, ჰკითხეთ, შესაძლებელია თუ არა საქმის უფრო გრძელ ვადაზე გადანაწილება ან მისი მოცულობის შემცირება? შესაძლოა, ეს სხვა სიტყვებით ან უფრო მოკლედაც აუხსნათ, მაგრამ გახსოვდეთ – ლიდერი კედელს გაანგრევს მისი თანამშრომლებისთვის.
იყავით ოპტიმისტური
ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე უფრო და უფრო ემსგავსება სიგიჟეს, შემოიტანეთ პოზიტიური განწყობა, – ამბობენ ექსპერტები. ეს რთულია, როცა თავადაც სტრესში ხართ, თუმცა ეძებეთ დადებითი მხარეები. გაუღიმეთ ადამიანებს, გამოხატეთ მადლიერება მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის და იყავით კეთილგანწყობილნი. გააჩინეთ ერთიანობისა და სოციალური მხარდაჭერის შეგრძნება. როდესაც თქვენი გუნდი რაიმე პროექტს დაასრულებს ან გადალახავს დაბრკოლებას, აღნიშნეთ. აღნიშნეთ საკუთარი და გუნდის მიღწევები.
დაიმახსოვრეთ
წაახალისეთ გუნდი, რეგულარულად შეისვენონ და აღიდგინონ ძალები.
შთააგონეთ თანამშრომლები, გაამხნევეთ. აგრძნობინეთ, რომ მათთან ხართ.
იბრძოლეთ თქვენი გუნდის დასაცავად.
არ დაივიწყოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. იზრუნეთ საკუთარ თავზეც და გაუზიარეთ სტრესთან გამკლავების მეთოდები გუნდის წევრებს.
გამოფიტვა არ არის პირადი მარცხი. ეს უბრალოდ მდგომარეობაა. გააცნობიერეთ, რომ ადამიანები აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ, იმ რესურსებით, რაც გააჩნიათ.
იყავით ოპტიმიზმით სავსე და ეცადეთ, სხვებშიც გააღვიძოთ დადებითი განწყობა.
წყარო: HBR