25
Dec
2019

რობომწერი, რომელსაც ბუზის საკლავითაც ვერ მოკლავთ

25 Dec 2019

veon
veon


ბუნება კარგი რესურსია შთაგონებისთვის… პირდაპირი გაგებით, კარგი რესურსი, რომელსაც რობოტიკაში აქტიურად იყენებენ. განსაკუთრებით კი მწერისებური რობოტების შექმნისას. პატარა რობოტების უპირატესობა ისაა, რომ ისინი სწრაფად გადაადგილდებიან, თუმცა, მხოლოდ გარეგანი ენერგიის დახმარებით. ან მათ შეუძლიათ მიზნისმიერი გადაადგილება, თუმცა, ეს დისტანციური კონტროლის შემთხვევაშია შესაძლებელი. ან ისინი შეიძლება ენერგოეფექტურები იყვნენ (მაგალითად, მზის ენერგიას იყენებდნენ), თუმცა სწრაფად გადაადგილება არ შეეძლოთ.

Xiaobin Ji-ს, Matthias Imboden-ისა და კოლეგების კოლაბორაციით შეიქმნა რობოტი, რომელიც აერთიანებს გადაადგილების უნარს, ინტელექტსა და ეფექტურობას. მწერის მსგავსი რობოტი სახელად DEAnsect ერთ გრამს იწონის და 4 სანტიმეტრის სიგრძისაა, აქვს სწრაფი და ავტონომიური გადაადგილების უნარი. მისი შემქმნელების თქმით, ეს არის პირველი ავტონომიური ბიომეტრული რობომწერი.

DEAnsect ელასტომერის მასალისგანაა შექმნილი და მას სამი ფეხი აქვს, რომლებიც მოძრაობენ ელასტომერზე დენის გავლენის შედეგად. ეს პროცესი წამში რანდენჯერმე მეორდება. სხვა მხრივ, რობოტის მოძრაობას ხელოვნური კუნთები უზრუნველყოფენ. მართალია რობოტის სიჩქარე, თუნდაც, ობობისას ვერ უტოლდება, თუმცა, სხვა რობოტებთან შედარებით, რომლებიც ენერგიით თვითონ მარაგდებიან, სწრაფია. ის წამში 30 მილიმეტრის სიჩქარით დადის.

აღნიშნულ მოდელში მიღწეული ეფექტურობა და სიმტკიცე რბილი რობოტიკის ერთგვარი რეკორდია. რობოტი მდგრადია იმდენად, რომ შეუძლია ატაროს არამხოლოდ ელემენტი, არამედ ერთგვარი საბორტო ელექტრომოწყობილობაც, რაც მას ელემენტარული ლოგიკის ფარგლებში მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, მოძრაობისას რობოტი არ გადავა ზედაპირზე დახაზული შავი ხაზიდან.

აღნიშნული რობოტის შექმნა პოზიტიური მოვლენაა, რადგან ის ახალ შესაძლებლობებს ხსნის ახალი თაობის, რეზისტენტული, რბილი და სწრაფადგადაადგილებადი მიკრორობოტების შექმნის კუთხით.

დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ DEAnsect-ს აქვს გადარჩენის უნარიც და წინადადების ეს ნაწილი აქტუალურია იმ შემთხვევაშიც, თუ რობოტი ბუზის საკლავის ქვეშ აღმოჩნდება. დარტყმის შემდეგ მას დეფორმირებული ხელოვნური კუნთების აღდგენა შეუძლია.

ასე რომ, არც გამოცდის და არც სტატიის ფარგლებში, არც ერთი რობომწერი არ დაზარალებულა.

განხილვა