in

გადაწყვეტილებების მიღების ფობია, სიმპტომები და გზები მასთან გასამკლავებლად

M2
M2

გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ? მაგალითად, ვერ წყვეტთ, რა ჩაიცვათ სამსახურში ან რა გაიმზადოთ საუზმედ? დიდი გადაწყვეტილებები საერთოდ გაშინებთ, შფოთვა გეწყებათ და ცდილობთ, ყოველთვის გადადოთ? თუ ასეა, ახლა დეციდოფობიაზე ვისაუბროთ, არასწორი გადაწყვეტილებების მიღების შიშზე.

ბევრი ჩვენგანი შფოთავს პატარა გადაწყვეტილებების მიღებისას, მაგრამ დეციდოფობიის მქონე პირები უფრო ინტენსიურ შიშს განიცდიან ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების დროს, ისეთს, რომელიც მათ პარალიზებას იწვევს, — განმარტავს ფსიქოლოგი აიმი დარამუსი.

ცოტათი ღელვა ნორმალურია, ამიტომ პირდაპირ დიაგნოზს ნუ დაისვამთ, უკეთ რომ გამოერკვეთ საკუთარ თავში, ქვემოთ დეციდოფობიის სიმპტომებს გაგაცნობთ, შემდეგ კი გზებს მასთან გასამკლავებლად.

დეციდოფობიის სიმპტომები:

პანიკა და შფოთვა: როცა გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, ძლიერ შფოთვას განიცდით ან პანიკური შეტევა გეწყებათ. გული გიჩქარდებათ, სუნთქვა გიძნელდებათ, ოფლიანობთ და გულმკერდისა თუ მუცლის არეში ტკივილს განიცდით.

პროკრასტინაცია: ეს შიში გიბიძგებთ, გამუდმებით გადადოთ გადაწყვეტილებების მიღება. ამ დროს გირჩევნიათ გააჭიანუროთ, ვიდრე მიიღოთ გადაწყვეტილება და შემდეგ ინანოთ. შედეგად კი ბევრ შესაძლებლობაზე ამბობთ უარს. 

არასწორი პრიორიტეტები: იმის მაგივრად, რომ თქვენს საჭიროებებსა და ინსტინქტებზე გააკეთოთ აქცენტი, ბევრი ინფორმაციის შეგროვებასა და სხვების აზრების ძიებაზე ფოკუსირდებით, რათა ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაიხმაროთ. 

დაძაბული ურთიერთობები: საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებსაც აფუჭებთ, რადგან დიდ გადაწყვეტილებებს მხოლოდ მათ შეატოვებთ ხოლმე. ამგვარად, მათ ზედმეტი წნეხის ქვეშ აქცევთ, რადგან უწევთ, გამოიცნონ, რა გესიამოვნებათ…

სხვებზე დამოკიდებულება: ისეთ სიტუაციებს ქმნით, რომ სხვებმა გადაგიწყვიტონ, რა იქნება საუკეთესო თქვენთვის. ასე კი მანიპულატორებს იზიდავთ.

გაზვიადებული შედეგები: ძალიან პატარა გადაწყვეტილებების შედეგებსაც კი აზვიადებთ, რაც წნეხის ქვეშ გაქცევთ და სწორი არჩევანის გაკეთებაში გიშლით ხელს. 

როგორ გავუმკლავდეთ დეციდოფობიას?

ამისთვის ფსიქოლოგი დარამუსი რამდენიმე ტექნიკას გვიზიარებს. ჯერ საკუთარი თავის  უნდა ირწმუნოთ, რომ კარგი გადაწყვეტილებების მიღება შეგიძლიათ. ამისთვის იმ გადაწყვეტილებათა სია შეადგინეთ, რომლებმაც წარმატება მოგიტანათ და ამ პროცესში მეგობრები ან ოჯახის წევრებიც დაიხმარეთ.

იმის ცოდნა, რომ კარგი გადაწყვეტილებების მიღება შეგიძლიათ, თავდაჯერებას გაგიზრდით და არასწორი არჩევანის გაკეთების შიშსაც შეამცირებს. 

კარგი იქნება, თუ წარსულის ცუდ გადაწყვეტილებებსაც გადახედავთ და დააკვირდებით, რეალურად არის თუ არა ისეთი ცუდი, როგორსაც თავად მიიჩნევთ. მაგალითად, შესაძლოა, სამსახური, რომელზეც დათანხმდით, ნამდვილად საშინელი იყო, მაგრამ ეს სულაც არ გახლდათ თქვენი შეცდომა, რადგან თავიდან მასზე ნებისმიერი დათანხმდებოდა. 

ამგვარად, ხელახლა შეაფასეთ წარსულის ცუდი გადაწყვეტილებები და გაიგეთ, ეს თქვენი ბრალი იყო თუ არა.

ამ კუთხით ფსიქოლოგები კოგნიტიურ-ქცევით თერაპიასაც მიმართავენ, რა დროსაც დეციდოფობიის მქონე ადამიანებს მეტად ჯანსაღი ჩვევებისა და ფიქრების ჩამოყალიბებაში ეხმარებიან.

ისევე, როგორც სხვა ფობიების შემთხვევაში, ე.წ ექსპოზიციური თერაპია აქაც მეტად სასარგებლოა — თქვენს ფობიასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე გაყენებენ, მარტივით იწყებენ და პერიოდულად ართულებენ. თითოეულ გამოწვევას 1-დან 10-მდე აფასებთ იმის მიხედვით, თუ რამდენად გეშინიათ. პროცესში კი თერაპევტი დასამშვიდებლად საჭირო ტექნიკებს გასწავლით, რათა პროცესში შფოთვა მართოთ. მცირე ჯილდოებსაც გაძლევთ, რათა თქვენი მოტივირება შეძლოს, ასე კი ფობიის დამარცხებაში გეხმარებათ…

რჩევები სააღდგომო მარკეტინგის სწორად დასაგეგმად

როგორ მოიქცეთ, როცა თქვენთან მუშაობა არ სურთ