26
Jul
2019

5 რამ, რაც დამწყებმა ანტრეპრენერებმა უნდა გაითვალისწინონ

26 Jul 2019

ბიზნესის წამოწყება საკმაოდ რთულია. ალბათ, ეს უკვე ისედაც იცოდით, მაგრამ ამ საკითხში ყველაზე რთულია, გაითვალისწინო ის, რისი იგნორირებაც მომავალში სანანებელი გაგიხდებათ. რთულია, იცოდეთ ის, თუ რა უნდა იცოდეთ აუცილებლად, როდესაც ბიზნესს იწყებთ. ასეთ დროს ხომ ისედაც ბევრი სირთულე იყრის თავს. შესაბამისად, მანამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ, გააანალიზოთ და შეაჯამოთ თქვენს გონებაში, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ სამომავლოდ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

საბედნიეროდ, ბიზნეს-საზოგადოება თანხმდება კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ბიზნესის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. გთავაზობთ ამ გადაწყვეტილებებს:

რატომ უნდა გავაკეთო ეს?

ცხოვრებაში ძალიან ბევრი არჩევანი გაქვთ – შეგიძლიათ, უამრავი რამ გააკეთოთ, თუმცა, ალბათ, ჭკვიანური და ლოგიკური იქნება, თუ დავსვამთ კითხვას “რატომ?”. რატომ უნდა დაიწყოთ ესა თუ ის საქმე? თუნდაც, ეს კონკრეტული ბიზნესი? ეს არ გულისხმობს, რომ თქვენ აუცილებლად დეტალურად უნდა ჩამოწეროთ გეგმა, აჩვენოთ სხვებს და მხოლოდ მას შემდეგ დაასკვნათ რაიმე. უბრალოდ, კარგად დაფიქრდით, რატომ მოგინდათ, რომ ეს საქმე დაგეწყოთ? რამ მიგიზიდათ საამისოდ.

რეალურად, ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანები ბიზნესს მხოლოდ იმიტომ იწყებენ, რომ ნამცხვრის გამოცხობა მოსწონთ, ღონისძიებების დაგეგმა უყვართ, ტექნოლოგიებთან კარგად არიან და ა.შ, თუმცა, ბიზნესში მხოლოდ სიყვარული არ კმარა. აქ აუცილებელია იმ უნარზე ფიქრი, თუ რამდენად გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, გაუძღვეთ საქმეს, რომელზეც თქვენ ფიქრობთ, რომ ანტრეპრენერობამდე მიგიყვანთ.. იქნებ ვნება, რომელმაც ბიზნესის დაწყება გადაგაწყვეტინათ, რეალურად, მხოლოდ ჰობია, რომელიც ჰობად უნდა დარჩეს?

როგორ გამზრდის პიროვნულად ეს საქმე?

თქვენ ალბათ მოამზადეთ ბიზნეს გეგმა იმისთვის, რომ თანდათან სულ უფრო გაიზარდოს თქვენი ბიზნესი, თუმცა, თავად თქვენს პიროვნულ ზრდაზე რას ფიქრობთ? იმისთვის, რომ ბიზნესი გაიზარდოს, მხოლოდ ბიზნეს გეგმები არ კმარა. მას სჭირდება კარგი ლიდერი, რომელიც ორიენტირებული იქნება პიროვნულ ზრდაზე. ლიდერის გავლენა ბიზნესზე უპირობოა. შესაბამისად, აუცილებელია, პირველ რიგში, იზრუნოთ თქვენს თავზე – ბიზნესის გაძღოლის უნარების განვითარებაზე.

დაიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ აპირებთ თქვენს ზრდაზე ზრუნვას. ამისათვის შეიძლება მენტორი ან ბიზნეს მწვრთნელი მოძებნოთ ან უბრალოდ მიჰყვეთ ტრადიციულ მეთოდს და დამატებითი განათლება მიიღოთ ტრენინგების სახით.

როგორ უნდა დავრჩე მუდამ ანგარიშვალდებულად?

როდესაც აშენებთ/წამოიწყებთ ბიზნესს, აუცილებლად უნდა გაითავისოთ, რომ თქვენ ხართ მმართველი და იგი გეკუთვნით თქვენ. ასეთ შემთხვევაში კი, უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ საერთოდ არავინ არის თქვენი ბიზნესის წინაშე ისეთი ანგარიშვალდებული, როგორც თქვენ. ფაქტობრივად, თქვენზე დგას მისი აწმყოც და მომავალიც.

რასაკვირველია, დროის სვლასთან ერთად თქვენ ქირაობთ თანამშრომლებს, მენეჯერებს, გაქვთ ურთიერთობა ინვესტორებთან.. მათი სახით კი თქვენ ქმნით იმ ადამიანთა ბაზას, რომლებსაც ერთი შეხედვით გადააბარებთ თქვენს ვალდებულებებს. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ბოლო გზა (და, ალბათ, ყველა გზაც..) თქვენთან მოდის.

როგორ შევინარჩუნებ და არ დავკარგავ იმ ღირებულებებს, რაც აქამდე მქონდა?

ბიზნესის წამოწყება არ ნიშნავს, რომ დაკარგოთ ის ღირებულებები და მოიკლოთ ის საყვარელი საქმეები, რაც აქამდე გქონდათ. რასაკვირველია, ბიზნესი თქვენგან დიდ რესურსს მოითხოვს, თუმცა, დაფიქრდით, რატომ ქმნით ბიზნესს? იმიტომ, რომ თქვენსა და თქვენი მომხმარებლების ცხოვრებას გარკვეული ღირებულება შემატოთ.. ან თუნდაც იმიტომ, რომ უბრალოდ გქონდეთ ისეთი ცხოვრება, როგორიც გინდოდათ, რომ გქონოდათ. თუკი წარსულ ღირებულებებზე უარს იტყვით, ერთგვარად აირევა და აზრი დაეკარგება იმას, თუ რატომ შეუდექით ამ საქმის კეთებას. ამიტომაც, აუცილებელია, შეინარჩუნოთ ძველი, იმისთვის, რომ შექმნათ ახალი..

როგორია სტრატეგია, რომლითაც ამ საქმისთვის თავის დანებებას შეძლებთ?

დაფიქრდით იმაზე, რას მოიმოქმედებთ, როდესაც ამ ბიზნესს ამოწურავთ? მაშინვე გასაყიდად გაიტანთ თუ იქამდე იმუშავებთ, სანამ მუშაობა შეუძლებელი არ გახდება? დაიმახსოვრეთ, რომ ბიზნესმენს ყოველთვის უნდა ჰქონდეს გეგმა B, რაც გულისხმობს, რომ ყოველთვის უნდა იყოთ მზად დასასრულისთვის.

წყარო: Inc



განხილვა