ტექნოლოგიებით გატაცებულმა მშობლებმა აღზრდის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ახალი და ზოგჯერ საკმაოდ უცნაური გზები გამონახეს. Business Insider-ის თანახმად, კოგნიტიურმა ნირომეცნიერმა სარა ბალდეომ, რომელიც ხშირად მოგზაურობს სამსახურებრივი მიზნებით, გადაწყვიტა, რომ თავისი 15 წლის შვილისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო და საკუთარი თავის პერსონალიზებული AI-კლონი შექმნა.
ბალდეომ ჩატბოტი შვილთან მიწერ-მოწერის სქრინშოტებისა და ოჯახური ფასეულობების დოკუმენტების ატვირთვით დააპროგრამა. მან შვილს უთხრა, რომ საჭიროების შემთხვევაში რჩევისთვის ბოტისთვის მიემართა.
აღზრდის პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სულ უფრო მასშტაბური ხდება. მაგალითად, OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა განაცხადა, რომ ის მამობის პროცესში დიდწილად ეყრდნობა ChatGPT-ს და მშობლებს ურჩევს, ოჯახური კალენდრები ბოტს მიაბან, რათა ბავშვებს სკოლის გზაზე მოსასმენი ინდივიდუალური პოდკასტები შეუქმნან.
ტექნოლოგიური კომპანიები ამ ნიშას აქტიურად ითვისებენ. ჭკვიანი სამაჯური Omi ავითარებს ფუნქციას Parent Whisperer, რომელიც მშობლებს ბავშვთან საუბრების მოსმენითა და შეჯამებით ეხმარება, თანაც ხმის ტონის მიხედვით აფრთხილებს მათ, როცა ბავშვი განერვიულებულია. პარალელურად, Meta მუშაობს აპლიკაციაზე StoryKit, რომელიც ბავშვებისთვის პერსონალიზებულ საძილე ზღაპრებს ავტომატურად აგენერირებს. ამ ტენდენციას დედებისთვის განკუთვნილი სოციალური ქსელი Peanut-იც ეხმიანება – პლატფორმის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დედები AI-ს არა იმდენად ეფექტიანობისთვის, რამდენადაც ყოველდღიური გაურკვევლობის დასაძლევად და რჩევების მოსაძიებლად მიმართავენ.
მიუხედავად იმისა, რომ მშობლები AI-ს ყოველდღიურობის გასამარტივებლად იყენებენ, სპეციალისტები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ მუდმივი დამოკიდებულება ჩატბოტებზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს როგორც მშობლების, ისე ბავშვების გრძელვადიან კოგნიტიურ და სოციალურ განვითარებაზე.













