დედამიწის ისტორიაში ისეთი დროც იყო, როცა ყველაფერი შენელდა… ახალი კვლევის თანახმად კი, ეს არც თუ ისე დიდი პერიოდი, რომელსაც „მოსაწყენ მილიარდს“ უწოდებენ, იმ დროს ემთხვევა, როცა დედამიწას ერთი ბრუნვისთვის სულ რაღაც 19 საათი სჭირდებოდა…
ორი გეოფიზიკოსის კვლევა ვარაუდობს, რომ ჩვენი პლანეტის დღის სიგრძის 19-საათიანი „შეჩერება“ დაახლოებით 1 მილიარდი წელი გაგრძელდა და ეს დედამიწის შორეულ წარსულში ურთიერთსაპირისპირო ძალების დელიკატური ბალანსის შედეგი იყო. თან მთვარეც პლანეტასთან მეტად ახლოს იყო… მისი გარე მოძრაობის შედეგად კი, დედამიწამ ბრუნვა შეანელა, რითაც მზით განათებული დღეების ხანგრძლივობა გაზარდა, თუმცა არა იმდენად, რომ ეს ძალიან შესამჩნევი ყოფილიყო. ზოგიერთი გამოთვლის თანახმად კი, ჩვენს პლანეტაზე დღის ხანგრძლივობა ყოველწლიურად 0.000015 წამით იზრდება.
რაც შეეხება უახლეს კვლევას, მეცნიერებმა ახალი გეოლოგიური ბაზით ისარგებლეს, მათ შორის იყო ციკლოსტრატიგრაფიის მონაცემები, რაც, თავის მხრივ, დედამიწის ასტრონომიული ძალებით გამოწვეულ კლიმატის ჩანაწერებს მოიცავს. თუმცა იმისათვის, რომ უკეთ გაეგოთ, რამ გამოიწვია დედამიწაზე „სტაბილურობის“ პერიოდი, პლანეტის სხვა მნიშვნელოვან მომენტებსაც გადაავლეს თვალი.
თუ მათ მოსაზრებას დავეყრდნობით, დღის ხანგრძლივობის მატება დედამიწის ატმოსფეროს მნიშვნელოვანმა ცვლილებამ განაპირობა, კონკრეტულად კი ოქსიდაციის, ანუ ჟანგვის მოვლენამ, როცა ჟანგბადის დონეები გაიზარდა და ოზონის შრე შექმნა… უკვე ამ ოზონს მეტი მზის სინათლე უნდა შეეწოვა და ნაკლები წყალი აეორთქლებინა. ხოლო თუ ატმოსფერული ტალღები ოზონითა და მზის სინათლით აჩქარდა, ეს საკმარისი იქნებოდა ურთიერთდაპირისპირებული ძალების ბალანსისთვის და დედამიწის 19-საათიანი დღეების სტაბილური პერიოდისთვის.
მართალია, ამ საკითხის უკეთ გასაგებად ჯერ კიდევ მრავალი კვლევაა ჩასატარებელი, მაგრამ მეცნიერების აზრით, მათი ნაშრომი შეესაბამება იმ იდეას, რომ ჟანგბადის დონის აწევა და კომპლექსური ცხოვრება დედამიწაზე უეცარი კლიმატური ცვლილებების გამო იყო დაყოვნებული. საინტერესოა ისიც, რომ ბოლო დროს ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, „მოსაწყენი მილიარდი“ არც ისე მოსაწყენი იყო, როგორც ამას სახელი გვთავაზობს…












