თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ახლად დაფიქსირებული კომეტის ნახვა შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი, როცა იგი დედამიწასა და მზეს უახლოეს კვირებში გაივლის. თუმცა ეს ჩვეულებრივი ამბავი არ გეგონოთ, 50 000 წლის შემდეგ, პირველად ხდება! როგორც ამბობენ, ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა ნეანდერტალელები დედამიწაზე დახეტიალებდნენ…
საინტერესოა ისიც, რომ კომეტას, Zwicky Transient Facility-ს პატივსაცემად, C/2022 E3 (ZTF) უწოდეს. მან იგი პირველად გასული წლის მარტში შეამჩნია, როცა იუპიტერს უვლიდა გვერდს. 12 იანვარს კი იგი ყველაზე ახლოს იქნება მზესთან, ხოლო დედამიწას პირველი თებერვლისთვის მიუახლოვდება. როგორც ამბობენ, ამ დროს კომეტა ყველაზე კაშკაშა იქნება.
ყინულისა და მტვრისგან შემდგარი კომეტის დიამეტრი, სავარაუდოდ, კილომეტრი უნდა იყოს. ეს მაჩვენებელი კი ძალიან მცირეა უახლოს NEOWISE-ის კომეტასთან შედარებით, რომელმაც დედამიწას 2020 წლის მარტში ჩაუარა და 1997 წლის Hale–Bopp-თან შედარებით, რომელსაც პოტენციურად დამანგრეველი 60-კილომეტრიანი დიამეტრი ჰქონდა.
„შესაძლოა, სასიამოვნო სიურპრიზიც მივიღოთ და ობიექტები მოსალოდნელზე ორჯერ უფრო კაშკაშა იყოს“, — აცხადებს ნიკოლას ბივერი, ასტროფიზიკოსი.
თუ ახლა ვერ მოასწრებთ მის ხილვას, კომეტის ნახვის მეორე შანსი ცაზე 10 თებერვალს შეიძლება გაჩნდეს, როცა იგი მარსთან ახლოს გაივლის.
ამასთან, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კომეტა ოორტის ღრუბლიდანაა, მზის სისტემის გარშემო არსებული უზარმაზარი სფეროდან, რომელიც იდუმალი ყინულოვანი ობიექტების სახლია…