თუ ფიზიკოსების გამოთვლებს დავეყრდნობით, ადამიანების აქტივობის გავლენა დედამიწაზე არაპროგნოზირებად ქაოსს გამოიწვევს, რომელსაც ვეღარც გამოვასწორებთ…კონკრეტულად კი, სუპერგამტარობის მოდელირებისთვის შემუშავებული თეორიით ალექს ბერნადინის ჯგუფმა გვაჩვენა, რომ გარკვეული დროის შემდეგ დედამიწის კლიმატს ვეღარ დავაბალანსებთ.
„კლიმატური ცვლილებების გავლენა ცნობილია, იქნება ეს გვალვები თუ სხვა ექსტრემალური პირობები, ხოლო თუ დედამიწის სისტემა ქაოსური ქცევის რეგიონში შეაღწევს, ჩვენ ამ პრობლემის გამოსწორების ყველა იმედს დავკარგავთ“, — ორფეუ ბერტოლამი, ფიზიკოსი.
უნდა ვაღიაროთ, რომ ეს შედეგები უკვე საკმაოდ რეალურია, რაშიც ექსტრემალური ამინდიც გვარწმუნებს და ეს უმეტესად წიაღისეული საწვავის მოხმარებისა თუ ტყეების განადგურების შედეგია. ამგვარად, ანთროპოცენის სახელით ცნობილ ახალ გეოლოგიურ ფაზასაც ვეცნობით… ეს ფაზების გადასვლები კი საკმაოდ ხშირია და ეხება იმას, თუ როგორ იცვლება მასალა ერთი ფორმიდან მეორემდე. კვლევის თანახმად, კონკრეტული მოდელი კლიმატის ცვლილებებზეც წარმატებით შეგვიძლია დავნერგოთ. თანაც, უკვე მსგავსი გადასვლების შესაძლო შედეგების რუკაც წარმოგვიდგინეს:
შედეგების მიხედვით, პროგნოზირებადი ტრაექტორიით მივდივართ… საბოლოო წერტილი კი კლიმატის სტაბილიზაციაა მეტად მაღალ საშუალო ტემპერატურამდე. თუმცა თუ იმ გავლენას გავითვალისწინებთ, რაც ამჟამინდელ კლიმატს აქვს ადამიანებზე, მისი მეტად გაზრდა როგორც ჩვენთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ხოლო თუ ამ მიმართულების მეტად ექსტრემალურ დასასრულს შევეხებით, დედამიწას სრული ქაოსი ემუქრება — იქნება ეს ექსტრემალური სეზონური ცვლები თუ ამინდი, რაც გამორიცხავს სისტემის მომავალი ქმედებების პროგნოზირებასა და მასთან გამკლავებას შეუძლებელს ხდის.
თუმცა აქ ერთი შვებისმომგვრელი „მაგრამ“ არსებობს — ეს შედეგი გარდაუვალი ნამდვილად არ არის… მკვლევრების თქმით, იგი კლიმატის ცვლილებების შესამცირებლად საჭირო სტრატეგიების შემუშავებისთვის უნდა გამოვიყენოთ, რათა მომავალში ე. წ. დედამიწის სისტემის მართვა შევძლოთ.