როგორც გავიგეთ, დედამიწის ბრუნვის ტემპი იცვლება და ამაში დიდ როლს ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება თამაშობს. გრენლანდიასა და ანტარქტიდაში ყინული სწრაფად დნება, რაც პლანეტის ფორმასაც ცვლის და მისთვის ჩვეულ ბრუნვაზეც ზემოქმედებს. მეცნიერები ამბობენ, რომ ამან შეიძლება გვაიძულოს ისტორიაში პირველად ნეგატიური „ნახტომი წამი“ შევასრულოთ…
ჩვეულებრივ დედამიწის ბრუნვა დროის კონცეფციას განსაზღვრავს, ერთი სრული ბრუნვა ერთ ახალ დღეს უდრის, თუმცა ამაზე მრავალი ფაქტორი ზემოქმედებს, მთვარეების, ოკეანეების, ატმოსფეროსა და თხევადი ბირთვის მოძრაობების ჩათვლით. შესაძლოა, ეს ვარიაციები საკმაოდ მცირე იყოს, მაგრამ ისინი საჭიროებს იმგვარ შესწორებას, რომ ჩვენი ატომური საათი, რომელიც ზუსტი დროის განსაზღვრაში გვეხმარება, დედამიწის ბრუნვას შეესაბამებოდეს.
და სწორედ აქ იკვეთება „ნახტომი წამის“ როლი — Coordinated Universal Time-ს (UTC) ერთი წამი ემატება, ან თეორიულად შეიძლება აკლდებოდეს კიდეც, რათა ჩვენი საათები ასტრონომიულ რეალობას დაემთხვეს…
არადა, ათწლეულების მანძილზე დედამიწა ნელდებოდა, რისი კომპენსაციაც 1972 წლიდან 27 ნახტომი წამის დამატებით მოხდა. ახლა კი, როგორც ჩანს, საპირისპირო ტენდენციასთან გვაქვს საქმე. პლანეტა საგრძნობლად აჩქარებულია და ამას მეცნიერები დედამიწის ბირთვში არსებულ პროცესებს უკავშირებენ. თუმცა ყინულის დნობა საპირისპირო ეფექტს გვთავაზობს: როცა ყინული წყლად იქცევა და ეკვატორისკენ მიედინება, განსხვავება პლანეტის ეკვატორულ და პოლარულ დიამეტრებს შორის იზრდება და ოდნავ სფერული ხდება. უფრო მარტივი რომ იყოს გასაგებად, დაფიქრდით, როგორ ანელებს სვლას მოციგურავე… მასის ამგვარი გადანაწილება კი დედამიწის ბრუნვასაც საგრძნობლად ამცირებს.
ახალი კვლევის თანახმად, ყინულის დნობა ნეგატიური ნახტომი წამის აუცილებლობას რამდენიმე წლით აფერხებს — „უარყოფითი ნეგატიური წამი არასდროს დამატებულა ან გამოუცდიათ, ამიტომ პრობლემები, რომლებიც მან შეიძლება შექმნას, უპრეცედენტოა“.
შესაძლოა, წამის დამატება უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეთ, მაგრამ ჩვენი ციფრული ინფრასტრუქტურა ზუსტ დროზეა დამოკიდებული. საფონდო ბირჟები და სხვა მრავალი სისტემა მილიწამების სიზუსტეს ეყრდნობა. წამის დამატებისთვის სისტემებიც დაპროგრამებულია, მაგრამ წამის გამოკლება სულ სხვა ამბავია.
„ვერავინ წარმოიდგენდა, დედამიწა ისე აჩქარდებოდა, რომ წამის გამოკლება მოგვიწევდა“, — აცხადებს დუნკან ეგნიუ, კვლევის ავტორი.
გამოდის, თუ ასე მოხდება, სისტემის ხელახლა პროგრამირებაც საჭირო გახდება, რაც პოტენციურად მრავალ შეცდომას შემოგვთავაზებს ციფრულ სამყაროში. მეცნიერები იმაზეც საუბრობენ, რომ მიღებულმა შედეგებმა ყინულის დნობის რეალურ ეფექტებსაც შეიძლება გადააჭარბოს… გარემოზე ადამიანების ნეგატიურ გავლენაზე კი ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ ნამდვილად გასაოცარია, რომ ასე კაცობრიობამ დედამიწის ქცევის ფუნდამენტური მახასიათებელი შეცვალა…