ბოლო საუკუნეში დედამიწის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 1 გრადუსით გაიზარდა და ეს თერმომეტრებისა თუ სხვა საზომების დახმარებით დღეს მარტივი შესამჩნევია. მაგრამ რას იტყვით ათასობით წლის წინ ინდუსტრიულ რევოლუციამდე არსებულ პერიოდზე, როცა თერმომეტრები არ არსებობდა და არც ადამიანები აბინძურებდნენ კლიმატს ემისიებით? როგორ გგონიათ, მას შემდეგ დედამიწის ტემპერატურა იმატებს თუ იკლებს?
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა ბოლო 6 000 წლის შესახებ ძალიან ბევრი იციან, გრძელვადიანმა კვლევამ გლობალურ ტემპერატურაზე საპირისპირო შედეგები აჩვენა. ამან კი მკვლევრებს უბიძგა, შეეფასებინათ არსებული სამხილები ბუნებრივი არქივიდან, როგორებიცაა ხის რგოლები, ზღვის ფსკერზე არსებული დანალექები და კლიმატის მოდელები. მიღებული შედეგები, რომლებიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, გვთავაზობს გზებს, რომლითაც კლიმატის პროგნოზირების გაუმჯობესებაა შესაძლებელი და ზოგიერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ნელა მოქმედი უკუკავშირის თავიდან აცილებაც.
წარსულში არსებული კლიმატის შესასწავლად მეცნიერებს ორი ვარიანტი ჰქონდათ: ბუნებრივი არქივები ან არსებული კლიმატის მოდელების მიხედვით წარსულის სიმულირება. პირველ მათგანში შედის რგოლები, რომლებიც ყოველ წელს ემატება ხეებს, სტალაგმიტებსა და მარჯნებს, რაც, შესაძლოა, წარსულში არსებული ტემპერატურის გასაგებად გამოვიყენოთ.
მაგალითად, ხის რგოლების სისქე ტემპერატურის ცვლილებებზე მიგვანიშნებს — თუ ზრდის პერიოდში ტემპერატურა ცივი იყო, მაშინ ეს რგოლი უფრო თხელი იქნება, ხოლო თუ თბილი, პირიქით. ზღვის ფსკერზე არსებულ დანალექში კი ტემპერატურულ მაჩვენებლებს იმის მიხედვით ვიგებთ, თუ რამდენად გვხვდება მათში ცოცხალი პატარა არსებები, რომელთაც ფორამინიფერას უწოდებენ. როცა ცოცხალია, მისი ნიჟარის ქიმიური შემადგენლობა ოკეანის ტემპერატურის მიხედვით იცვლება, ხოლო როცა კვდება, იძირება და დროთა განმავლობაში სხვა ნარჩენებს უერთდება. მათი გაანალიზება კი, მეცნიერებს ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხის პოვნაში შეიძლება დაეხმაროს.
რაც შეეხება კლიმატურ მოდელებს, იგი გვთავაზობს ურთიერთობებს ატმოსფეროს, ბიოსფეროსა და ჰიდროსფეროს შორის, რათა შევქმნათ ჩვენი რეალობის საუკეთესო რეპლიკა. მათ იყენებენ ამჟამინდელი პირობების, სამომავლო ცვლილებების პროგნოზირებისა და წარსულის რეკონსტრუქციის შესასწავლად. მაგალითად, თუ მეცნიერები წარსულში არსებული აირების კონცენტრაციის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ, რაზე წვდომა ძირითადად უძველესი ყინულის მცირე ნაწილებიდან არის შესაძლებელი, მოდელს შეეძლება ამ ინფორმაციის გამოყენება წარსული ტემპერატურის სიმულაციისთვის.
ახალ ნაშრომში კი ზემოთ მოცემული ყველა ინფორმაციის წყარო გამოიყენეს, ისეთ პროცესებსაც დააკვირდნენ, როგორებიცაა დედამიწის მოძრაობა მზის ირგვლივ, სათბურის ემისიების კონცენტრაციები, ვულკანის ამოფრქვევები, მზის სითბოს ენერგიის სიძლიერე, ვეგეტაცია, ყინულის ცვლილებები… მსგავსად, ძლიერ მტკიცებულებას გვთავაზობენ იმისა, რომ მე-19 საუკუნესთან შედარებით, ნაკლები არქტიკული ყინული და მეტი მცენარეული საფარი არსებობდა 6000 წლის წინ.
მიღებული მონაცემები საინტერესო იმითაც არის, რომ გლობალური დათბობისთვის 2 განსხვავებულ პასუხს გვთავაზობს:
ბუნებრივი არქივების მიხედვით, დედამიწის საშუალო ტემპერატურა 6000 წლის წინ, მეცხრამეტე საუკუნის საშუალოსთან შედარებით, 0.7 გრადუსით მეტი იყო. შემდეგ კი ინდუსტრიულ რევოლუციამდე თანდათან ცივდებოდა… ხოლო კლიმატური მოდელების თანახმად, ზოგადად, მსუბუქი დათბობის ტენდენცია აღინიშნება. აქ ნახშირორჟანგის ზრდაზე საუბრობენ… ამ და სხვა საკითხების მეტად გააზრება კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მეცნიერებს მომავლის ცვლილებების წინასწარმეტყველებაში ეხმარება.