დედამიწა 4,5 მილიარდი წლისაა და შეიძლება, ასეთი ასტრონომიული რიცხვის სრულად აღქმა რთული იყოს; მით უმეტეს მაშინ, როცა ბევრი მეცნიერული ტერმინი თუ პროცესი არაერთი ადამიანისთვის ბუნდოვანია. ამიტომაც, YouTube-ის არხმა, სახელწოდებით Kurzgesagt, ანიმაციური ვიდეო გამოაქვეყნა — მასში ვიზუალურადაა აღწერილი, როგორ განვითარდა ყველაფერი ჩვენი პლანეტის პირველი წუთებიდან დღემდე.
60-წუთიანი ვიდეოს ყოველი წამი დაახლოებით 1 მილიონი წლის ტოლფასია. იმის ნაცვლად, რომ კადრები მეცნიერული ნარატივით იყოს დატვირთული, ყველაფერი ილუსტრაციულადაა გადმოცემული. აქვე იმასაც ვხედავთ, რამდენად მცირეხნიანია კაცობრიობის ისტორია თავად დედამიწის არსებობის პერიოდთან შედარებით — დინოზავრები დაახლოებით 58 წუთის ნიშნულზე ჩნდებიან, ხოლო ადამიანები — ბოლო მომენტში.
ცოცხალი ფერები და ოპტიმისტური მუსიკა აძლიერებს დეტალურ ანიმაციას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს მოგვითხრობს… აქ მოცემული თითოეული ნიუანსი რომ არ ყოფილიყო, დღეს უბრალოდ ვერ ვიარსებებდით.











