in

ახალი კვლევა – დედამიწის მხოლოდ 3 პროცენტია ხელუხლებელი!

როგორ ფიქრობთ, რა საჭიროა უკაცრიელი ტერიტორიების დაცვა და აღდგენა?

ბიოლოგებს სულ ცოტა რამ აინტერესებთ იმაზე მეტად, ვიდრე მსოფლიოს იმ ნაწილებზე ფიქრი, რომლებიც ჯერ კიდევ შედარებით თავისუფალია ადამიანის დამაზიანებელი ზემოქმედებისა. ბოლო 30 წლის განმავლობაში მეცნიერები, რომლებიც დედამიწის ბიომრავალფეროვნების დაცვას ცდილობენ, სურთ, ეს უკაცრიელი ადგილები არა მხოლოდ დაიცვან, არამედ ახალი სიცოცხლის საწინდრად აქციონ.

მაგრამ სინამდვილეში რა იგულისხმება უკაცრიელ ადგილებში და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ის ვიპოვეთ? ალბათ, ადამიანების უმეტესობა უკაცრიელს ისეთ ტერიტორიასაც უწოდებს, სადაც სულ ერთი-ორი მოსახლეა. თუმცა მეცნიერებისთვის, საქმე უფრო რთულადაა. ამ ცნების სამეცნიერო განმარტებების უმეტესობა “ხელუხლებლობის” კონცეფციას ეხება. თუ არეალის ძირითადი სტრუქტურა, მაგალითად, ტყე, ხელუხლებელია და ადამიანის გავლენის ძალიან მცირე მტკიცებულება არსებობს, ის ხშირად უკაცრიელად მოიაზრება.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში სატელიტური ფოტოების დახმარებით ჩატარებული კვლევების თანახმად, პლანეტის ხმელეთის 20-დან 40%-მდე შეიძლება, ხელუხლებლად ჩაითვალოს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თანამგზავრების მონაცემები ვერ დაგვეხმარება იმის აღქმაში, თუ რამდენად გამოფიტულია უკაცრიელი ადგილების ბიომრავალფეროვნება…

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ხელუხლებელი ეკოსისტემის განსხვავებული განმარტება გამოიყენეს – ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის კვლევა, თუ რამდენად არის კონკრეტულ არეალში შემორჩენილი ყველა ის სახეობა, რომელიც წესით იქ უნდა იყოს. თანაც, ამ შემთხვევაში უკაცრიელი უწოდეს ტერიტორიას, რომელიც 500 წლის განმავლობაში ხელუხლებელია.

როგორც აღმოჩნდა, ამ აღწერას პლანეტის ზედაპირის მხოლოდ 2.8% შეესაბამება… ასეთი ტერიტორიები მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა მიმოფანტული და ეს ძალიან იშვიათი და განსაკუთრებული ადგილებია, რომელთა კონსერვაციაც უნდა მოხდეს, მაგრამ მათი მხოლოდ 11 პროცენტია დაცულ ტერიტორიაზე.

რესტავრაციის ათწლეული

როგორ ფიქრობთ, რა საჭიროა უკაცრიელი ტერიტორიების დაცვა და აღდგენა?

ცხადია, იქ, სადაც სახეობები გადაშენდა, ტერიტორია ორიგინალი სახით ვერ აღდგება. მაგრამ არეალის, საიდანაც გარკვეული სახეობები სხვაგან მიგრირდნენ, აღდგენის იმედი არსებობს – სახეობების კვლავ იქ დაბრუნებით. თავის მხრივ, ეს საკმაოდ დიდ თანხებთან და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. თანაც, წარმატების მისაღწევად, ველური ბუნების თავდაპირველი საფრთხეები უნდა აღმოიფხვრას.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკოსისტემები, ველური ბუნების თემებით, ისტორიული სიუხვითა და აქტივობით, შესაძლოა, დედამიწის 20%-ზე აღდგეს. სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით, აღმოვაჩინეთ ისეთი ადგილები, სადაც გარკვეული ცხოველების სახეობის დაბრუნებაა შესაძლებელი” – ამბობენ მკვლევრები.

მაგალითად, კონგოს აუზში არსებული ზოგიერთი დაცული ტერიტორიიდან ტყის სპილოები მიგრირდნენ, მაგრამ ეს არეალი საკმარისად დიდია და ყველანაირი პირობა არსებობს იმისათვის, რომ ეს ცხოველები კვლავ აქ დასახლდნენ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ გაერომ გასულ წელს “აღდგენის ათწლეულის” შესახებ ისაუბრა – განცხადების თანახმად, ეროვნული ძალისხმევა დეგრადირებული არეალების აღდგენას უნდა დაეთმოს. “იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ დავიცვათ ისინი, მოდით ვიყოთ ამბიციურები და შევეცადოთ, გავაფართოოთ ეს იშვიათი და ხელუხლებელი არეალები” – აცხადებენ კვლევის ავტორები.

წარმატების შემთხვევაში, ეს ხელუხლებელი ტერიტორიები შესაძლოა, ფასდაუდებელ შეხსენებად იქცეს, თუ რა დაკარგა დანარჩენმა სამყარომ მათი სახით…

ქეის სთადი: როგორ მიიქცია ჟენევის ოპერამ ახალგაზრდა თაობის ყურადღება [ვიდეო]

როგორ გავწვრთნათ გონება უკეთესი დილის რუტინისთვის