in

„დედიკო“ – ეკომეგობრული სოციალური საწარმო, რომელიც მარტოხელა დედების მხარდასაჭერად შეიქმნა

Startauperi
Startauperi

საქართველოში ათასობით ქალი ყოველდღიურად დგას ორმაგი გამოწვევის წინაშე – ერთი მხრივ, მას აქვს მნიშვნელოვანი როლი ბავშვის აღზრდის პროცესში, მეორე მხრივ კი – ფინანსურ უზრუნველყოფაზე უწევს ზრუნვა. მაგრამ რა მოხდება, როდესაც ეს ყოველდღიური რეალობა გარდაიქმნება ბიზნეს მოდელად, სადაც თითოეული ნაკერი არა მხოლოდ პროდუქტია, არამედ ამბავი ქალის თავისუფლებისა და გაძლიერების შესახებ? სწორედ ასეთი ინიციატივაა „დედიკო“ – სოციალური საწარმო, რომელიც ქართული ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებას მარტოხელა დედების მხარდაჭერის ძლიერ ინსტრუმენტად აქცევს. აქ თითოეული პროდუქტი მზადდება არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ნატურალური მასალებით, არამედ იმ სითბოთი და იმედით, რაც ამ ქალების ყოველდღიურ ცხოვრებას ახლავს. ეს არის მოდელი, სადაც შენი შენაძენი ერთდროულად ამშვენებს შენს სახლს და ცვლის სხვისი ცხოვრების ხარისხს. ასე იქცა მარტოხელა დედის ყოველდღიური ბრძოლა ქართული ხელნაკეთი პროდუქტების შთაგონების წყაროდ. დეტალებზე „დედიკოს“ წარმომადგენლებს ვესაუბრეთ.

„როცა „დედიკოს პროდუქციას იძენთ, მხოლოდ ნივთს არ ყიდულობთ – თქვენ მხარს უჭერთ ერთ კონკრეტულ დედიკოს, რომელიც სითბოთი და სიყვარულით ქმნის მომავალს. ეს არის ერთობლივი ზრუნვა, თბილი მხარდაჭერა და რეალური ცვლილება“.

M: რას უკავშირდება საწარმოს ჩამოყალიბების იდეა და შთაგონება?

„დედიკოს” შექმნის იდეა მჭიდროდ უკავშირდება იმ რეალობას, რომელიც დღეს მრავალი მარტოხელა დედის ყოველდღიურ ცხოვრებაში მკაფიოდ ჩანს – ქალები, რომლებიც მარტო უძღვებიან მზრუნველ საქმეს და ამავდროულად მოკლებულნი არიან თვითგანვითარების შესაძლებლობას. საქართველოში არსებობს სოციო-ეკონომიკური ბარიერები, რომლებიც ხელს უშლიან ქალებს პროფესიული განვითარებისა და შემოსავლის წყაროს პოვნაში. სწორედ ამ პრობლემებზე დაკვირვებით გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო სივრცე, სადაც ქალი არა მხოლოდ დასაქმდებოდა, არამედ შეძლებდა ერთგულ გარემოში თვითგანვითარებას.

„დედიკო“ არის ინიციატივა, რომელიც გაჩნდა თანაგრძნობისა და სოციალური თანადგომის შექმნის სურვილით. იდეა განავითარა რწმენამ, რომ მცირე შესაძლებლობა ხშირად შეიძლება გახდეს დიდი გარდატეხის საწყისი. ჩვენ ვასაქმებთ მარტოხელა და სოციალურად დაუცველ ქალბატონებს, ვასწავლით ახალ პროფესიას, ვაძლევთ საშუალებას შექმნან ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ღირსეული მომავალი. თითოეული ხელნაკეთი პროდუქტი, რომელიც მათ მიერ იქმნება – არის არა მხოლოდ ლამაზი ნივთი, არამედ მაღალი ხარისხის ხელით შექმნილი ქართული პროდუქტი და ამავდროულად ამბავი ქალბატონების გაძლიერების.

M: როგორ ჩამოყალიბდა საწარმოს კონცეფცია და როგორ გაერთიანდა გუნდი ამ საქმის გარშემო?

„დედიკო“ შეიქმნა გუნდურად, ერთიანი ღირებულებებით გაერთიანებული ადამიანების მხრიდან. გუნდის წევრები არიან ადამიანები, ვისაც თავის სფეროში ჰქონდათ სოციალური პროექტების განხორციელების, მეწარმეობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით საქმიანობის გამოცდილება. კონცეფცია ჩამოყალიბდა როგორც პლატფორმა, რომელიც გაითვალისწინებდა ქალის დასაქმებას, პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას და შიდა ემოციური მხარდაჭერის მექანიზმებს.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი იყო: ეს არ იქნებოდა ერთჯერადი დასაქმება ან სოციალური აქცია – არამედ მდგრადი, ყოველდღიური პლატფორმა განვითარებისთვის. ასე ჩამოყალიბდა სამკერვალო, სადაც ქალები სწავლობენ, ქმნიან და იზრდება როგორც პროფესიონალები.

M: როგორ იქმნება და რა გამოარჩევს „დედიკოს“ პროდუქციას?

ჩვენი პროდუქცია იქმნება მაღალი ხარისხის ნატურალური მასალებით და გამორჩეული დიზაინით. ვქმნით მრავალფუნქციურ ჩანთებს, ზურგჩანთებს მოზრდილებისთვის და პატარებისთვის, ლეპტოპის ჩანთებს, გულჩანთებს, ასევე საოფისე და საყოფაცხოვრებო ტექსტილს – სუფრებსა და რანერებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ნივთს ახლდეს სითბო, სინათლე და ადამიანური ამბავი.

ევროკავშირის, „პური მსოფლიოსთვის“ და გავლენის ფონდი „აქციოს“ მხარდაჭერით შევქმენით სპეციალური ხაზი სახელად „მზრუნველის ხაზი“, რომელიც პირდაპირ მორგებულია დედებისა და პატარების საჭიროებებზე. იდეა მზრუნველის ხაზის გაგვიჩნდა მაშინ, როდესაც დავფიქრდით და მივხვდით რომ დედიკოებმა ყველაზე მეტად იციან რა სჭირდებათ სხვა დედიკოებს.

ეს არის პრაქტიკული და ლამაზი ნივთები, რომლებიც შექმნილია სასიამოვნო, მაღალი ხარისხის ქსოვილებისგან – მათ შორის, დედების მრავალფუნქციური ჩანთა, კენგურუ, სლინგი, საპიკნიკე ხალიჩა რომელიც ფორმირდება ჩანთად და ძალიან კარგი გამოსაყენებელია საპიკნიკედ, აგრეთვე ბავშვის პლედი, სათამაშოების სათავსო და ასე შემდეგ.

M: რა გამოცდილებით დაიწყეთ ეს საქმე?

„დედიკო“ არ შექმნილა დიდი საწარმოო შესაძლებლობებით ან მაღალფუნქციური ეკიპირებით. საწყის ეტაპზე, იდეა მხოლოდ ადამიანური გამოცდილებით იკვებებოდა: მცირე ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა სოციალური ინიციატივების მართვის, გუნდთან მუშაობის და საზოგადოებრივ საკითხებზე პასუხისმგებლობის გრძნობა. პირველი პროდუქტი შექმნილი იყო რამდენიმე ქალის ხელით, საწარმოში, რომელიც ფუნქციონირებდა როგორც საოცნებო სივრცე – სადაც სამუშაო დაფასებულია და თითოეული დეტალი არა ტექნიკური, არამედ ემოციური ღირებულების მატარებელია.

M: როგორ ეხმარებით ქალებს?

დედიკოს საქმიანობის ცენტრში დგას ქალი – კონკრეტული ქალი, კონკრეტული გამოწვევით. საწარმო მათთვის არის არა მხოლოდ სამუშაო ადგილი, არამედ სწავლის ადგილი, გაზრდის, ემოციური მხარდაჭერისა და თანადგომის ადგილი. აქ ქალები იღებენ პრაქტიკულ ცოდნას (კერვის ტექნიკა, ქსოვილებთან მუშაობა), იძენენ ახალ პროფესიას, იღებენ სტაბილურ ანაზღაურებას და რაც მთავარია – გრძნობენ, რომ მათი დრო, ძალისხმევა და არსებობა ფასეულია.

პროცესი ორიენტირებულია ნდობის შექმნაზე. ისინი, ვინც აქ მოდიან პროფესიის გარეშე, სწავლობენ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – თავდაჯერებულობასაც სწავლობენ.

M: როგორ გაიზარდა საწარმო დღემდე?

საწარმომ თანდათან დაიწყო გაფართოება. მცირე რესურსით შექმნილი სახელოसნო დღეს უკვე მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც მუშაობს როგორც სწავლების სივრცე, პროდუქციის შექმნის სახელოსნო და თანამშრომლობის პლატფორმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან. დასაქმებულ ქალთა რაოდენობამ მოიმატა, გაფართოვდა ასორტიმენტი, ჩამოყალიბდა კორპორაციულ პარტნიორებთან კომუნიკაცია. გარდა ამისა, ევროკავშირის, „პური საქართველოსთვის” და გავლენის ფონდი „აქციოს“ მხარდაჭერით შეიქმნა ახალი პროდუქციის ხაზი – „მზრუნველის ხაზი”, რომელიც ხაზს უსვამს „დედიკოს“ სოციალურ და საგანმანათლებლო ფუნქციას.

M: ვინ არის სამიზნე სეგმენტი და სად არის შესაძლებელი პროდუქციის შეძენა?

„დედიკოს“ პროდუქცია განკუთვნილია როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორაციული სეგმენტისთვის. კერძო მომხმარებლები, რომლებიც ეძებენ სოციალური შინაარსის, ეთიკური წარმოშობის ნივთებს, საჩუქრის მაძიებლები – ვინც ბრენდულ შეფუთვას ადამიანურ ისტორიას ამატებს, კომპანიები, რომლებიც ირჩევენ CSR პროექტებს, და თანამშრომლებისთვის საჩუქრების სახით უჭერენ მხარს ქალთა გაძლიერებას, ასევე დიზაინზე ორიენტირებული მაღაზიები, რომლებიც ადგილობრივ ხელნაკეთობას აფასებენ.

პროდუქცია ხელმისაწვდომია გაყიდვაზე ბაზრობებში, ღონისძიებებზე, მცირე პარტნიორულ წერტილებში და მომავალში – ვებსაიტზე, რომლის შექმნაზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა.

M: როგორ ხედავთ საწარმოს განვითარებას?

დედიკოს მიზანია, ჩამოაყალიბოს სტაბილური მიკროეკონომიკური მოდელი, სადაც სოციალური საწარმო ფუნქციონირებს როგორც თვითკმარი პლატფორმა. სამომავლო გეგმებში შედის ონლაინ პლატფორმის გახსნა, პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, განვითარება რეგიონებში და დიზაინის მიმართულებით გაფართოება.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია – კომპანიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, რათა „დედიკოს“ პროდუქცია გახდეს სოციალური შინაარსის მატარებელი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი. საჩუქარი შეიძლება მხოლოდ ნივთი არ იყოს – ის შეიძლება იყოს მხარდაჭერის ფორმა.

რუბრიკის წარმდგენია „სტარტაპერი“.

როგორ მოხვდა თვალი ნუდელსში? —  სიურრეალისტური რეკლამა 

ბაკურიანი ხილით – ახალი გემო