ალბათ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვავიწყდება, რამდენად დიდ როლს ასრულებენ დედები ჩვენს ცხოვრებაში — ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც უპირობოდ ვუყვარვართ, ყველანაირი ეჭვების გარეშე სჯერათ ჩვენი და ფიქრობენ, რომ რაც უნდა იყოს, მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოს ვიმსახურებთ… არის რთული დღეებიც, კონფლიქტი, გაუცხოება და სიშორე, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად დედაშვილობის კავშირი უცვლელად მყარია.
სწორედ ეს ემოციები და განცდები ჩანს იმ რეკლამებში, რომლებიც წლების განმავლობაში დედის დღესთან დაკავშირებით იქმნებოდა. რამდენიმე საუკეთესოს კი ჩვენს სტატიაში მოვუყარეთ თავი.
Because You Loved Me — Nestle
„ნესტლეს“ ამ ვიდეორგოლში რამდენიმე ამბავია თავმოყრილი, რომლებიც გვიჩვენებს, რამდენად დიდ როლ ასრულებს დედის სიყვარული ჩვენი მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებაში.
Budweiser-ის რეკლამაშიც სწორედ დედის ძალაა ნაჩვენები — სიუჟეტის NBA-ის ვარსკვლავის, კევინ დურანტის სიტყვით იწყება, როდესაც დედამისს მადლობას უხდის ყველა იმ ძალისხმევისა და ნდობისთვის, რის საფუძველზეც კევინმა უდიდეს კარიერულ წარმატებას მიაღწია.
Texts from Moms — Samsung
დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ეს სტერეოტიპი მოძველდება და დედებზე ვეღარ ვიტყვით, რომ „ციფრულ ცხოვრებაში ვერ ერკვევიან“. თუმცა წლების წინ Samsung-ის მიერ გადაღებული რეკლამა ჯერ კიდევ აქტუალურია — მასში ნაჩვენებია სახალისო, თბილი და ტკბილი შეტყობინებები, რომლებსაც დედა შვილს დაუღალავად წერს…
P.S. არ დაგავიწყდეთ 3 მარტს დედასთან დარეკვა.
სავარაუდოდ, ეს ვიდეორგოლი ყველამ კარგად იცით, რადგან უკვე წლებია, ინტერნეტ სივრცეში ტრიალებს… თუმცა ამ ჩამონათვალში მაინც უნდა გავიხსენოთ, რადგან ეს არის დემონსტრაცია იმისა, თუ რამდენად უნიკალურია დედა-შვილის ურთიერთობა და სიყვარული. როცა ბრმად ვცნობთ ყველაზე ძვირფასს.
Inseparable — Coca Cola
სტატიის დასაწყისში იმაზე გესაუბრეთ, რომ დედა-შვილის ურთიერთობა ყოველთვის ერთნაირი არ არის… არის დღეები, როცა სხვადასხვა ფაზასა და ეტაპს გავდივართ, განსხვავებულად ვგრძნობთ თავს და შესაბამისად, ემოციებსაც განწყობის მიხედვით გამოვხატავთ. Coca-Cola-ს ამ რეკლამაშიც სწორედ დედისა და ქალიშვილის ურთიერთობის ეტაპებია წარმოდგენილი, რომლებშიც ბევრი რამ იცვლება, სიყვარული კი რჩება.
Once a Mother, Always a Giant — Brawny
თუ თქვენც დედა ხართ, ალბათ, ერთხელ მაინც გიფიქრიათ: „ნეტავ როგორ მხედავს ჩემი შვილი?“… მოცემულ ვიდეორგოლსაც ეს კითხვა უდევს საფუძვლად — ამ შემთხვევაში კამერა შვილებზეა დამაგრებული და მისი თვალით დანახულ სამყაროს ვუყურებთ, რომელიც დედის ირგვლივ ტრიალებს.
დედა გახდები და გაიგებ — JWT Metro
ამ ფრაზას ზედმეტი განხილვა არ სჭირდება… ყველას გვსმენია და ზუსტად ვიცით, რომ უამრავ კონტექსტზე მორგებულად გამოიყენება.
ავტორი: ქეთია ბელქანია