პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ დედები „სუპერგმირები“ არიან — გამოგონილი პერსონაჟებისგან განსხვავებულები, მაგრამ გაცილებით ძლიერები. თითოეულს რაღაც განსაკუთრებული ძალა აქვს, რაზეც ყოველდღიურობაში ხშირად არ ვსაუბრობთ, თითქოს, რასაც აკეთებენ, ბუნებრივი მოცემულობაა და „იმის იქით რა საჭიროა ჩაძიება“…
ამ სტატიაში კი, დედის დღესთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, რამდენიმე ქალისთვის გვეკითხა: რა განსაკუთრებული ძალა აქვს დედას? ასევე, მათ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს, გვიამბეს ემოციური ამბები, რომლებიც შვილებთან ან დედებთან აკავშირებთ.
ბეკი ფანცხავა, ბრენდის და კომუნიკაციების სპეციალისტი, სტრატეგიული მარკეტინგის ლექტორი: „საკმაოდ საპასუხისმგებლო დავალება მომცეს: აღწერე „რა არის დედობა და რა განსაკუთრებული ძალა აქვს დედას“-ო. ეს კითხვა რომ დამისვეს, ფეხით გავიარე სამსახურიდან სახლამდე, რათა ათასი აზრი დამელაგებინა. ალბათ, იმის იმედი მქონდა, რომ ისეთ რაღაცამდე მივიდოდი, რაც გენიალური და ამავდროულად, ძალიან ლაკონიური იქნებოდა.
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. თავში სულ ერთი წინადადება მიტრიალებდა, რომელიც ჩემმა შვილმა, ალექსანდრემ, ძალიან ჩუმად მითხრა რამდენიმე დღის წინ. „საუკეთესო დედა ხარ დედამიწაზე. არა, გალაქტიკაში. არა, არა, მოიცა. სამყაროში“. ვფიქრობ, ასეთ შეფასებას არ ვიმსახურებ, თუმცა ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ სიტყვებმა და განსაზღვრებაც აქედან მოვიდა. ჩემთვის დედობა ინდივიდუალური, სუბიექტური, ქაოტური და განსაკუთრებული რამეა, სადაც სწორი და არასწორი ძალიან პირობითია. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქაოსში ყველაზე დიდი სიყვარულის, სიბრძნის და ძალის მოძიების შესაძლებლობაა, რისთვისაც, პირადად მე, ალექსანდრეს მადლიერი ვარ. მადლობა, რომ ჩემი შვილი ხარ და მე ალექსანდრეს დედა ვარ“.
ნინი ჩიქოვანი „თამაშობანას“ და გამომცემლობა „ცნობისმოყვარე პანდა“-ს დამფუძნებელი: „დღეს მე და ჩემი და ვიხსენებდით იმ გმირობებს, რაც დედას ჩვენთვის გაუკეთებია. ხმამაღლა ვიხსენებდით, დედაც გვერდით გვეჯდა. გავიხსენეთ ის, რომ 1,9 წლის სხვაობით გაგვზარდა ცეკვა-თამაშით, უცხო ქვეყანაში გადაცხოვრებულებს, სრული კომფორტი შეგვიქმნა, რომ არ გვეგრძნო თავი უცხოდ, გვასწავლა ყოველთვის საკუთარი გულის მოსმენა, და სწორი პრიორიტეტების დალაგება… გვასწავლა, რომ მთავარია, იყო ბედნიერი ყველაფერში, რასაც აკეთებ. დედამ გვისმინა, გვისმინა და ბოლოს გამოგვიცხადა — რა გმირობები ეს არისო? ეგ დედისთვის ჩვეულებრივი ამბავიაო. ზუსტად ასე ხედავს ამ ყველაფერს დედაჩემი; ზუსტად ასე ვუყურებ ალბათ მეც იმ ყველაფერს, რაც ჩემი და ჩემი შვილების ყოველდღიურობაში ხდება, და ზუსტად ასე უყურებს ყველა დედა იმას, რასაც ის თავისი შვილებისთვის აკეთებს ყოველ დღე.
ჰოდა ზუსტად ამ ჩვეულებრივობაში „გაყვანილი“ გმირობები და სუპერძალები მინდა აღვნიშნო დღეს. მხოლოდ დედებს აქვთ სუპერ-ძალა გიმკურნალონ ფიზიკურად და ემოციურად, მხოლოდ დედებს აქვთ საუკეთესო ინტუიცია შვილების მიმართ, მხოლოდ დედებმა იციან ერთდოულად 20 საქმის კეთება და კიდევ 20ზე ფიქრი, მხოლოდ დედებს აქვთ ყველაფრის პოვნის, და ამ ყველაფრის მერე დალაგების ნიჭი, მხოლოდ დედებმა ზუსტად იციან, როცა არ ამბობ სიმართლეს, და ხედავენ ყველაფერს რენტგენის აპარატზე უკეთ…
დედებს შეუძლიათ საუკეთესო რჩევების გაცემა, ზრუნავენ ჩვენზე და ვუყვარვართ ისეთი სიყვარულით, როგორითაც ვუყვარვართ — უპირობოდ და ძლიერ ძლიერ. გმირობაა აბა რა არის ეს ყველაფერი?“.
ნინო დვალიძე, სტარტაპ Edumentors-ის თანადამფუძნებელი: „როცა სტარტაპის თანადაფუძნებელი გავხდი, კარგად მქონდა გაცნობიერებული, რა სირთულეებს ვეჭიდებოდი, თუმცა მჯეროდა ჩვენი სტარტაპის იდეის და იმ პოზიტიური ცვლილებების, რაც ამ კომპანიას შეეძლო საგანმანათლებლო სივრცეში მოეხდინა. 2 მცირეწლოვანი შვილის დედა ვარ, და მალევე გავაცნობიერე, რომ სტარტაპის ოჯახთან შეთავსება ყველზე დიდი გამოწვევა იქნებოდა. მეორე მხრივ, ეს დავინახე შესაძლებლობად, ჩემი საკუთარი თავიც გამომეცადა და შვილებისთვისაც მეჩვენებინა სირთულეებთან გამკლავების, სიმტკიცის მაგალითი. სტარტაპის განვითარების გზაზე მცირე თუ დიდ სირთულეს, იმედგაცრუებას ღიად განვიხილავდი შვილებთან და ვაჩვენებდი, როგორ შეიძლებოდა სიმტკიცით და პოზიტიური განწყობით გამოწვევების გადალახვა და სასურველ შედეგზე გასვლა.
ვფიქრობ, დედას აქვს ძალა, შვილებს ოცნებებთან შეჭიდება გააბედვინონ და რისკების მიუხედავად ყველაფრის ცდის უნარი ჩამოუყალიბონ. თავადაც ვაჩვენებ ჩემს შვილებს, როგორ გამკლავებოდნენ მარცხს და იმედგაცრუებას და მაინც გაეგრძელებინათ ბრძოლა. მჯერა, რომ დღეს ჩემი შვილები უკვე ძლიერი, მტკიცე ადამიანები არიან. მათ იციან, რომ ცხოვრება მარტივი არ არის, მაგრამ მათ ხელშია, როგორ დახვდებიან ამ გამოწვევებს, მათ ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლიათ. მიხარია, რომ როგორც დედამ მათ ეს იარაღი მივეცი“.
თეო ლეჟავა, თიბისი ლიზინგის ბრენდისა და ადამიანებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი: „ხშირად მეკითხებიან, როგორ ვუნაწილებ 6 შვილს სიყვარულს, თანაბრად. ვფიქრობ, რომ ეს არის ის ყველაზე სასიამოვნო, საპასუხისმგებლო, მთავარი ღირებულება, რომელსაც 19 წლიდან ვაგროვებ და ჯერაც ვერ ამოვწურე. თითოეული მათგანი (ან ყოველი შემდეგი) განსხვავებული და განსაკუთრებულია, შესაბამისად, ჩემი მიდგომაც ინდივიდუალიზმს მოითხოვს. ეს ორმხრივი ურთიერთობაა და მათი როლი ჩემი მოტივირება, ჩემთვის კი — სიმშვიდის და იმედის გარანტად ყოფნაა.
ეს ყველაფერი ყველაზე მძაფრად მაშინ ვიგრძენი, როცა უფროსი შვილისგან პირველად მივიღე რჩევა. თუ არსებობს რევოლუციური აფეთქება, მაშინ მოხდა ჩემთვის და სრულიად გადატრიალდა ჩემი სამყარო. მივხვდი, რომ ერთმანეთისგან ბევრის სწავლა შეგვიძლია და დღეს უკვე საერთო მეგობრები გვყავს, რომლებთანაც სასიამოვნოდ ვგრძნობთ თავს. დედაშვილურ ურთიერთობაზე ჩემი წარმოდგენა იმ ლაღ, მარტივ და გულწრფელ ბავშვობაში ჩამოყალიბდა, რომელიც დედაჩემმა მაჩუქა და ჩემს შვილებთან მეგობრობის წინაპირობაც სწორედ მაშინ უნდა შექმნილიყო.. და რადგან მუდმივად მაქვს იმის განცდა, რომ საკმარისი ყურადღება და სიყვარული ამ ურთიერთობებში არ არსებობს, მინდა თქვენი საშუალებით მადლობა ვუთხრა დედას, რომელიც საუკეთესო მაგალითი იყო და ჩემს შვილებს, რომლებიც ყოველდღიურად მაძლევენ მოტივაციას და ენერგიას უკეთესი ვიყო“.
ეკა ყიფიანი, JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი: „დედის ძალის სიმბოლო დედაჩემია. მგონია, რომ ზებუნებრივი ძალების პატრონია და გვიმალავს. აბა საიდან შეიძლება სულ ყველაფერი შეძლოს? უკანასკნელ დეტალებამდე იცოდე ოჯახში ვის რა უყვარს და განსაკუთრებით ვის რა არ უყვარს. იცის სად არის შენახული ის წიგნი მერვე კლასში რომ მქონდა? რა ერქვა იმ ბაღელს ჩემ გვერდით რომ იყო ზეიმზე? სად შეიძლება იყოს მეორე წინდა? შეუძლია შეამჩნიოს მინიატიურული ცვლილება ჩვენს გამომეტყველებაში და მიხვდეს, რომ რაღაც ისე ვერ არის. შეუძლია ნივთი რომელსაც უჯრაში 2 საათია ვეძებ, ერთი დახედვით იპოვოს. ეჭვი მაქვს, შეუძლია წინასწარ გამოიცნოს რა მოხდება — როცა შენ საპირისპიროს თავგამოდებით ამტკიცებ — ბოლოს მაინც გაირკვევა რომ მართალია. შეუძლია შენზე ბევრად დაღლილი იყოს და მაინც შენზე ბევრად მეტი შეძლოს“.

ნინო ეგაძე, მარკეტინგის სპეციალისტი, დიზაინ ინსტიტუტის დამფუძნებელი, კი იმ დამოკიდებულებას და აღფრთოვანებას გვიზიარებს, რომელიც შეიძლება შვილს დედისადმი ჰქონდეს, როგორც ყველაზე განსაკუთრებული და ძვირფასი ადამიანისადმი: „დედაჩემი ყველას ყოველთვის უყვარდა და მე ყველაზე მეტად. დედაჩემი ნამდვილი მუზა იყო, მას უძღვნიდნენ, მისთვის ხატავდნენ, მისთვის მღეროდნენ, ზოგჯერ ქუჩაში მოგვაძახებდნენ, რომ ის ყველაზე ლამაზია. მიყვარდა, როცა სკოლაში უწევდა მოსვლა, რადგან შემდგომ დღეებში ყველა აღნიშნავდა „რა ლამაზია“… მიჭირდა როდესაც სცენაზე ვუყურებდი, მეგონა ვიღაც წამართმევს, ლამაზი ქალები სპექტაკლებში და კინოში სასიკვდილოდ არიან ხოლმე განწირული და ამის ყურება დაუჯერებლად რთული იყო. დროსთან ერთად ეს აღფრთოვანება კიდევ უფრო საინტერესო ურთიერთობაში გადაიზარდა, რაღაც ახლო და ძალიან თბილი გაჩნდა, ბევრი ზრუნვა დაემატა, ბევრი საინტერესო „ფენა“ ურთიერთობას. ყველაზე ძლიერი გრძნობა ამ ურთიერთობაში ისევ აღფრთოვანებაა — ამჯერად ერთმანეთით.
ამ ამბებში დედის „სუპერძალების“ მხოლოდ ნაწილი გამოიკვეთა, რადგან ალბათ, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ყველაფერს ვერ ჩამოვთვლით და ვერც „მივუხვდებით“… ზოგჯერ ხომ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რას და როგორ აკეთებენ, ახერხებენ.
ავტორი: ქეთია ბელქანია