სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის კვლევამ, რომელიც 3.6 მილიონზე მეტ დედისა და შვილის წყვილს მოიცავდა, აჩვენა, რომ ბავშვები, რომელთა მშობლებს ორსულობამდე და ორსულობის დროს ჭარბი წონა ჰქონდათ, ნეიროფსიქიატრიული და ქცევითი დარღვევების მეტად მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ, იქნება ეს აუტიზმი (ASD) თუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD).
„დედის სიმსუქნე ყოველთვის უკავშირდებოდა მრავალ პერინატალურ შედეგს, მათ შორის ნაადრევ მშობიარობას, ბავშვის დაბალ წონას, მკვდრადშობადობას და მაკროსომიას, ანუ ბავშვის მაღალ წონას. კვლევაში ჩვენ შევისწავლეთ დედის ჭარბი წონა და სიმსუქნე ორსულობამდე და ორსულობის დროს, აღმოვაჩინეთ, რომ ორივე მნიშვნელოვნად უკავშირდება ფსიქიატრიულ და ქცევით დარღვევებს ბავშვების შემდგომ ცხოვრებაში, კონკრეტულად ASD-ს, ADHD-სა და თანატოლებთან ურთიერთობების პრობლემებს“, — ამბობს ბერეკეტ დუკო, კვლევის წამყვანი ავტორი.
აღსანიშნავია, რომ კვლევა Centre of Research Excellence Health in Preconception & Pregnancy-ის დაფინანსებით ჩატარდა და მრავალ უნივერსიტეტთან პარტნიორობას მოიცავდა, მათ შორისაა Curtin University, Monash University და SAHMRI. სულ 42 ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდა და შედეგად გამოვლინდა, რომ ქალის ჭარბი წონა:
- ბავშვებში ADHD-ს 32%-ით ზრდის
- აორმაგებს (2.23) აუტიზმის განვითარების რისკს
- ქცევითი დარღვევების რისკს 16%-ით ზრდის
ასევე აღმოაჩინეს, რომ ორსულობამდე სიმსუქნე ან ჭარბი წონა ADHD-ის, ASD-ის, ქცევითი და ფსიქოზური აშლილობის გაზრდილ რისკებს უკავშირდება. ამასთან, 30%-ით ზრდის თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემებს. შესაბამისად, მეცნიერები ამ კვლევით ახალ პერსპექტივას გვაცნობენ იმისა, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს დედის სხეულის წონას ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე.
„რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალებში სიმსუქნის გლობალური მაჩვენებლების მზარდი ტენდენციისა და ნეიროდარღვევების მქონე ბავშვების რიცხვის მატების გამო, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ დედის წონის პოტენციური გრძელვადიანი შედეგები ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე… მართალია, კიდევ მრავალი კვლევის ჩატარებაა საჭირო ამ ასოციაციების ბიოლოგიური მექანიზმების შესასწავლად, მაგრამ მიღებული შედეგები ხაზს უსვამს პროცესში ჩარევის აუცილებლობაზე, რაც მშობლების ჯანსაღ ცხოვრებას უნდა უზრუნველყოფდეს“, — აცხადებს დუკო.














