რა ხდება, როცა კარგი მსახიობი და Deepfake AI ტექნოლოგია ერთმანეთს ხვდებიან? ამ კითხვაზე პასუხის მიღება ქვემოთ მოცემული ვიდეოების ნახვისას შეგიძლიათ. თუმცა, სანამ ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობებს ნახავთ, უნდა განვმარტოთ.
Deepfake იძლევა საშუალებას უკვე არსებულ ვიდეოში, ადამიანის სახე ჩანაცვლდეს. ჩანაცვლდეს ისეთი ადამიანის სახით, რომლის სახის, მიმიკების, გამომეტყველების ამსახველი ბევრი მასალა (ფოტო, ან ვიდეო) არსებობს. ცვლილების შესაძლებლობა არ ვრცელდება მხოლოდ გამოსახულებაზე. ტექნოლოგიას შეუძლია ხმის იმიტაციაც.
Deepfake ტექნოლოგია, აქტიურად, დაახლოებით, 5 თვის წინ გამოჩნდა და რაც დრო გადის, სულ უფრო იხვეწება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩანაცვლებული სახეები ვიდეოებში სულ უფრო რეალურად გვეჩვენება. შესაბამისად, ტექნოლოგიის განვითარების კვალდაკვალ, სულ უფრო რთული გახდება ნამდვილი და ყალბი ვიდეოს ერთმანეთისგან გარჩევა…
ცხადია, რომ ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია როგორც სასარგებლო, ასევე, საფრთხისშემცველი მიზნებისთვის. Deepfake VFX ინდუსტრიისთვისაა სასარგებლო, ანუ კომპანიებისთვის, რომლებიც დიდ რესურსსა და დროს ხარჯავენ ვიზუალური ეფექტების შექმნაში. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ვიზუალური ეფექტების შესაქმნელად აღარ გახდება საჭირო 3D მოდელების შექმნა და მაგალითად, ფილმის მსახიობის სახის მოხუცი, ან ახალგაზრდა ვერსიით ჩანაცვლებისთვის დიდხნიანი შრომა. თუმცა, არსებობს სხვა, საკმაოდ საშიში მიმართულებები, სადაც შეიძლება Deepfake-ის გამოყენება აქტიურად დაიწყონ. მით უფრო, Fake News-ის ეპოქაში, Deepfake-ის არსებობა ინფორმაციის გავრცელებასა, თუ მიღებასთან დაკავშირებულ ახალ სირთულეებს აჩენს.
Deepfake ვიდეოები აქტიურად ქვეყნდება YouTube არხზე სახელად Sham00K. ქვემოთ მოცემული ვიდეომანიპულაციაც, რომელშიც მსახიობი ჯიმ მესიკიმენია, ამ გვერდის მიერაა გავრცელებული. შემდეგი ვიდეო კი, რომელშიც მსახიობი საკუთარ სახეზე, სხვადასხვა ცნობილი ადამიანის სახეს ირგებს, თვითონ ჯიმ მესიკმენის მიერაა გავრცელებული.
ამბობენ, რომ თანამედროვე ადამიანმა ისწავლა სჯეროდეს იმის, რასაც საკუთარი თვალებით ხედავს. თუმცა, შეგვიძლია, თუ არა დავუჯეროთ თვალებს Deepfake ეპოქაში?