in

Deepfake რუკები – როგორ აყალბებს ხელოვნური ინტელექტი სატელიტურ ფოტოებს?

ამან, შესაძლოა, სამომავლოდ ძალიან დიდი ნეგატიური გავლენა იქონიოს

მიუხედავად იმისა, რომ “დიფფეიქის” კონცეფცია, ანუ ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული სინთეზური გამოსახულება, ძირითადად სხვადასხვა ადამიანების ვიზუალის ერთმანეთში აღრევასა თუ ცვლილებას ემსახურება, მისი მიმართვა სხვა უფრო სახიფათო მხარეს შეიძლება. მაგალითად, მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ის, შესაძლოა, სატელიტური ფოტოების მანიპულირებისთვის იქნას გამოყენებული – რეალური ქალაქების, მაგრამ სრულიად ყალბი საჰაერო რუკების შესაქმნელად.

ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს საჰაერო ფოტოები, რომლებშიც ნაჩვენებია ბირთვული დანადგარები ირანში და სარაკეტო ობიექტები ჩრდილოეთ კორეაში.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა ბო ჟაომ AI ტექნოლოგიები გამოიყენა, კერძოდ, ალგორითმი სახელწოდებით CycleGAN, რათა თავად შეეცვალა სატელიტური ფოტოები. ჟაომ და მისმა კოლეგებმა სიეტლისა და პეკინის ფოტოები ერთმანეთში აურიეს – პეკინში მოათავსეს სიეტლის შენობები და პირიქით. ეს ქმედება სულაც არ ემსახურება შფოთვის ან მღელვარების წარმოქმნას, არამედ რისკებსა და შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

ზემოთ ხსენებული ალგორითმი კალიფორნიის უნივერსიტეტის, ბერკლის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს და ფართოდ გამოიყენება გამოსახულებების გაყალბებისთვის. ის ავარჯიშებს ხელოვნურ ნერვულ ქსელს გარკვეული სურათების ძირითადი მახასიათებლების, მაგალითად, ფერწერის სტილის ან კონკრეტული ტიპის რუკის მახასიათებლების ამოსაცნობად. შემდეგ კი, კიდევ ერთი ალგორითმის დახმარებით ირკვევა, ზუსტად როდის შეიცვალა ფოტო.

საგულისხმოა, რომ ამ ტიპის ფოტოებს შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მთავრობა ან დეზინფორმაციის სახით გავრცელდეს მედიაში და საზოგადოებაში ეჭვები დაბადოს. “აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელმაც, შესაძლოა, ყოველ მოქალაქეზე ხვალვე არ იმოქმედოს, მაგრამ მომდევნო ათწლეულში აუცილებლად დიდ გავლენას იქონიებს” – ამბობს გრანტ მაკკენზი, სივრცითი მონაცემების პროფესორი ასისტენტი.

სამწუხაროდ, რამდენიმე მანიპულირებული სატელიტური ფოტო უკვე ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელში. და როგორც მკვლევრები ამბობენ, არც კი იციან, რისი გაკეთება შეიძლება ამ პროცესის შესაჩერებლად… მართალია, ამ ეტაპზე სასამართლო ექსპერტიზა ჯერ კიდევ ახერხებს გაყალბებული ფოტოსურათების იდენტიფიცირებას, თუმცა ავტომატიზებული სიყალბის ახალ მეთოდებს მოითხოვს.

ცხადია, ხელოვნური ინტელექტით მანიპულირებული სურათების დაფიქსირება აკადემიური, ინდუსტრიული და სამთავრობო კვლევების ძირითადი სფერო გახდა. დიდი ტექნიკური კომპანიები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან დეზინფორმაციის გავრცელებით, ხელს უწყობენ ღრმა ყალბი ვიდეოების იდენტიფიკაციის ავტომატიზირებას.

ასე რომ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დეზინფორმაციის დაჯერებამდე საფუძვლიანად გადავამოწმოთ კადრები და დაველოდოთ, რას მოიმოქმედებენ ექსპერტები ამ პრობლემის გადასაჭრელად.

ტოკიო მზადაა, ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს! – ანიმაცია იაპონური კულტურისა და სპორტული დისციპლინების სინთეზით

ქართული სააგენტოების წარმატება KIAF 2021-ზე – ნახეთ შედეგები!