ჩვილების სწავლის კვლევით შთაგონებულმა კომპიუტერულმა მეცნიერებმა შექმნეს პროგრამა, რომელსაც შეუძლია გაიგოს, რომ ფიზიკური სამყარო ფიზიკის ბაზისურ წესებზე დამორჩილებული ობიექტებისგან შედგება. საუბარია DeepMind-ის ხელოვნური ინტელექტის სისტემაზე, სახელწოდებით PLATO (ფიზიკის შესწავლა ავტო-კოდირებითა და ობიექტებისთვის თვალის დევნებით).
DeepMind-ის მკვლევრებმა PLATO მისთვის შექმნილი სიმულაციური ვიდეოების ჩვენებით გაავარჯიშეს — მათ შორის იყო ბურთების ერთმანეთის მიყოლებით ვარდნა, როგორ ეჯახებიან ისინი ერთმანეთს. ამასთან, პროგრამა ისეთი მონაცემებითაც უზრუნველყვეს, რომელიც აჩვენებდა, რომელი პიქსელი რომელ ობიექტს ეკუთვნოდა. თანაც, PLATO-ს ობიექტების ფიზიკური თვისებების შიდა წარმოდგენის შექმნაც შეუძლია, როგორიცაა პოზიცია და სიჩქარე.
საგულისხმოა, რომ ვიდეოების სერიები ხელოვნური ინტელექტისთვის ფიზიკის სამი ცნების სწავლას ემსახურებოდა. ესენია მუდმივობა (ობიექტი არ ქრება), სიმყარე და უცვლელობა (ობიექტი ინარჩუნებს ისეთ ნიშნებს, როგორიცაა ფერი და ფორმა). ვიდეოთა ნაწილში ობიექტები ფიზიკის წესებს ემორჩილებოდა, ხოლო ნაწილში ფიზიკის კანონებს მიღმა კადრები იყო აღბეჭდილი — მაგალითად, ობიექტის უეცარი გაუჩინარება.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მკვლევრებმა PLATO-ს იმის გამოცნობა დაავალეს, თუ რა მოხდება თითოეულ ვიდეოში ამა თუ იმ კადრის შემდეგ. ალოგიკური ვიდეოების შემთხვევაში მისი პასუხი არასწორი იყო, ხოლო როცა ფიზიკის კანონები დაცული იყო, ისიც სწორად პასუხობდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ AI-ის უკვე აქვს ფიზიკის ინტუიციური ცოდნა.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ეს კვლევა ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, უფრო მეტსაც გავიგებთ ადამიანის მხედველობისა და მისი განვითარების შესახებაც. „ეს პროგრამა ჰგავს ბავშვისთვის იმის სწავლებას, თუ რა არის მანქანა და ამას ვიწყებთ ჯერ იმის სწავლებით, თუ რა არის ბორბალი და სავარძელი. ობიექტოცენტრული რეპრეზენტაციის უპირატესობა ისაა, რომ AI ფიზიკის ინტუიციურ ცოდნას ივითარებს და მონაცემებსაც ეფექტურად იყენებს“, — განმარტავენ მეცნიერები.