უკვე შეგვიძლია, იმ მკვლევართა რიცხვს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი თვითცნობიერი გახდება, DeepMind-ის აღმასრულებელი დირექტორიც მივამატოთ. „ფილოსოფოსები ცნობიერების განსაზღვრებაზე ჯერჯერობით არ შეთანხმებულან, მაგრამ თუკი მასში მოვიაზრებთ თვითშემეცნებასა და მსგავს რაღაცებს, ვფიქრობ, არსებობს შესაძლებლობა, რომ ხელოვნური ინტელექტი ერთ დღესაც ამ მდგომარეობას მიაღწევს“, — ამბობს დემის ჰასაბისი.
ალბათ, ჰასაბისი განცხადება განსაკუთრებით ყურადსაღებია Google-ის გასული წლის გადაწყვეტილების ფონზე, როდესაც კომპანიამ AI მკვლევარი ბლეიკ ლემოინი გაათავისუფლა. მიზეზი კი ამ უკანასკნელის განცხადება იყო იმის შესახებ, რომ კომპანიის ენობრივი მოდელი LaMDA მგრძნობიარე გახდა.
AI ომები
ცხადია, ლემოინი მარტო არაა მსგავს მოსაზრებებში, რომ დიდი ენობრივი მოდელები ან უკვე იძენენ ადამიანის მსგავს შემეცნებით შესაძლებლობებს, ან მალე მიაღწევენ ამ ეტაპს. მაგალითად, ზემოთ ხსენებულ შემთხვევამდე თვეებით ადრე OpenAI-ის მთავარმა მკვლევარმა ტვიტერზე დაპოსტა: „შეიძლება ითქვას, დღევანდელი დიდი ნეირონული ქსელები ოდნავ ცნობიერია“. ამას კი დისკუსიის ხანგრძლივი ტალღა, ნეგატიური შეფასებები და ადამიანთა ჩანაცვლების შიშის ახალი დონე მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი ექსპერტი ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას, მანქანური სწავლების სფეროში მომუშავე მკვლევრები უფრო მეტად ემხრობიან ცნობიერი AI-ის არსებობის შესაძლებლობას. ჩვენ კი ჯერჯერობით მტკიცებულებების გარეშე ვმსჯელობთ…












