DeepMind აცხადებს, რომ ახალი AI მოდელი შეიმუშავა, სახელწოდებით RoboCat. ამ უკანასკნელს კი მთელი რიგი ამოცანების შესრულება შეუძლია, თანაც რობოტული მოწყობილობების სხვადასხვა მოდელზე. მართალია, ამაში არაფერია განსაკუთრებით ინოვაციური, მაგრამ კომპანია ამტკიცებს, რომ მოდელი პირველია, რომელსაც მრავალი ამოცანის ერთდროულად გადაჭრა შეუძლია — სხვადასხვა, რეალურ დროში ერთად მომუშავე რობოტების გამოყენებით.
„ვაჩვენებთ, რომ ერთ დიდ მოდელს მრავალფეროვანი ამოცანების გადაჭრა რამდენიმე რობოტული მოწყობილობით ერთად შეიძლება“, — ამბობს ალექს ლი, DeepMind-ის მკვლევარი და RoboCat-ის გუნდის წევრი.
RoboCat შთაგონებულია კომპანიის AI მოდელით, სახელად Gato — მას შეუძლია ტექსტის, სურათებისა და მოვლენების ანალიზი; ამას ემატება მოქმედების უნარი, ტრენინგების ჩატარების სახით. ლის თქმით, მონაცემები ვირტუალურ გარემოში არსებული რობოტების მაკონტროლებელი სხვა მოდელების კომბინაციიდან და იმ ადამიანებისგან მიიღეს, რომლებიც მსგავს მოწყობილობებს აკონტროლებენ.
აღნიშნული მოდელის შესაქმნელად, DeepMind-ის მკვლევრებმა ადამიანის მიერ კონტროლირებადი რობოტული მკლავის გამოყენებით სხვადასხვა მონაცემი შეაგროვეს. შემდეგ შეიმუშავეს სპეციალიზებული „სპინ-ოფის“ მოდელი, რომელიც დავალებას საშუალოდ 10 000-ჯერ გაიმეორებდა. მსგავსი მიდგომით, RoboCat-ის სასწავლო მონაცემთა ბაზა განუწყვეტლივ იზრდებოდა, რაც მოდელის შემდგომი ვერსიების წარმოქმნას უწყობდა ხელს.
ამჟამად DeepMind ირწმუნება, რომ 1000 ადამიანის მიერ კონტროლირებადი დემონსტრაციის დაკვირვების შემდეგ, რომლებიც რამდენიმე საათის ინტერვალში შეგროვდა, RoboCat-მა სხვადასხვა რობოტული იარაღის მართვა ისწავლა. „ახალი ამოცანისთვის დემონსტრაციების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, მოდელი კარგად ერგება ახალ ამოცანებს. თავის მხრივ, უფრო მეტი მონაცემის გამომუშავება და სისტემის მეტად გაუმჯობესება შეუძლია“, — განმარტავს ალექს ლი.
სამომავლოდ კვლევითი გუნდის მიზანია, დემონსტრაციების რაოდენობა 10-მდე შეამციროს, რომელიც RoboCat-ის სწავლებისთვისაა საჭირო.