8 წლის აღსანიშნავად, Deeprog Events კომპანია, რომლის გუნდიც, 2012 წლიდან, ევროპაში, უფრო ზუსტად კი, ავსტრიასა და უნგრეთში ფსაიტრანს ღონისძიებებს ვიზუალურად აფორმებს, 28 მარტს, ვენაში, კლუბ Grelle Forelle-ში, საკუთარ იუბილეს თავისივე შექმნილი დეკორაციებით შეხვდება.
ჩვენი ყურადღება ამ ღონისძიების სახელმა მიიქცია, სადაც ქართული ანბანის მეოთხე ასო-ბგერა დონს აშკარად ვხედავთ. და იმის გასარკვევად, ამ კომპანიას საქართველოსა და ქართულ ანბანთან რა კავშირი ჰქონდა, გადავწყვიტეთ, Deeprog Events-ის ფეისბუკგვერდისთვის მიგვეწერა.
აღმოჩნდა, რომ ეს ნამდვილად ქართული „დ“ არის და მას თვალის ფორმის დატვირვა აქვს. ჩვენთვის კონკრეტული ვინაობა უცნობია, თუმცა როგორც გავარკვიეთ, Deeprog Events-ის გუნდში ქართული ანბანის შესახებ, ერთ-ერთი წევრის ყოფილი შეყვარებულის ქართველი მამისგან გაიგეს.
მოკლედ, ჩვენ 8 წლის წარმატებულად აღნიშვნა შევუთვალეთ, იქიდან კი, ტიფლისი მოიკითხეს.
ჩვენი დონი კი, 2020 წელს, არამხოლოდ 8 წლის იუბილეს ესწრება, არამედ მას კომპანიასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ფესტივალი აქვს მოვლილი: 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში.