3
Aug
2016

ჩემპიონები სტერეოტიპების წინააღმდეგ – ოლიმპიური კამპანია BMW Mini–სგან

3 Aug 2016

Elit Electronics
Elit Electronics


ყველაზე გრანდიოზული სპორტული მოვლენა, რომელსაც 4 წლის განმავლობაში ველოდებით ხოლმე, მზადებისა და მღელვარების გადამწყვეტ ფაზაში შედის. 5 აგვისტოს რიოს ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება. მანამდე კი BMW Mini–მ გულშემატკივრებს საინტერესო ვიდეორგოლი მოუმზადა, რომელიც ამერიკის ოლიმპიურ ნაკრებზეა, თუმცა, სამოტივაციოდ ყველასთვის სასარგებლოა.

 

 

სამწუხაროდ, დღესდღეობით, საზოგადოების ყოველდღიურობის ნაწილია ადამიანების ჯგუფებად დაყოფა და მათთვის აბსურდული იარლიყების მინიჭება: “ის ზანგია”, “ეს მუსულმანია”, “იმას კიბო აქვს”, “ის გოგოა”. მსგავს დისკრიმინაციას ყველა სფეროში აქვს ადგილი და გამონაკლისი არც სპორტია. Mini–ს 30 წამიან ვიდეორგოლში ამერიკის ნაკრების საუკეთესო სპორტსმენები იმ მიზეზებს ასახელებენ, რის გამოც მათ ერთ დროს იწუნებდნენ. მიუხედავად ამისა, ისინი ქვეყნისა და მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა სიაში არიან და კიდევ უფრო მეტისთვის იბრძვიან. ახლა ერთადერთი და ყველაზე მთავარი იარლიყი მათთვის არის “ოლიმპიელი”.

გარდა ამ ვიდეორგოლისა, Mini–ს კამპანია #DefyLabels თითოეული ამერიკელი სპორტსმენის ისტორიასა და წარმატების საიდუმლოს ცალ–ცალკე გვიამბობს.

სერენა უილიამსი მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია, რომელმაც თავისი სპორტული კარიერა ჩოგბურთის ჩვეულებრივ მოედანზე დაიწყო. ის მიმართავს ახალგაზრდა სპორტსმენებს და მოუწოდებს მათ, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, მიუხედავად ყველა იარლიყისა, მოუსმინონ მხოლოდ საკუთარ გულისთქმას და იარონ წინ.

 

 

მოფარიკავე ქალი იბტიჰაჯ მუჰამედი, რომელიც ყოველთვის ტრადიციული ჰიჯაბით ასპარეზობს, ყვება, როგორ უჭირდა საზოგადოებრივი აზრის გამო წარმატებისკენ სვლა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მან არც საკუთარ მიზნებზე თქვა უარი და არც თავის რელიგიურ ტრადიციებზე. ის დღეს ოლიმპიელია.

 

 

რაგბის ერთ–ერთი გამორჩეული ვარსკვლავი კარლინ ისლესი. მას განათლების არქონისა და პატარა სიმაღლის გამო იწუნებდნენ, მაგრამ დღეს ისიც ოლიმპელია.

 

 

სამგზის ოლიმპიელი ჩემპიონი ჯეიკ გიბი, რომელსაც უკვე “ბებერი” უწოდეს და რომელმაც 2 ჯერ დაამარცხა სიმსივნე, ახლა ისევ ოლიმპიელია.

 

 

მორგან კინგი, შესახედავად პატარა გოგონა, რომელიც მძიმე წონას ეჭიდება, მიუხედავად ყველა იარლიყისა, ერთ–ერთი საუკეთესო ოლიმპიელია.

 

 

კაროლ ბალდერასი, კლარისა შილდსი, კალენ ჯონსი, ნაკრების დანარჩენი წევრები არიან, რომლებსაც ასევე მოუწიათ სტერეოტიპების დამსხვრევა. დღეს ისინი საუკეთესოთა შორის საუკეთესოების სიაში არიან და რაც მთავარია, ისინიც ოლიმპიელები არიან.

 

 

Mini–ს მთავარი გზავნილი აშკარაა: არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიხარ, რა ფერის კანი გაქვს, რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ, გაქვს საკმარისი წონა, სიმაღლე, განათლება, თუ არა, მთავარია, საკუთარ საქმეში იყო საუკეთესო, უსმინო მხოლოდ საკუთარ თავს და იარო დასახული მიზნისკენ. ამის შემდეგ დამკვიდრებული პარადიგმები ისევე მარტივად დაიმსხვრევა, როგორც გაჩნდა.

განხილვა