in ,

Degustate.com – ქართული პერსონალიზებული ღვინის ონლაინ კლუბი

Startauperi
Startauperi

მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში, ერთ-ერთი ყველაზე ჩქარი და ეფექტიანი გაყიდვების დინამიკა კლუბური გაყიდვების სისტემას აქვს. საქართველოში პროდუქციის რეალიზების ეს ხერხი, ღვინის კომპანიების მიერ, კარგად არაა ათვისებული. Degustate არის ქართული პერსონალიზებული ღვინის ონლაინ კლუბი, რომელიც მომხმარებელთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებას ცდილობს – ღვინის მოყვარულებს აძლევს საშუალებას, თვითონ შეარჩიონ სასურველი სახეობისა და გემოვნური თვისებების ღვინო. კომპანიას საკუთარი ნაწარმი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზარზე, კლუბური გაყიდვის გზით გააქვს. ღვინის კლუბის ბიზნეს მოდელის, მისი ალგორითმისა და სამომავლო გეგმების გასარკვევად, მარკეტერი Degustate-ის დამფუძნებელს – ნოდარ ბაღიშვილს ესაუბრა:

M: როდის შექმენით Degustate და როგორია მისი კონცეფცია?
degustate, როგორც კომპანია შეიქმნა 2016 წლის ბოლოს. მისი კონცეფცია მოიცავს ონლაინ ღვინის კლუბის იდეას, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი რეგისტრირდება ჩვენს საიტზე, ქმნის Palate Profile-ს, იხდის სააბონენტო თანხას, არჩევს სასურველ პროდუქციას; შესაბამისად, ყოველთვიურად, სახლში მისდის საკუთარი გემოვნებით შერჩეული ღვინო. ევროკავშირის მასშტაბით ორი სამუშაო დღის განმავლობაში. გარდა ამისა, მომხმარებლებს ეძლევათ კომენტირების, რეკომენდაციების გაცემისა და შთაბეჭდილებების გაზიარების შესაძლებლობა, კლუბს შიგნით.

M: როგორია კლუბური გაყიდვის პრაქტიკა მსოფლიოსა და საქართველოს ღვინის ინდუსტრიაში?
ღვინის ინდუსტრიაში, ყველაზე ჩქარი გაყიდვების დინამიკა მსოფლიოში აქვს კლუბურ გაყიდვებს. ეს არის გლობალურად ყველაზე მზარდი არხი. ეს არხი განსაკუთრებულად კარგად პატარა მწარმოებლების სასიკეთოდ მუშაობს. საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, არის საკმაოდ პოზიტიური ტრენდები წარმოებასა და ვენახების გაშენებასთან დაკავშირებით, თუმცა ცუდია, რომ გაყიდვების მხრივ, ისევ, ასე ვთქვათ, ბნელა. ჩვენ ვართ ecommerce (ელ. კომერცია) კომპანია, რომელიც მუშაობს ამ ინდუსტრიის განსავითარებლად, მომხმარებელთან გვაქვს უშუალო კონტაქტი და მათზე მორგებული, კლუბური სისტემა.M: პროდუქციას საიდან იღებთ? მხოლოდ ქართული ღვინის რეალიზებას ეწევით?
ღვინოს ვაწარმოებთ და თან პარტნიორების პროდუქციიდან ვარჩევთ სხვადასხვა ღვინის სახეობას. მუდმივად მზარდი პოზიციების ჩამონათვალი გვაქვს, ყოველთვიურად, დაახლოებით, 3 ახალი პოზიცია ემატება. ცალსახად, მხოლოდ ქართულ ღვინოებს ვთავაზობთ მომხმარებელს. ვარჩევთ მწარმოებლებისგან ღვინოს და ვაწარმოებთ ღვინოს იმისათვის, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ მისი გემოვნების შესაბამისი პროდუქტი.

M: საფასო პოლიტიკა როგორი გაქვთ და რა ვალუტაში ხდება ანგარიშსწორება?
დაახლოებით, 13 ევროდან იწყება ბოთლის ღირებულება. გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამის ვალუტაში ხდება ანგარიშსწორება.

M: ძირითადად ვინ არიან
Degustate-ის კლუბის წევრები და ამ ეტაპზე რამდენი წევრი გყავთ?
მიზნობრივ აუდიტორიას მოიცავენ, დაახლოებით, 30-დან 50 წლამდე, საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე პირები. ძალიან ჯანსაღი და მზარდი დინამიკა გვაქვს. ამ ეტაპზე ციფრებისგან თავს შევიკავებ.M: რომელ ქვეყნებშია შესაძლებელი თქვენი მომსახურების მიღება?
 ეს ყველაფერი მუშაობს საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში. წლის ბოლომდე, უნდა დავფაროთ მთელი ევროპა. დაახლოებით, 750 მილიონ ადამიანზე გვექნება წვდომა. შეკვეთიდან 2  სამუშაო დღეში, ევროკავშირის მასშტაბით იქნება შესაძლებელი ჩვენი პროდუქციის მიღება.

M: გარდა პროდუქციაზე წვდომის გეოგრაფიის გაფართოებისა, რა მიმართულებით გეგმავთ განვითარებას?
ვაპირებთ ასორტიმენტის გაზრდას, ახალი პოზიციების დამატებას, ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გაყიდვას. შეიძლება ითქვას, რომ ღვინის მიმართულებით, მცირე და საშუალო ბიზნესს, მივცემთ საკუთარი ნაწარმის ევროპულ ბაზარზე რეალიზების უნიკალურ შანსს.

როგორ შეიძლება შეცვალოს კუპიურამ საზოგადოების დამოკიდებულება უსახლკარო ადამიანების მიმართ?

ფერების მომნუსხველი განზომილება – Sherwin-Williams–ის საღებავების არაჩვეულებრივი ვიდეორგოლი