3
Jul
2019

დიმიტრი დეკანოზიშვილი Smava-ს სტრატეგიული და კორპორაციული განვითარების სინიორ მენეჯერი გახდა

3 Jul 2019

მარკეტინგისა და მენეჯმენტის სპეციალისტი დიმიტრი დეკანოზიშვილი გერმანული ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Smava-ს სტრატეგიული და კორპორაციული განვითარების სინიორ მენეჯერად დაინიშნა. Smava ყოველწლიურად, მომხმარებელს 2 მლრდ ევროზე მეტი სესხის აღების საშუალებას აძლევს. ამავდროულად, კომპანიას, ყოველწლიურად, 80%-იანი ზრდა აქვს. პლატფორმაზე მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ შეადარონ და იქვე აიღონ გერმანიაში არსებული ყველა ძირითადი ბანკის სამომხმარებლო სესხი. დიმიტრი, ახალ პოზიციაზე, კომპანიის სწრაფი ზრდისთვის შესაბამისი სტრატეგიული ინიციატივების წამოწევაზე და ახალი პროდუქტების შექმნაზე იმუშავებს.

Smava-სთან დიმიტრი დეკანოზიშვილი 2018 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიაში Freie Universität Berlin-სა და HEC Paris-ის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში მოხვდა, როდესაც მეგობრებთან ერთად, ფინანსური ტექნოლოგიების ბაზრის შესწავლა და განხილვა დაიწყო. როგორც თავად ამბობს, ეძებდა კომპანიას, რომელიც ინდუსტრიაზე სწრაფად ვითარდებოდა, ფუნდამენტურად ცვლიდა მომხმარებლის ქცევას და ამავდროულად, ბერლინში ჰქონდა მთავარი ოფისი.

“ახალი პოზიცია საშუალებას მაძლევს, აქტიურად და დამოუკიდებლად ვიმუშავო კომპანიის ახალი ბიზნეს მიმართულებების შექმნაზე, სხვადასხვა მოთამაშეებთან აქტიურ კოოპერაციასა და არსებული სტრუქტურების გაუმჯობესებაზე. ყოველდღიური მუშაობისას, განსაკუთრებით, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში შეძენილი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი მეხმარება,” – ამბობს დიმიტრი დეკანოზიშვილი.

M: როგორია გამოწვევები ახალ პოზიციაზე?

ორას მილიარდ ევროზე დიდი მოცულობის სამოხმარებლო სესხების გერმანული ბაზრის დიჯიტალიზაცია ახალ გამოწვევებს ნიშნავს. მუდმივად ცვლად გარემოში, ექსპერიმენტები, მონაცემების ღრმა ანალიზი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი კრიტიკულია. ფინანსური ტექნოლოგიების ბაზრის მაგალითზე ნათლად ჩანს, თუ როგორ ცვლიან სწრაფად მზარდი სტარტაპები ტექნოლოგიებისა და ახალი მიდგომების მეშვეობით ტრადიციულ ფინანსურ ეკოსისტემას. მათ შორის, ნეო-ბანკები, როგორებიცაა N26 ან Monzo, და open banking-ისკენ მიმართული რეგულაციები, თუნდაც PSD2, ინდუსტრიას ხელს უწყობენ პროცესების საგრძნობლად გამარტივებაში და მომხმარებლებისთვის ისეთი ახალი სერვისების შეთავაზებაში, რომელთა შეთავაზება აქამდე შეუძლებელი იყო. ვფიქრობ, ინდუსტრია კიდევ უფრო საინტერესო გახდება და აჩქარდება, მას შემდეგ, რაც დიდი ტექნოლოგიური კომპანიები აქტიურად ჩაერთვებიან თამაშში, რის პირველ მაგალითებსაც Google Pay/Apple Pay-ს მიღმა, Facebook-ის მომავალი ვალუტა Libra ან Apple Card წარმოადგენს.

M: Smava-სთან თანამშრომლობის გამოცდილების საფუძველზე, შეაფასე, რისი სწავლა შეუძლია ამავე სფეროში მომუშავე ქართულ კომპანებს Smava-სგან?

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჰიპოთეზების ჩამოყალიბება, მონაცემების დაგროვება და მათ დატესტვა. მსგავსი პრობლემებისადმი მიდგომა არა მხოლოდ საშუალებას გვაძლევს მარტივად ვიპოვოთ ფუნდამენტური დაშვებები და ინსაითები, არამედ სრულიად ახალ, ეფექტურ აზროვნების მეთოდს გვთავაზობს. გადაწყვეტილებების უმრავლესობის მიღება სწორედ რომ მონაცემებზე დაფუძნებითაა შესაძლებელი და თუ რაიმეს შესახებ ინფორმაცია იმ მომენტში არ არის ხელმისაწვდომი, ფოკუს ჯგუფები, მუდმივი ბაზრის კვლევები და ექსპერიმენტები ძალიან დიდ ღირებულებას ქმნის და ხშირად ბევრად ეფექტურია, ვიდრე ერთი ადამიანის, ხშირად მხოლოდ იერარქიით მაღალი პირის, სუბიექტური აზრი. ასევე, მსგავსი მიდგომა თითოეულ თანამშრომელს საშუალებას აძლევს შექმნას ჰიპოთეზები დამოუკიდებლად და თუ მოხდება მათი სანდო მონაცემებით გამყარება, ეს გახდება ის სიმართლე, რაზეც კომპანიის თანამშრომლები შეთანხმდებიან.

გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ყოველდღიური stand-up-ები დღის პირველ ნახევარში და ყოველკვირეული მიზნების დასახვა პროცესებსა და ინფორმაციის გაცვლას ჯგუფის შიგნით საგრძნობლად აჩქარებს. ეს ყველაფერი განსაკუთრებით ეფექტურია, თუ ჯგუფის წევრები შედეგზე და არა პროცესზე ორიენტირებულად განიხილავენ ყველა იმ ძირითად აქტივობას, რომლის გაკეთებას ისინი იმავე დღეს ან კვირის განმავლობაში აპირებენ.

განხილვა