“მეც მინდა ასეთი ბალიშები”; “ ბავშვების სახელებს კერავენ ბალიშებით? “; “თითო ბალიში რა ღირს? “; -ეს და სხვა კითხვები ჰქონდათ სოციალური ქსელის მომხმარებლებს. მათი დაინტერესება 22 წლის მარიამ ზაქაიძის ხელნაკეთმა ბალიშებმა გამოიწვია, რომელიც ამ საქმიანობას სულ რაღაც ერთი თვის წინ შეუდგა და დასაწყისში არც ფიქრობდა, რომ ხელს ბიზნესს ჰკიდებდა.
“დეკორატიული ბალიშები”, ამ სახელწოდებით შექმნილი ფეისბუქ გვერდი უკვე ბევრ მომხმარებელს აკავშირებს მუსიკალური ფაკულტეტის სტუდენტთან. მარიამ ზაქაიძე MARKETER-ს შემთხვევით დაწყებული ბიზნესის შინაარსზე ესაუბრა.
M: მარიამ, როგორ დაიწყეთ ხელნაკეთი ბალიშების გაყიდვა?
დასაწყისში ბალიშებს ჩემი პატარა შვილისთვის ინტერნეტში ვეძებდი. შემდეგ ვიფიქრე რომ მისი გაკეთება მეც შემეძლო. დედასთან ერთად დავამზადე და იმდენად კარგი გამოვიდა, რომ მომინდა მეგობრებს შეეფასებინათ. ამიტომ სოციალურ ქსელში, ჯგუფში ჩავაგდე ფოტოები. მათ ისე მოეწონათ, რომ შემიკვეთეს. ამით მივხვდი, რომ ეს საქმე შეიძლებოდა ჩემი შემოსავლის წყარო გამხდარიყო. შემდეგ უკვე ფეისბუქ გვერდიც გავაკეთე და ამ ეტაპზე ვიღებ უფრო მეტ შეკვეთას, ვიდრე საერთოდ ველოდი.
M: პირველად დაამზადეთ საკუთარი ხელით ბალიშები?
ასეა. თავიდან დედა ძალიან დამეხმარა, რადგან კერვა ეხერხება. ახლაც საქმეს ვიყოფთ, ვისაც სცალია, ის ამზადებს შეკვეთას. დაახლოებით ერთი თვეა, რაც ამ საქმეს მოვკიდე ხელი.
M: მომხმარებლის დაინტერესება თავიდანვე მაღალი იყო?
სოციალურ ქსელში პირველივე სურათის გამოქვეყნებიდან ძალიან ბევრმა მომწერა, რომ თავადაც უნდოდა მსგავსი დეკორატიული ბალიში. მომხმარებელი ყოველთვის იქნება დაინტერსებული, დარწმუნებული ვარ.
M: როგორ აწვდით ხმას მომხმარებელს?
ფეისბუქ გვერდის და მეგობრების დახმარებით. ყველა შეკვეთას სურათს ვუღებ და ფეისბუქ გვერდზე ვათავსებ.
ძირითადად კმაყოფილ კლიენტს თავისი მეგობარი მოჰყავს.
M: რთულია მუშაობის პროცესი?
საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს თარგის გამოჭრა, შეკერვა, მასალის მოძიება და ა.შ. დიდი დრო მეხარჯება, მაგრამ მიღირს. ვცდილობ კლიენტი კმაყოფილი იყოს, ამიტომ ყველაფერს ვუთანხმებ-ფერს, ზომას, ნაჭერს… თუ ინტერნეტით ვერ ხერხდება შეხვედრა, ვხვდები და დეტალურად ვგეგმავთ. ყოფილა შემთხვევა შეკვეთა თავიდან გამიმზადებია, რადგან კლიენტს ფერები არ მოსწონებია. ვცდილობ ყველაფერი მართლა ხარისხიანად გავაკეთო, რომ სხვაგან არ წავიდეს ერთი კლიენტიც კი.
M: კონკურენტები შესწავლილი გყავთ?
ამ მხრივ კონკურენცია დიდი არ არის, მაგრამ კლიენტებს უთქვამთ, რომ სხვაგან უფრო დაბალ ფასად უნახავთ იგივე პროდუქტი. სტანდარტული ზომის ერთი ბალიში ჩემთან 8 ლარი ღირს. ზოგს 5 ლარად აქვს, მაგრამ როცა სხვისი ნამუშევარი მინახავს, განსხვავება ჩემსა და მათ პროდუქტს შორის აშკარაა. ჩემი უფრო ფუმფულა ბალიშია, გამოყვანილი გვერდებით, დიდი ზომის. ამიტომ მომხმარებელიც საბოლოოდ თავად ირჩევს ვისთან ურჩევნია შეკვეთის გაკეთება.
M: ბიზნეს სისტემად ჩამოაყალიბეთ თქვენი პროდუქტი თუ ჯერ არა?
ამ ეტაპზე მხოლოდ მომხმარებლის შეკვეთზე ვარ დამოკიდებული. თუ გაიზრდება მათი რაოდენობა და შეკვეთებს მხოლოდ მე და დედა ვეღარ გავუმკლავდებით, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მსგავსი არაფერი გამიკეთებია და არც განათლება მაქვს ამ მხრივ, ბიზნეს სისტემის აწყობაზე ვიფიქრებ.
M: შემოსავლიანია ეს საქმე?
რა თქმა უნდა. ასე, რომ არ იყოს, მაშინ არ გავაკეთებდი ამ საქმეს.
M: რას გეგმავთ უახლოეს მომავალში?
ვფიქრობ სხვადასხვა ფორმის ბალიშებიც შევთავაზო მომხმარებელს. ამ ეტაპზე ამ საქმეს მივყვები. წინასწარ მიძნელდება ვთქვა სამომავლოდ რას ვგეგმავ ამ მხრივ, თუმცა ალბათ დრო მაჩვენებს.