in

როგორ აპირებს ხის ხელნაკეთი საათების ქართული სტარტაპი კონკურენტულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას? – Delonix

Startauperi
Startauperi

 

Delonix ხის ხელნაკეთი საათების სტარტაპია, რომელიც სხვადასხვა პროფესიის მეგობრებმა შექმნეს. ამ სფეროში კონკურენცია საკმაოდ დიდია, მსგავს პროდუქციას რამდენიმე კომპანია ამზადებს და თითოეული მათგანი საკუთარი უპირატესობის ხაზგასმას ცდილობს. Delonix-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბექა მახარობილიშვილი ამბობს, რომ მათი აქსესუარი სადა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა, სამომავლოდ კი გრავირების მომსახურების დამატებას გეგმავენ, რაც, მისი აზრით, პროდუქციას იდეალურ საჩუქრად აქცევს.

როგორ შეიქმნა Delonix, როგორ აპირებენ, კონკურენტებთან შედარებით, უპირატესობის მოპოვებას და რას გეგმავენ სტარტაპის განვითარებისთვის – ამ საკითხებზე მარკეტერს ბექა მახარობილიშვილი ესაუბრა: “Delonix-ის შექმნის იდეა 2016 წელს დაიბადა, მაშინ მე და ჩემი მეგობრები, ლევან კირცხალია, ლუკა მახარობლიშვილი, ჯერ კიდევ სტუდენტები ვიყავით. სამივეს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პროფესია გვაქვს. თუმცა, დიდი ხანია საათების მიმართ ინტერესი ჰობად გვექცა. ერთხელ, ჩვენი საყვარელი ფირმის საათების ახალ მოდელებს ვათვალიერებდით, ვნახეთ ბრენდ Jord-ის სრულიად განსხვავებული სტილის ხის საათები. ძალიან მოგვეწონა. გაგვიჩნდა იდეა, ჩვენც შეგვექმნა ქართული წარმოების, ხის, სადა და დახვეწილი დიზაინის  ხელნაკეთი საათები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა ქართველი მომხმარებლისთვის. ნელ-ნელა დავიწყეთ მზადება მცირე ბიზნესის დასაწყებად. მე ხეზე მუშაობის გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა, ასევე ვიცნობდი ამ საქმის რამდენიმე გამორჩეულ პროფესიონალს, რომლებიც მალევე ჩემ გარშემო შემოვიკრიბე. ლუკა ახლაც სამხატვრო აკადემიის სტუდენტია და დაუღალავად მუშაობდა თითოეული ჩვენი მოდელის დიზაინზე, ლევანი კი ფინანსების მოძიებაზე, პატარა სახელოსნოს შექმნასა და სხვა ტექნიკურ დეტალებზე ზრუნავდა. ახლა დიზაინზე, როგორც წესი სამხატვრო აკადემიის რამდენიმე სტუდენტი მუშაობს, ლუკასთან ერთად. მას შემდეგ, რაც ყველა ერთად განვიხილავთ დიზაინს და სხვა ტექნიკურ დეტალს, უკვე იწყება საათის უშუალო დამზადება, რაშიც, როგორც წესი, 2-3 ადამიანია ჩართული. ერთი მოდელის დასამზადებლად საკმაოდ დიდი ძალისხმევაა საჭირო. რაც შეეხება სახელს, Delonix regia იშვიათი ჯიშის, ძალიან ლამაზი და დახვეწილი  დეკორატიული ხეა, რომელიც ძირითადად ტროპიკულ გარემოში იზრდება. არჩევანი სწორედ ამ სახელზე შევაჩერეთ, გვინდა ჩვენი პროდუქციაც სწორედ დახვეწილობასთან და განსაკუთრებულობასთან ასოცირდებოდეს.

M: რა სეგმენტზეა გათვლილი და სად იყიდება თქვენი საათები?

Delonix მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილი დიზაინის მქონე ხის საათებს. ჩვენი პროდუქცია თავიდან ბოლომდე ხელნაკეთია, რაც მის თითოეულ მოდელს განსაკუთრებულს ხდის. იგი განკუთვნილია ნებისმიერი სქესის, ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის. Delonix-ის პროდუქციის შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ ინტერნეტით, ფეისბუქის საშუალებითაა შესაძლებელი, თუმცა, მალე ჩვენი სტენდი შესაძლოა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრშიც განვათავსოთ.

M: მოთხოვნა თუ არის თქვენს პროდუქციაზე?

დაინტერესება ნამდვილად შესამჩნევია. უკვე გვყავს რამდენიმე ერთგული კლიენტი და ვიმედოვნებთ, რომ მოთხოვნა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.

M: ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. თქვენი სტარტაპი რითაა გამორჩეული?

ჩვენს სფეროში, ქართული ბაზრის კვლევამ, სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოდ გაგვაოცა, საკმაოდ კონკურენტუნარიანი გარემო დაგვხვდა. უნდა ვაღიაროთ, რომ რამდენიმე ძალიან ღირსეული კონკურენტი გვყავს, რომელთაც ასევე ახლახანს წამოიწყეს სტარტაპი. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს სულაც არ არის ცუდი. პირიქით, კარგიცაა, რამდენადაც ჯანსაღი კონკურენცია მოდუნების საშუალებას არ მოგვცემს და მუდმივი განვითარებისკენ გვიბიძგებს, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენ კონკურენტებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდება ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია.

M: Delonix რითია გამორჩეული, ასეთი კონკურენტული გარემოს პირობებში, რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა თქვენი პროდუქცია?

ჩვენი პროდუქცია გამორჩეულია იმით, რომ იგი თავიდან ბოლომდე ხელნაკეთია. გარდა ამისა, იგი გამოირჩევა სიმსუბუქით, უბრალოებითა და დახვეწილი დიზაინით.

M: სამომავლოდ რას გეგმავთ, როგორ აპირებთ სტარტაპის განვითარებას?

პირველ რიგში, გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ ცნობადობა ჩვენი სტარტაპის მიმართ. ვმუშაობთ ონლაინ პლატფორმის შექმნაზე, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თავად მიიღონ მონაწილეობა მათთვის სასურველი საათის მოდელის დიზაინის შექმნაში. უახლოეს მომავალში ვაპირებთ, დავამატოთ გრავირების მომსახურება, რაც ჩვენ პროდუქციას უფრო განსაკუთრებულს გახდის და იდეალურ საჩუქრად აქცევს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაზეც დაუღალავად ვმუშაობთ ჩვენი ახალი კოლექციაა, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება.

23 წლის გოგონა, რომელმაც IKEA-ს კატალოგი ზეპირად იცის!

ფოტოპრინტერი მნიშვნელოვანი მომენტების დასამახსოვრებლად! – HP-ის ემოციური ვიდეორგოლი