ყოველი 10 ადამიანიდან, რომელიც Delta Air Lines-ით დაფრინავს, მხოლოდ ოთხი არის ავიაკომპანიის ლოიალობის პროგრამის SkyMiles-ის წევრი. ეს სტატისტიკა კი ხაზს უსვამს ავიაკომპანიის შესაძლებლობას, რათა გაზარდოს პირველი მხარის მონაცემები და მდიდარი ფრენის გამოცდილებაც უზრუნველყოს. ამისთვის ერთ-ერთი გზა SkyMiles-ის წევრებისთვის უფასო Wi-Fi-სა და სხვა გასართობი ვარიანტების შეთავაზება შეიძლება იყოს. პირველი მათგანი კი, როგორც CES 2023-ზე თქვეს, თებერვალში ამოქმედდება!
ეს პირველი ნაბიჯია უფრო დიდი ცვლილებებისკენ, რათა Delta გასართობ სივრცედ გადაიქცეს, რომელიც მგზავრებს ვიდეოებზე, თამაშებსა და ახალ ამბებზე მისცემს წვდომას. ცვლილებები აპრილიდან დაიწყება — პლატფორმა Delta Exclusives პარტნიორებთან ერთად გაეშვება, რომელთა შორისაც New York Times Games-ს, Paramount+-ს, Atlas Obscura-სა და Resy-ს შეხვდებით.
საინტერესოა ისიც, რომ ფრენის გასართობ პლატფორმაზე კომპანია მომხმარებელთა მონაცემებსა და ჩართულობის ისტორიას იყენებს, რასაც Delta Sync ეწოდება. მსგავსად, იგი მომხმარებლებს მათზე მორგებულ კონტენტს სთავაზობს.
„Wi-Fi ჩვენს ეკოსისტემაში შემოსვლის საშუალებას გაძლევთ, Delta Sync კი რაღაცას პერსონალურად თქვენთვის ქმნის, ისინი გიცნობენ, გხედავენ და სურთ, თქვენთვის უნიკალური გამოცდილება შექმნან. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ავიაკომპანია პერსონალიზებისთვის შესანიშნავი პლატფორმაა. მართლაც, ჩვენ ვაცოცხლებთ იმას, რაც მოგზაურობის საზღვრებს სცდება“, — აცხადებს რანჯან გოსვამი, Delta-დან.
The New York Times-ში კი ამბობენ, რომ მათთვის ეს პარტნიორობა ცნობადობის გაზრდას ემსახურება. ალბათ, ფიქრობთ, რომ ამის საჭიროება არ დგას, მაგრამ, როგორც კომპანიაში ამბობენ, ისინი ცნობილები ახალი ამბებითა და პოლიტიკით არიან. ადამიანებმა კი არ იციან, რომ მათ თამაშები, New York Times Cooking, Wirecutter და The Athletic-იც აქვთ.
ბუნებრივია, პანდემიის შემდგომ ავიაკომპანია კვლავ არსებული პოზიციის დაბრუნებისთვის იბრძვის, თანაც, Delta-მ აღმოაჩინა, რომ დღეს 300 მილიარდი დოლარის მოგზაურობის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა არსებობს.











