საქართველოს 2019 წლის ჩემპიონმა საკალათბურთო გუნდმა „დელტა“ სახელი შეიცვალა და ახალი, 2019-2020 წლის სეზონიდან, „ცხუმ-აფხაზეთის“ სახელით იასპარეზებს. როგორც კლუბში აცხადებენ, მათთვის დიდი პატივია საქართველოს ისტორიული და განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის სახელით საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ჩემპიონატში – სუპერლიგაში ასპარეზობა.
სახელის ცვლილებამ, შესაბამისად, ვიზუალური იდენტობისა და სტილის განახლებაც მოითხოვა და სკ ცხუმ-აფხაზეთის ლოგოს დიზაინი და სტილი კრეატიულ სააგენტო „ბრენდითს“ მიანდეს.
ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ იალქანი და ტალღები ლოგოში აუცილებლად ყოფილიყო. ბრენდითმა ლოგოში ბურთი და A-ც ჩასვა და მივიღეთ ლოგო, რომელიც ძალიან მოგვწონს და ვიმედოვნებთ, რომ გუნდის ქომაგებისა და საკალათბურთო საზოგადოების მოწონებასაც დაიმსახურებს. ჩვენ და სააგენტო brandit-მა მეგობრობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რაც სამომავლო თანამშრომლობას გულისხმობს“- აცხადებს კლუბის პრეზიდენტი, ირაკლი შარვაძე.
შეგახსენებთ, რომ სკ „დელტა“ 2016 წელს შეიქმნა და 2016-2017 წლის სეზონში, სუპერლიგის საგზური მოიპოვა.
2018-2019 წლებში დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული გახდა, ასევე, საქართველოს თასის ნახევარფინალისტი, ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალისტი და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის – სუპერლიგის გამარჯვებული.
საქართველოს კალათბურთის ისტორიაში, გუნდი ერთადერთია, რომელმაც მოახერხა, ა-ლიგისა და სუპერლიგის ჩემპიონატი მოეგო და ამისთვის, შექმნიდან სამ წელში მიეღწია, – ირაკლი შარვაძე.
ამიერიდან კი, გუნდი „ცხუმ-აფხაზეთის“ სახელით იასპარეზებს და იმისთვის იბრძოლებს, რომ წარმატებებს როგორც საქართველოში (სუპერლიგა, ეროვნული თასი და ზემოაღნიშნული მემორიალები), ისე საერთაშორისო ტურნირებზეც მიაღწიოს.