in

კვლევამ ადრეული დემენციის 15 რისკ-ფაქტორი გამოავლინა

მართალია, დემენცია ბევრად უფრო ხშირია ხანდაზმულებში, მაგრამ ყოველწლიურად უკვე ათასობით ახალგაზრდას უსვამენ ამ დიაგნოზს (YOD)… რატომ ხდება ასე? ახალი კვლევა სწორედ ამ კითხვაზე ცდილობს პასუხის პოვნას. თუ ადრეული ნაშრომები ამ საკითხს უფრო მეტად გენეტიკას უკავშირდება, ახლა გუნდმა შეძლო იმ 15 განსხვავებული ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობის ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც ახალგაზრდობაში დემენციის გამოვლენის რისკებს უკავშირდება. 

M2
M2

ამ ტიპის ყველაზე დიდი კვლევაა, რომელიც ოდესმე ჩატარებულა. საოცარია, რომ იგი პირველად ავლენს, თუ რა ფაქტორებს უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ მდგომარეობის რისკების შესამცირებლად, — განმარტავს დევიდ ლუელენი, ეპიდემიოლოგი.

მკვლევართა ჯგუფმა გაერთიანებულ სამეფოში 65 წლამდე 356 052 ადამიანის მონაცემი გააანალიზა. დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, სოციალური იზოლაცია, სმენის დაქვეითება, გულის შეტევა, დიაბეტი, გულის დაავადებები და დეპრესია YOD-ის მაღალ რისკთან იყო დაკავშირებული. D ვიტამინის დეფიციტი და C-რეაქტიული ცილის მაღალი დონე, რაც ანთების საპასუხოდ წარმოიქმნება, ასევე მაღალ რისკს უკავშირდებოდა ზუსტად ისე, როგორც ApoE4 ε4 გენის ორი ვარიანტის არსებობა…

ახალგაზრდებზე დემენცია სერიოზულად ზემოქმედებს, რადგან ამ ადამიანებს ჩვეულებრივ აქვთ სამსახური, ცხოვრების დატვირთული რეჟიმი, ჰყავთ შვილები… ხშირად მიიჩნევენ, რომ ამას გენეტიკა განაპირობებს, მაგრამ ბევრი პაციენტის შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით ზუსტი მიზეზი. სწორედ ამიტომ გვინდოდა, გამოგვეკვლია სხვა რისკ-ფაქტორები ჩვენს ნაშრომში, — აცხადებენ მეცნიერები. 

საინტერესოა ისიც, რომ მკვლევრები ახალგაზრდებში დემენციის გამოვლენასა და ალკოჰოლის ურთიერთობას კომპლექსურს უწოდებენ — მართალია, ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებამ რისკები გაზარდა, მაგრამ ზომიერი ოდენობა შემცირებულ რისკებს უკავშირდება. ეს კი, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ამ მეორე ჯგუფის ადამიანები ჩვეულებრივ უფრო ჯანმრთელები არიან. ხოლო ფორმალური განათლების მაღალი დონეები და დაბალი ფიზიკური სისუსტე, YOD-ის დაბალ რისკს უკავშირდება. ეს ყველაფერი  ერთად კი ხელს უწყობს ადრეულ ასაკში დემენციის გამოვლენის შესახებ არსებული ცოდნის ხარვეზების შევსებას.

ჩვენ იმ ადამიანების კვლევიდან, რომელთაც დემენცია ასაკში განუვითარდათ, ვიცოდით, რომ მრავალი ცვლადი რისკ-ფაქტორი არსებობს. ფიზიკურ ფაქტორებთან ერთად კი მენტალური ჯანმრთელობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რაც მოიცავს ქრონიკული სტრესის, მარტოობისა და დეპრესიის თავიდან არიდებას, — განმარტავს სებასტიან კოჰლერი, ნეიროეპიდემიოლოგი. 

მიღებული შედეგები უფრო დეტალური სურათის შედგენაში გვეხმარება. მიზეზების შესახებ უფრო მეტი ცოდნა უკეთესი მკურნალობის მეთოდებისა და პრევენციული ზომების შემუშავებას ნიშნავს. ზემოთ მოცემული ფაქტორებიდან გამომდინარე კი, დროა, უფრო ჯანსაღი ცხოვრება დაიწყოთ…

 

„მალონგო” – რჩეული ფრანგული ყავის არომატი 1934 წლიდან

Get Ready! — Apple Vision Pro 2 თებერვალს გამოდის